საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის და სხვა ფოტოგრაფები დააკავეს
სამართალდამცველებმა დღეს დილით პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე დააკავეს. "ჯი-ეიჩ-ენის" ინფორმაციით ასევე დაკავებულია ირაკლი გედენიძის მეუღლე ნათია გედენიძეც. ასევე დაკავებულები არიან რამდენი ფოტორეპორტიორი.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები არიან ფოტორეპორტიორები ზურაბ ქურციკიძე, გიორგი აბდალაძე და სხვა ფოტორეპორტიორები, მათ შორის "ასოშიეტედ პრესის" ფოტოგრაფი საქართველოში.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" გიორგი აბდალაძის მეუღლემ ნესტან ნეიძემ განუცხადა, წუხელ 3 საათისთვის მათთან სახლში მივიდნენ სამართალდამცავები და ჩაატარეს ჩხრეკა.
"მათ წაიღეს ოჯახის ყველა წევრის მობილური ტელეფონები, და კომპიუტერები", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ნესტან ნეიძემ.
ნეიძე ვერ აკონრეტებს მისი მეუღლის დაკავების მიზეზს.
ამ ეტაპზე დაკავებულთა შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება.
არსებული ინფორმაციით, ისინი მოდულის შენობაში არიან გადაყვანილები.
დაკავებულ ფოტორეპორტიორ გია აბდალაძეს ბრალი 314-ე მუხლის პირველი ნაწილით ედება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" აბდალაძის მეუღლემ ნესტან ნეიძემ განუცხადა.
"მხოლოდ ერთი გამომძიებელი იყო, დანარჩენები ოპერმუშაკები იყვნენ. მათ გვითხრეს, რომ ადგილზე ეტყოდნენ ბრალდებას. განმარტება იყო, რომ ბრალი 314-ე მუხლის პირველი ნაწილით ედება. ეს კი ჯაშუშობის მუხლია. მითხრეს, რომ მოდულის შენობაში წაიყვანეს. გია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ფოტოგრაფად მუშაობს", - განაცხადა ნესტან ნეიძემ.
მისივე ინფორმაციით, პოლიციელები გია აბდალაძის დასაკავებლად დაახლოებით ღამის 03:00 საათზე მივიდნენ.
"ყველას გვეძინა, ჩამოგვართვეს მობილური ტელეფონები, რომ არსად დაგვერეკა. მოწმედ მეზობელი შემოვიყვანეთ. გაჩხრიკეს ყველა ოთახი, წაიღეს კომპიუტერები – მამაჩემის ლეპტოპი და ბავშვის კომპიუტერი, ასევე, ოჯახის წევრების ყველა მობილური, ყველა კომპაქტდისკი – მუსიკალური თუ სხვა, ასევე "ფლეშკა" და გიას აპარატურა", - განაცხადა ნეიძემ.
ამ დროისთვის დაკავებულები არიან აქართველოს პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე და მისი მეუღლე ნათია გედენიძე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე, ევროპის ფოტოსააგენტოს ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე და "ასოშეიტედ პრესის" ფოტორეპორტიორი შახ აივაზოვი. მათ დაკავებაზე შსს-ში კომენტარს არ აკეთებენ.
კომენტარი