სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საია: სამართალდამცველებს არასანქცირებული აქციის დაშლის უფლება აქვთ

იმ შემთხვევაში, თუ „სახალხო კრების" აქცია არასანქცირებულ ხასიათს მიიღებს, "პოლიციის შესახებ" კანონი სამართალდამცველებს მისი ძალის გამოყენებით დაშლის უფლებას მიანიჭებს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში განუცხადეს.

"როცა აქცია არის არასანქცირებული და ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, ადგილობრივი ორგანო ვალდებულია მისი დაშლის მოთხოვნით მიმართოს მომიტინგეებს, თუკი ამ მოწოდებისადმი დამორჩილება არ ხდება, მაშინ "პოლიციის შესახებ" კანონით სამართალდამცველებს უკანონო საპროტესტო აქციის დაშლის უფლება ენიჭებათ", - განუმარტა "ჯი-ეიჩ-ენს" საია-ს საკონსტიტუციო სამართალწარმოების იურისტმა გიორგი გოცირიძემ.

რაც შეეხება აქციის სანქცირების პირობებს, გოცირიძის თქმით, მოქმედი კანონმდებლობით, საპროტესტო აქციის გამართვის თაობაზე ადგილობრივი მთავრობის გაფრთხილება მინიმუმ 5 დღით ადრე უნდა მოხდეს.

"მერიაში შეტყობინება მინიმუმ 5 დღით ადრე უნდა შევიდეს. მაგალითად, თუკი "სახალხო კრება" 26 მაისს აპირებს სანქცირებული მიტინგის გამართვას, ადგილობრივი მთავრობა მინიმუმ 5 დღით, ანუ 21 მაისს მაინც უნდა გაეფრთხილებინა", - აღნიშნა საია-ს იურისტმა.

მისი განმარტებით, წინასწარი შეტყობინების გარეშე მხოლოდ იმ შემთხვევაშია მიტინგის გამართვა კანონით დაშვებული, თუკი მისი მოწყობით არც სატრანსპორტო მოძრაობა და არც ხალხის გადაადგილება არ იზღუდება და იმ კონრეტულ ადგილზე სხვა რაიმე ღონისძიება არ არის დაგეგმილი.

შეგახსენებთ, რომ "სახალხო კრების" ზოგიერთი ლიდერის ინფორმაციით, კრებას აქციის გამართვის თაობაზე მერიაში შეტყობინება მხოლოდ 25 მაისის ჩათვლით აქვს გაკეთებული, თუმცა აღნიშნულს კატეგორიულად უარყოფს "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე და აცხადებს, რომ გაფრთხულების ვადა ამაღამ არ იწურება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100