სწავლულებმა უკვდავების გენს მიაკვლიეს
ნოტინჰემის უნივერსიტეტის ზოოლოგებმა, რომლებიც ბრტყელ ჭიებს იკვლევდნენ, სრულიად შემთხვევით მიაგნეს გენს, რომელიც დაბერების საშუალებას არ იძლევა მაშინაც კი, როცა ლოგიკით ეს გარდაუვალია. - ამის შესახებ BBC იტყობინება.
როგორც გაირკვა, ბრტყელი ჭიების ერთ-ერთ სახეობას აქვს რეგენერაციის უნარი, რაც ძველი ან დაზიანებული ქსოვილების ახლებით შეცვლაში გამოიხატება, ხოლო ორად გაყოფილი ბრტყელი ჭია ერთბაშად ორ სიცოცხლეს აძლევს დასაბამს.
გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ დნმ-ის „გაახალგაზრდავებაზე“ პასუხისმგებელი ფერმენტების მარაგი შეიძლება შეივსოს და განახლდეს უსქესო გზით დაყოფის დროს. სქესობრივი გზით გამრავლებუს პირობებში კი ცხოველის ორგანიზმში ფერმენტების რაოდენობა კლებულობს და არ იძლევა „უკვდავების“ ეფექტს.
სწავულები ვარაუდობენ, რომ ამ აღმოჩენამ, შესაძლოა, შეცვალოს ადამიანთა წარმოდგენა ცხოველთა სამყაროს წარმომადგენელთა დაბერების პროცესზე.
შეგახსენებთ, რომ ბრტყელი ჭიები (Plathelminthes), პარაზიტი ან თავისუფალი მცხოვრები უხერხემლო ცხოველების ტიპია. მათი სიგრძე 0,1 მმ-იდან რამდენიმე მ აღწევს. სხეული ფოთლის ან ლენტისმაგვარია. ორგანოებს შორის არსებული შუალედები ამოვსებულია პარენქიმით, რის გამოც მათ პარენქიმულ ჭიებს უწოდებენ. ბრტყელ ჭიებს სხეულის ღრუ არა აქვთ, არც სისხლის მიმოქცევისა და სუნთწვის ორგანოები გააჩნიათ. გამოყოფის ორგანოები პროტონეფრიდიებია. ნერვული სისტემა განგლიური ტიპისაა.
უმრავლეს შემთხვევაში ჰერმაფროდიტები არიან. პარაზიტული ფორმების განვითარების ციკლი მეტად რთულია და შუამავალი მასპინძლის მონაწილეობით მიმდინარეობს. თავისუფლად მცხოვრები ფორმები კი (წამწამიანი ჭიები) პირდაპირ ან მეტამორფოზით ვითარდებიან.
კომენტარი