„გასტუკიანი“ კალაძის გაფლანგული დრო და დებატები პირველ არხზე
ამბობენ, დრო ფულიაო. იმასაც ამბობენ, რომ დროის ფუჭად ფლანგვა დაუდევრობის მიმანიშნებელია. მაგრამ პოლიტიკოსისთვის არსებობს კიდევ ერთი დრო, რომელსაც დასავლეთში „ოქროს ფონდს“ ეძახიან და ამ დროს ყველა პოლიტიკოსი თვალისჩინივით უფრთხილდება, რათა მასში თავისი სათქმელი ჩაატიოს.
არცერთ ქვეყანაში, არცერთი სერიოზული (გნებავთ, არასერიოზული) პოლიტიკოსი დებატებში ერთი რომელიმე შეკითხვისთვის განსაზღვრული დროის დარჩენილ ნაწილზე უარს არ ამბობს - ეს დაუწერელი კანონია, რადგან პოლიტიკოსი დებატებზე მიდის იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი სათქმელი მიიტანოს ამომრჩევლამდე, ხოლო დებატების ფორმატი ხშირად დროში ზღუდავს მას. ასეთ დროს, დარჩენილ დროზე უარის თქმა პოლიტიკოსის მხრიდან, მინიმუმ, მის არაკომპეტენტურობაზე მიუთითებს.
ვინც „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ დღეს ოთხი კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის სიის პირველი ნომრების დებატები ნახა, ალბათ, უკვე მიხვდა, რომ დარჩენილ დროზე უარის თქმის „რეკორდი“ „ქართულ ოცნებას“ და მის პირველ ნომერს - კახა კალაძეს ეკუთვნის.
როგორც ჩანს, 48 საათი (სწორედ 48 საათით ადრე ხდება დებატების მონაწილეებისთვის კითხვების გაცნობა, რომლებსაც მათ პირდაპირ ეთერში დაუსვამენ) საკმარისი აღმოჩნდა ყოფილი ფეხბურთელისთვის, რომ ინკოგნიტო „სპიჩრაიტერის“ მიერ დებატების შეკითხვებზე დაწერილი პასუხები „კარგი კითხვით“ ესწავლა.
თუმცა, როცა ჩასაკითხი პასუხი მთავრდებოდა და კალაძეს ხან 1 წუთი და 24 წამი, ხანაც უფრო მეტი რჩებოდა, პოლიტიკაში აშკარად ყურით შეთრეული სამტრედიელი ყმაწვილი საკმაოდ უმწეო ხდებოდა და წამყვანის შეკითხვაზე: „დაასრულეთ, ბატონო კახა?“ მხრებს უხერხულად იჩეჩავდა და პასუხობდა: „დიახ“.
კახა კალაძემ ზედმეტი დრო მხოლოდ ერთხელ გამოიყენა, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველ ნომერს დავით ბაქრაძეს შეკითხვა დაუსვა და რადგან ეს შეკითხვა არ წაუკითხავს და ზეპირად თქვა, მასში შევიდა ფრაზა: „გასტუკიანი კრიმინალები“...
ასე იყო თუ ისე, ცხადია, რომ ამ დებატებში კახა კალაძე მის ბოლო გუნდში, „ჯენოაში“ მოთამაშე, არაქათგამოცლილ მცველს ჰგავდა, რომლის გუნდი უკვე დიდი ანგარიშით აგებს, ხოლო თვითონ მცველი ოცნებობს, ნეტა მალე გაისმას საფინალო სასტვენი...
ისიც საყურადღებოა, რომ კახა კალაძის მიერ შეკითხვებზე გაცემული პასუხები, რომლებსაც ის ბეჯითი მოსწავლის გულმოდგინებით კითხულობდა, გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა, ხშირ შემთხვევაში კი პირდაპირ ასლს წარმოადგენდა ბიძინა ივანიშვილის იმ საჯარო გამოსვლების ტექსტებიდან, სადაც ოლიგარქი „ქართული ოცნების“ პრიორიტეტულ მიმართულებებზე საუბრობს.
როცა კალაძემ შეკითხვა დაუსვა დავით ბაქრაძეს, რეფორმირებულ პენიტენციალურ სისტემასთან დაკავშირებით, პასუხის შემდეგ მიიღო კონტრ-შეკითხვა: „როგორ აპირებს დანაპირების შესრულებას „ქართული ოცნება“, თუკი კოალიციის ლიდერი დღესვე ამბობს, რომ კოალიცია დაიშლება?“.
