იტალიელმა მოზარდმა „იტალიურ-მეგრული ლექსიკონი შეადგინა“ და ვიდეოგაკვეთილებს ატარებს
ვიდეოპორტალ „იუთუბზე“ ერთი უცნაური ვიდეორგოლი გავრცელდა: იტალიელმა მოზარდმა მეგრული ენის პოპულარიზაცია გადაწყვიტა და ამისთვის ინტერნეტს იყენებს.
ვიდეოს აღწერაში არაა მითითებული არც მოზარდის ვინაობა, არც ქალაქი, სადაც ცხოვრობს. ვიდეოს კომენტატორებში, რომელთა უმრავლესობა ქართველია, ამ რგოლმა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია: ნაწილი მიიჩნევს, რომ აქცენტისა და სახლის ინტერიერის გათვალისწინებით, ბიჭუნა ტიპიური ქართველია, რომელმაც კარგად იცის იტალიური და უბრალოდ, ხუმრობს, მაგრამ უმრავლესობა ასკვნის, რომ მოზარდი ნამდვილად იტალიელია და ეს კილოზეც ეტყობა.
სანამ მეგრულად იგავის თხრობაზე გადავა, მოზარდი იტალიურ ენაზე შესავალს აკეთებს და ამბობს, რომ მეგრული ენა ფრანგულს წააგავს. იქვე მიუთითებს, რომ ფრანგულიც იცის, მერე კი ვებ-კამერაში აჩენს ლექსიკონს, რომელიც იტალიურ-მეგრულ-რუსული ლექსიკონის ერთგვარი ნიმუშია. დაუდგენელია, ეს ლექსიკონი ხელნაწერია თუ სტამბური წესით დაბეჭდილი, მაგრამ ფაქტია, რომ ვიდეოგაკვეთილისთვის მოზარდი სწორედ მას იშველიებს.
რაც შეეხება მეგრულ ენაზე ბიჭის მიერ წარმოთქმულ იგავს, „მეთევზე და თევზი“ გახლავთ და მისი ის ფრაგმენტი, რასაც ბიჭი გაჭირვებით, მაგრამ, ძირითადად, სწორად კითხულობს, ასე გამოიყურება:
„იყო ერთი მოხუცი კაცი და ჰყავდა ერთი შვილი. ერთხელ მეთევზემ სათევზაოდ შვილი გაუშვა. ბიჭმა ბევრი იარა, მაგრამ თევზი ვერ დაიჭირა. ბოლოს ერთი პატარა, მაგრამ ძალიან ლამაზი თევზი დაიჭირა. მეთევზის შვილს შეეცოდა პატარა თევზი და ის ზღვაში ჩააბრუნა. სახლში რომ დაბრუნდა, მეთევზემ ჰკითხა - თევზი დაიჭირეო? შვილმა უპასუხა, ერთი პატარა თევზი დავიჭირე, მაგრამ ძალიან ლამაზი იყო, შემეცოდა და გავუშვიო“.
რედაქციის შენიშვნა: ამ ვიდეოში საინტერესო გახლავთ არა იმდენად ის, მოზარდი იტალიელია თუ ქართველი, არამედ ლექსიკონი, რომელიც სამ ენაზეა შედგენილი და აქედან ერთ-ერთი რუსულია. როგორც წესი, ასეთი „ლექსიკონების“ შედგენა, გავრცელება და პოპულარიზაცია ჯერ კიდევ წლების წინ შედიოდა „უფროსი ძმის“ მეთოდებში და მისი მიზანი არა მეგრულის პოპულარიზაცია, არამედ იმ გეგმის ამოქმედება იყო, რომელსაც თითქოსდა მეგრული ენის დაცვის მოთხოვნით სამეგრელოში „სახალხო გამოსვლები“ უნდა მოჰყოლოდა. თუმცა, ამ გეგმამ კრახი განიცადა, რადგან სამეგრელოს რეგიონში მისი გატარების მცდელობამ უკურეაქცია გამოიწვია - აგრესია გეგმის განხორციელებისთვის შერჩეულმა „მოხალისეებმა“ იწვნიეს საკუთარ თავზე, რაც გეგმაზე უარის თქმის მიზეზი გახდა.
კომენტარი