სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მაია კობახიძე დიმიტრი შაშკინს რამდენიმე კითხვით მიმართვს

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების პრეზიდენტი მაია კობახიძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინს რამდენიმე კითხვით მიმართვს. "შეკითხვების ამ ფორმით დასმა ეწინააღმდეგება ჩემს პრინციპებს, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მაქვს, ვინაიდან თქვენ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირთან, მიუხედავად ჩვენი არაერთგზის მცდელობისა არ თანამშრომლობთ, რითაც უხეშათ არღვევთ "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ჭ" და ,,ხ" ქვეპუნქტებს, რომელთა თანახმად, თქვენ გევალებათ მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად ღონისძიებების დაგეგმვა და მათთან დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობების განსაზღვრა პროფესიულ კავშირებთან თანამშრომლობით.
კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩემს მიერ არაერთგზის გამოთქმულ დადებით პოზიციას განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით. ამასთანავე, გვაქვს პრინციპული პოზიციები რიგ საკითხებთან მიმართებით, რომელიც ჩვენი აზრით, ართულებს მასწავლებლის სოციალურ მდგომარეობას და ლახავს პედაგოგის პატივსა და ღირსებას.
ვსარგებლობ რა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით გარანტირებული სიტყვის თავისუფლებით, საჯაროდ მოგმართავთ კითხვებით და იმედს გამოვთქვამ, რომ ჩემი სხვა მიმართვების მსგავსად უპასუხოდ არ დარჩება ეს მიმართვაც.
1. გთხოვთ განგვიმარტოთ, რა კრიტერიუმებით შეირჩევა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ 2011 წლის სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის გადასამზადებლად 12 000 პედაგოგი, თუკი სასერტიფიკაციო გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია გაიარა მაგალითად, 15000-მა, 20000-მა ან მეტმა პედაგოგმა?
2. როგორც ჩვენთვის ცნობილია, "პროფესიული განვითარების სქემის" მიხედვით, მასწავლებლის სამი კატეგორია განისაზღვრება: მეორე, პირველი და უმაღლესი. მასწავლებლებს, რომლებიც სასერტიფიკაციო გამოცდებს ჩააბარებენ და 21 კრედიტს მოიპოვებენ, ავტომატურად მიენიჭებათ მეორე კატეგორიის მასწავლებლის სტატუსი. მასწავლებელთა კრედიტების დაგროვების პრინციპი გათვლილია 7 წელზე და იგი დროში გაწელილი პროცესია. ეს ნიშნავს იმას, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში ჩვენ არ გვეყოლება პირველი და უმაღლესი კატეგორიის მასწავლებელი. ეს კი საზოგადოებაში დააკნინებს პედაგოგის პროფესიის პრესტიჟს. გთხოვთ გვიპასუხოთ, რატომ იწყება კრედიტების ათვლა თავიდან პედაგოგისათვის, რომელიც რომელიმე კატეგორიას მიაღწევს, მაგალითად პირველ კატეგორიას მიაღწია და სურს უმაღლესი კატეგორიის გახდეს? რატომ კარგავს პედაგოგი კატეგორიას და ერთი საფეხურით ქვეითდება, თუკი იგი საჭიროზე ნაკლები რაოდენობის კრედიტებს დააგროვებს?
3. "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, სპეციალური საშუალებების გამოყენება იკრძალება მცირეწლოვნებისა და ორსულების მიმართ. გთხოვთ განგვიმარტოთ, ისარგებლებენ თუ არა სპეციალური საშუალებებით მანდატურები და თუ ისარგებლებენ, ვის მიმართ უნდა გამოიყენონ მათ ეს საშუალებები სკოლაში, სადაც ძირითადად არასრულწლოვნები და ქალბატონები არიან.
4. "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, მანდატურები სარგებლობენ სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევით და სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებებითა და შეღავათებით.
გთხოვთ, გვიპასუხოთ რატომ განსხვავდება რადიკალურად პედაგოგის სოციალური დაცვის გარანტიები მანდატურთა სოციალური დაცვის გარანტიებისაგან?
5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 11 ოქტომბრის "საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობების დამტკიცების შესახებ" #959 ბრძანებიდან 2010 წლის 04 ოქტომბერს ამოღებულ იქნა ის დებულებები, რომელებიც ითვალისწინებდა სკოლის დირექტორის მიერ მასწავლებელთან მისი ინიციატივით შრომითი ხელშეკრულების მოშლამდე გასატარებელ ღონისძიებებს. გთხოვთ გვიპასუხოთ, რა აუცილებლობით იყო გამოწვეული ბრძანების დებულებების გაუქმება და რატომ არ იყვნენ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმირებულნი მასწავლებლები და პედაგოგთა პროფკავშირი?
6. რატომ არ სრულდება საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის მიმართ, თქვენი 2010 წლის 30 ნოემბრის დირექტორებისადმი მიმართვა, რომელშიც საუბარია პროფესიულ კავშირებთან ურთიერთობების სამართლებრივ მოწესრიგებაზე. რატომ არ უშვებენ სკოლაში საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირის წარმომადგენლებს, მაშინ როდესაც "განათლების პროფესიულ სინდიკატთან" მიმართებაში თქვენი დავალებები სრულდება განუხრელად და ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები პედაგოგებს ხვდებიან საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მაღალი თანამდებობის პირების თანდასწრებით?
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი, 105 წლის ორგანიზაცია, 9 თვე კრიზისშია. იგი მოკლებულია შესაძლებლობას ჩაერთოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის განხორციელებაში. საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის დევნა, პედაგოგების, აღმზრდელების და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების უპატივცემულობაა",-ნათქვამია მაია კობახიძის მიმართვაში. ინტერპრესნიუსი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100