სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შიშველი გეი-აქტივისტი სცენაზე და "ოსკარის" ისტორიის სხვა, საინტერესო ვიდეოდეტალები

ცნობილია, რომ ამერიკის კინოაკადემიის მთავარი ჯილდოს გადაცემის ცერემონიალს უამრავი ემოცია, გათვალისწინებული თუ გაუთვალისწინებელი ლაფსუსები ახლავს თან. „დრონი.ჯი“ გთავაზობთ, თვალი გადაავლოთ „ოსკარის“ გადაცემის ცერემონიალს და მისი ყველაზე სკანდალური, არაორდინარული და პიკანტური დეტალები გაიხსენოთ.

ედრიან ბროუდის ვნებიანი კოცნა

„ოსკარის“ ერთ-ერთ ყველაზე „კაშკაშა“ ეპიზოდად არცთუ უსამართლოდ მიიჩნევენ 2003 წელს ჩატარებულ ცერემონიალზე მსახიობ ედრიან ბროუდის გამოხტომას. როდესაც მსახიობმა ჰოლი ბერიმ ის მამაკაცის საუკეთესო როლისთვის ნომინაციაში გამარჯვებულად დაასახელა, ბროუდი სცენაზე ავიდა და ყოველგვარი ზედმეტი ყოყმანის გარეშე ვნებიანად დაეკონა მსახიობის ტუჩებს.

ანჯელინა ჯოლისა და მისი ძმის „ფრანგული კოცნა“

ანჯელინა ჯოლი ექსცენტრიკის ნაკლებობას არასდროს უჩიოდა და ეს 2000 წელს, „ოსკარის“ ცერემონიალზეც გამოამჟღავნა, როცა თავის ძმას ჯეიმს ჰევენს უამრავი ადამიანის თვალწინ ე.წ. ფრანგულად აკოცა.

ბენ სტილერი ავათარის სახით

პოპულარული კომიკოსი 2010 წელს წამყვანის თანაშემწე გახლდათ და უნდა გამოეცხადებინა გამარჯვებული ნომინაციაში „საუკეთესო გრიმი“. ეს პრიზი ფილმ „ვარსკვლავური გზის“ კოლექტივმა მიიღო. ბენ სტილერი სცენაზე ავათარის სახით გავიდა და ესეც არ იკმარა: მან პანდორას მცხოვრებთა ენაზეც წარმოთქვა სიტყვა.

მეთ სტოუნი და ტრეი პარკერი ქალის კაბებში

2000 წელს, „ოსკარის“ ცერემონიალზე ეს ორი მსახიობი წითელ ხალიჩაზე... ქალის კაბებში გამოწყობილი გამოჩნდა. ამასთან, ტრეი ცერემონიალზე გამოჩნდა კაბით, რომელიც ჯენიფერ ლოპესის „ვერსაჩეს“ კაბის იმიტაცია გახლდათ, ხოლო სტოუნი გვინეტ პელტროუს იმიტაციით წარსდგა. ლოპესი და პელტროუ ამ კაბებით წიტელ ხალიჩაზე წინა წელს პოზირებდნენ.

73 წლის ჯეკ პელენსის აზიდვა იატაკიდან ცალი ხელით

პოპულარულმა ჯეკ პელენსმა 1992 წელს ემოციები ვერ დამალა მას შემდეგ, რაც ის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებლად დასახელდა. თავისი სიხარული მან ორიგინალურად გამოხატა: პირდაპირ სცენაზე დაიწყო იატაკიდან სხეულის აზიდვა ისე, რომ მეორე ხელი არ გამოუყენებია, რის გამოც ხანგრძლივი ოვაცია დაიმსახურა.

შიშველი გეი-აქტივისტი „ოსკარის“ სცენაზე

ეს შემთხვევა 1974 წელს მოხდა, როცა „კოდაკის“ თეატრის სცენაზე, სადაც „ოსკარით“ დაჯილდოების ცერემონიალი მიმდინარეობდა და სადაც იმ დროს დევიდ ნივენს ჯილდო ელიზაბეტ ტეილორისთვის უნდა გადაეცა, დედიშობილა მამაკაცი გამოჩნდა. ეს სცენა „ოსკარის“ ყველაზე დიდ სენსაციად და გაუთვალისწინებელ კურიოზადაა მიჩნეული, იმის მიუხედავად, რომ მას შემდეგ რამდენიმე ათეული წელი გავიდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ შიშველი მამაკაცი ფოტოგრაფი და გეი-აქტივისტი რობერტ ოპელი იყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100