კახა კალაძემ ბაქრაძეს უპასუხა, რომ ეს არის „სააკაშვილის ჯიბის ჟურნალისტების მიერ გავრცელებული ჭორი“ და რომ კოალიცია დაშლას არ აპირებს, რაც, სხვათა შორის, მისი შეფის პოზიციას ეწინააღმდეგება (ივანიშვილმა კოალიციის შესაძლო დაშლა ოფიციალურად დაადასტურა).
იმის ფონზე, რომ კახა კალაძე დარჩენილ დროს არ იყენებდა, საკმაოდ ტრაგიკული ტონი ჰქონდა შალვა ნათელაშვილს, რომელმაც შეიცხადა, ჩემს ტაიმერზე დრო სხვებზე სწრაფად გარბის და ვიჩაგრებიო, ხოლო მისთვის განკუთვნილი საეთერო დრო ისეთი „მარგალიტების“ თქმას მოანდომა, როგორიცაა:
„ეს ახალი საავადმყოფოები სულ ბლეფია. ისინი შენდება იმ შემთხვევისთვის, ირანს რომ დაარტყას აშშ-მ და დაჭრილ ადამიანებს უმკურნალონ. მანამდე კი პიარისთვის სააკაშვილი იყენებს. საავადმყოფოებში არის ნომრები, რომლებსაც „რედისონის“ ფასი აქვთ და დამალულია“.
ან ასეთი: „სალამი ირანული სიტყვაა და ამ ტერმინს მე არ ვცნობ. ქართულად გამარჯვებას გისურვებთ. სააკაშვილი და ივანიშვილი ეფარებიან თავიანთი თანამშრომლების ზურგს და მათ აგზავნიან დებატებზე“.
“ქარისტიან-დემოკრატების“ სიის პირველი ნომერი, გიორგი თარგამაძე ისევ მასწავლებლებისთვის მინიმალური ხელფასის 900 ლარამდე გაზრდასა და განათლებაში მილიარდის ჩადებაზე ლაპარაკობდა. ამასთან, არც სოციალური საკითხები და ქვეყნის უსაფრთხოება გამორჩენია:
“ბოლო 4 თვის განმავლობაში 400-ზე მეტი შეხვედრა ჩავატარე საქართველოში. ყველა ფიქრობს, რომ იყოს მშვიდობა, აღმოიფხვრას უსამართლობა, რომელიც სააკაშვილს და ნაცმოძრაობას უკავშირდება. ჩვენი ქვეყანა უამრავი გამოწვევის წინაშე დგას, ჩრდილოკავკასიაში დაძაბული სიტუაციაა, წვრთნები ტარდება ჩვენს სიახლოვეს და არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ჩვენი რესურსი შიდა დაპისრიპირებაში დავხარჯოთ“.
ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი დავით ბაქრაძე კონკრეტულ საკითხებს შეეხო, მანამდე კი კმაყოფილება გამოთქვა, რომ ამ დებატებში, პირველისგან განსხვავებით, ოთხივე მხარის წარმომადგენელი მონაწილეობს:
“მივესალმები, რომ პირველისგან განსხვავებით, ამ დებატებში ოთხივე მხარე მონაწილეობს. დღეს საქართველო უკეთესი ქვეყანაა, ვიდრე იყო რვა წლის წინ, მაგრამ ეს არაა საკმარისი. უნდა შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები, ჯანდაცვა გახდეს ხელმისაწვდომი, 3 მილიონი ადამიანი იქნება დაზღვეული, ჩვენ დავეხმარებით ქართულ სოფელს, ქართველ გლეხს. ჩვენი პროგრამა მომავალზეა ორიენტირებული“.
“ყველა არჩევნების მთავარი ფუნქციაა, მეტი სარგებელი მოუტანოს ხალხს. ამ არჩევნებზეც ერთი კითხვა ისმის: ესაა მთავარი კითხვა - შევძლებთ წინ წავიყვანოთ ქვეყანა, თუ დავუბრუნდებით გაყინული პენსიების ეპოქას, რომელსაც გვთავაზობს ქართული ოცნება ბატონი ხუფენიას სახით.
