სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჩინეთი მსოფლიო ისტორიაში ყველაზე სერიოზულ კიბერშეტევაშია ეჭვმიტანილი

კიბერშეტევის გამოძიების დასრულებისა და დამნაშავის აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია გუშინ, კომპანია McAfee–ს ვიცე–პრეზიდენტმა, დიმიტრი ალპეროვიჩმა გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ McAfee მსოფლიოში ერთ–ერთი უდიდესი კომპანიაა, რომელიც ანტივირუსულ პროგრამებსა და კომპიუტერის უსაფრთხოებისათვის აუცილებელ სისტემებს ქმნის. კომპანიის ვიცე–პრეზიდენტმა კი ოფიციალურ საიტზე განათავსა 14 გვერდიანი მოხსენება, კიბერშეტევასთან დაკავშირებული ოპერაციის გახსნაზე. აღნიშნულ კიბერშეტევას Shady Rat უწოდეს. ვიცე–პრეზიდენტის თქმით, კიბერშეტევის კვალის აღმოჩენა მიმდინარე წლის მარტში შეძლეს და დაადგინეს, რომ პირველი თავდასხმა 2006 წელს განხორციელდა. ასე რომ, ოპერაცია თითქმის ხუთი წელიწადი მიმდინარეობდა.

ყველაზე მასშტაბური კიბერშეტევის მსხვერპლი 72 სტრუქტურა გახდა, მათ შორის გაეროს ჟენევის დანაყოფის ინტერნეტ გვერდი, ამერიკის შეერთებული შტატების მმართველობა, კანადა, ინდოეთი, ვიეტნამი, სამხრეთ კორეა და ტაივანი, „ასეანის“ (სამხრეთ–აღმოსავლეთი აზიის) წევრები, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი, მსოფლიო დოპინგის წინააღმდეგ მებრძოლი ორგანიზაცია, ასევე ათობით კომპანია, მათგან 11 ორგანიზაცია, რომლებიც პენტაგონს ექვემდებარებიან.

„ჩვენც კი გაგვაოცა დაზარალებული ორგანიზაციების რაოდენობამ და კრიმინალების შესაძლებლობამ“, – აღნიშნა ალპეროვიჩმა. მისი თქმით, Shady Rat უნიკალური, მაგრამ ერთადერთი კიბერშეტევა არ არის, რომელმაც ასეთი მასშტაბების მქონე ორგანიზაციები დააზარალა. „მე კომპანიებს ორ ნაწილად დავყოფდი: ისინი რომლებმაც უკვე იციან კიბერშეტევის შესახებ, და ისინი რომლებმაც ჯერჯერობით არაფერი იციან“, – განაცხადა ვიცე–პრეზიდენტმა.

ექსპერტები ირწმუნებიან, რომ აღნიშნული შეტევის უკან ძლიერი ქვეყანა დგას, რომელმაც ყოველივე შეუკვეთა, თუმცა კომპანია McAfee ვარაუდების გამოთქმისგან თავს იკავებს. ამასთანავე, კომპანიამ თებერვალში გაავრცელა ინფორმაცია მსგავსი ოპერაციის გახსნასთან დაკავშირებით, რომლის სახელწოდებაც „ღამის დრაკონი“ იყო. მისი მსხვერპლი კი ხუთი მსოფლიო დონის ნავთობკომპანია გახდა. იმ დროისათვის McAfee–მ განაცხადა, რომ შეტევები განხორციელდა კომპიუტერების საშუალებით, რომლებიც ჩინეთის ტერიტორიაზე იყო განლაგებული. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ვარაუდები კიბერშეტევაში არც ოფიციალური პეკინისა და არც ჩინელი ჰაკერების მონაწილეობას არ ამტკიცებს, თებერვალში მსოფლიო საინფორმაციო საშუალებებმა კიბერშეტევის მრავალი მაგალითი მოიყვანეს, რომლებშიც, მათი აზრით, პეკინის ხელი ერია. მათგან ყველაზე გახმაურებული იყო, გასულ წელს Google–ის ინფრასტრუქტურაში შეჭრის ფაქტი, რომლის შედეგადაც უცნობმა ჰაკერებმა რამდენიმე სამართალდამცავის ელექტრონული ფოსტის მონაცემების მოპოვება შეძლეს.

ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ ოპერაცია Shady Rat–ის უკან კვლავ ჩინეთის ხელისუფლება დგას. ეს სამიზნეების სიაშიც ჩანს, რომელებიც ჰაკერების შეტევის შედეგად დაზარალდნენ. სტრატეგიული და საერთაშორისო გამოძიების ცენტრის ექსპერტის კიბერუსაფრთხოების საკითხებში, ჯიმ ლუისის თქმით, კიდევ ერთი მტკიცებულება, აღნიშნული ბრალდების გასამტკიცებლად, საერთაშორისო ოლიმპიურ ორგანიზაციაზე, მსოფლიოს დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტოზე და ევროპასა თუ აზიაში სახელმწიფო ოლიმპიურ კომიტეტებზე თავდასხმაა.

ჩინეთის ხელისუფლება აღნიშნულ ბრალდებაზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს. თუმცა, ყველასთვის ცნობილია, რომ ჩინეთი არის ერთ–ერთი იმ ქვეყნებიდან, რომელსაც კიბერომის დასაწყებად და მასში მონაწილეობის მისაღებად სერიოზული რესურსი გააჩნია.

აღნიშნულ ფონზე, მსოფლიოში კიბერტერორიზმისგან თავდასაცავად მზადება მიმდინარეობს. ცნობილია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში, ჩინეთში, საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, ირანში, სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეში უკვე არსებობს კიბერჯგუფი, რომელთა დანიშნულებაც, აღნიშნული პრობლემისგან სახელმწიფოს დაცვაა. მათი საერთო რაოდენობა უცნობია, თუმცა ექსპერტები ვარაუდოებენ, რომ მსოფლიო მასშტაბით შექმნილ კიბერტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველ ჯგუფებში 30 ათასამდე ადამიანია გაწევრიანებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100