მომავალ 4 წელიწადში ჩვენ დავხარჯავთ 6 მილიარდ ლარს, ეს ნიშნავს, რომ პენსიები გაიზრდება. მე კარგად მესმის ფოთელი ან სხვა ქალაქის პენსიონერის, რომელიც ყოველ დილას შემოსავალზე ფიქრით იწყებს, მაგრამ 2003 წელს ჩვენ დავპირდით მოსახლეობას, რომ პენსიებს გავზრდიდით და მას შემდეგ ის, მინიმუმ, ათჯერ გაიზარდა.
მეტად გაზრდა ჯერ ვერ მოვახერხეთ, რადგან ეს იყო პერიოდი, როცა საქართველოს ბიუჯეტი უამრავჯერ განიცდიდა სეკვესტრს. დღეს სად ბრძანდება ის ფინანსთა მინისტრი, რომელიც წელიწადში ექვსჯერ არეკვესტრირებდა ბიუჯეტს, კარგად ვიცით. მეტად ვერ გავზარდეთ, რადგან იმ დროს ის ადამიანები ხელმძღვანელობდნენ საპენსიო ფონდს, რომლებიც პენსიის ფულს ჯიბეებში იდებდნენ. ჩვენ მოვიყვანეთ ეს ქვეყანა ხუფენიადან დღემდე.
ჩვენ ყველას გვახსოვს საბჭოთა ეპოქა, რომელიც ასე ჰყვარებია ბატონ ივანიშვილს. იქ არასდროს დავბრუნდებით. უახლოეს ორ წელიწადში პედაგოგის საშუალო ხელფასი 600 ლარი უნდა გახდეს. ჩვენ ვზრუნავთ ჩვენი შვილების განათლებაზე, განათლება კი დასაქმების გარანტია უნდა იყოს. გავაგრძელებთ ამ რეფორმებს და არასდროს დავბრუნდებით უკან“.
დავით ბაქრაძე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელტა ინტერგრირების საკითხებსაც შეეხო: "ქსენოფობიურ გამონათქვამებს ხშირად ვისმენთ და არაერთხელ მოგვისმენია კუთხური ნიშნით მოქალაქეების დაყოფის შესახებ... შეგახსენებთ „დეგრადირებული მეგრელებისა“ და „ვაშლის გამყიდველების“ მაგალითს. ჩვენს სიაში არიან ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები.
სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში სამი ქართული ენის სახლი გავხსენით, სადაც ასობით მასწავლებელი ცხოვრობს დ ასწავლის, ასეულობით არაქართველი გახდა სტუდენტი ჩვენს მიერ შემუშავებული ახალი მეთოდით, რომლითაც მათ საშუალება მიეცათ, მშობლიურ ენაზე ჩაებარებინათ გამოცდები“.
“ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველმა ნომერმა ბოლოს ოპოზიციასაც და კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრებ აფხაზებსა და ოსებსაც ერთად დგომისკენ მოუწოდა:
“ხელისუფლებასთან ბრძოლა ნებისმიერი ოპოზიციის ლეგიტიმური ვალდებულებაა, მაგრამ ხელისუფლებასთან ბრძოლა არ უნდა გადაიზარდოს ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლაში. არც აფხაზეთში და არც ცხინვალის რეგიონში ჩვენ არავისთან არაფერი გვაქვს საომარი. ჩვენ ვთავაზობთ მათ მშვიდობას. მე ვიყავი კონფლიქტების მინისტრი და ვიცნობ უამრავ ადამიანს ცხინვალშიც და სოხუმშიც და მინდა ვისარგებლო ამ ეთერით - გავუწოდო მათ სიმბოლურად ხელი და შევთავაზო ერთიან, დემოკრატიულ, ძლიერ სახელმწიფოში, ერთიან საქართველოში ცხოვრება.
რაც შეეხება ემიგრანტების თემას, რომლითაც ზოგი ჩვენი ოპონენტი საკმაოდ ხშირად სპეკულირებს: ემიგრანტები, ეს ადამიანები გახდნენ მაშინ, როცა ქვეყანაში იყო თამაზაშვილის პოლიცია, ხუფენიას პენსია, ონოფრიშვილის ბიუჯეტი და აბაშიძის რეჟიმი, ამიტომ ამ ადამიანების, წარსულის დაბრუნებით ჩვენ ემიგრანტებს ვერ დავაბრუნებთ“.
იხილეთ წყარო: http://www.presa.ge/new/?m=society&AID=19086
კომენტარი