სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

”ჰით ბათუმის 2015” გრძელდება - დღეს „ტროელი ქალები“ თქვენთან შესახვედრად ემზადებიან

სპექტაკლები ღია ცის ქვეშ - ერთი კვირის განმავლობაში ზღვისპირა ქალაქი 5 ქართულ და 4 უცხოურ თეატრალურ დასს უმასპინძლებს. ქართველ მსახიობებთან ერთად ბათუმის ქუჩებში თეატრალურ წარმოდგენებს ესპანეთის, უნგრეთის, ბრიტანეთისა და ინდოეთის დასებიც გამართავენ.

ბათუმში თეატრალური კვირეული დაიწყო, რომელიც 16 აგვისტოს კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრით დასრულდება. წარმოდგენები, რომლებიც ბათუმის კოლონადებში, საზაფხულო თეატრში, პიაცაზე, ბულვარსა და ძველი ბათუმის ქუჩებში გაიმართება „ჰით ბათუმი 2015“-ის ფარგლებში უფასო იქნება.

დღეს, 13 აგვისტოს, 20:00 საათზე, ბათუმის საზაფხულო თეატრში სამეფო უბნის თეატრის სპექტაკლი „ტროელი ქალები“ გაიმართება.

სპექტაკლის რეჟისორია დათა თავაზე. მონაწილეობენ ნატუკა კახიძე, კატო კალატოზიშვილი, მაგდა ლებანიძე, სალომე მაისაშვილი, ქეთა შათირიშვილი. „ტროელი ქალები" - ეს არის ნაწარმოები, რომელსაც ქალების სათქმელი მაყურებლამდე მიაქვს.

„როცა ადამიანი თავის ძალიან ინტიმურ, საიდუმლო ისტორიას გადმოგცემს და გაგიზიარებს, მე არამგონია, რომ ეს უნდა ააფრიალო და გამოიყენო საკუთარი წარმატებისთვის. ამიტომ არ მინდოდა, რომ გამოსულიყო რაღაც ისეთი, რასაც ხშირად აკეთებენ მაგალითად, ტელევიზიაში, ისტორიებით ობოლ ბავშვებზე, ქალებზე, ომის მსხვერპლებზე… აქედან გამომდინარე, ჩვენ მთელი სპექტაკლის მანძილზე, ვყვებით ისტორიებს ღიმილით. მსახიობი არასოდეს ამბობს, რომ თვითონ ის არის ის პერსონაჟი. ყოველთვის ხაზს უსვამს, რომ ის არ თამაშობს პერსონაჟს, აღნიშნავს, რომ ჰყვება და გადმოსცემს, რომ ის არის გარკვეულ წილად მედიუმი იმ ქალისა, რომელიც ამ ისტორიას მოყვა. პირველ რიგში, ვამბობთ, რომ ჩვენ არ ვითამაშებთ სხვა ადამიანებს. ჩვენ, უბრალოდ, პირველ პირში ვყვებით მათ ისტორიებს და ამ მხრივ, ჩვენც ვართ მაყურებლის ნაწილი. ამ შემთხვევაში - ჩვენ არ ვართ ისინი, ჩვენ არ გვინახავს რასაც ვყვებით, ჩვენ არ გამოგვიცდია. ჩვენ ვართ ჩვეულებრივი მაყურებლის მხარეს. უბრალოდ მივუთითებთ ამ ქალებისკენ, ამ ისტორიებისკენ და უბრალოდ ვეუბნებით, რომ ის ქალები არსებობენ და ხშირ შემთხვევაში, ის ქალები არიან სწორედ ისინი, ვინც ავიწყდებათ ხოლმე,“ - აღნიშნავს რეჟისორი დათა თავაზე.

პრემიერიდან თითქმის ორი წელი გავიდა, თუმცა მაყურებლის ყურადღება არ განელებულა. დღეს „ტროელი ქალები“ ზღვისპირა ქალაქში მაყურებელთან შესახვედრად ემზადებიან.

საღამოს ქართველ მსახიობებს უნგრეთის დასი ჩაანაცვლებს, ზღვისპირა ქალაქის მაცხოვრებლებსა და დამსვენებლების განწყობაზე საფესტივალო კლუბ Take Five-ში კვლავ უნგრეთიდან მოწვეული მოცეკვავევები იზრუნებენ. საღამო კი The New York Brass Band დაასრულებს.

ქუჩის თეატრის დღეები წარმოგიდგენთ:

14 აგვისტო, 22:00, პიაცა - კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო მარჯანიშვილის თეატრი. სპექტაკლი „როგორც გენებოთ“

14 აგვისტო, 19:00; 21:00 - ქუჩა/ბულვარი/პიაცა - The New York Brass

15 აგვისტო, 21:00, ბულვარი-კოლანადები - მუსიკისა და დრამის თეატრი. სპექტაკლი „გაყრა“

15 აგვისტო - 17:00; 23:00 ქუჩა/ბულვარი - The New York Brass Band

16 აგვისტო, 20:00, ბულვარი - კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრი

პროექტი „ჰით ბათუმი“ 11 კვირისგან შედგება და თოთოეული კვირა სხვადასხვა მიმართულების არტს მოიცავს. მრავლფეროვანი პროგრამა გათვლილია ყველა თაობისა და გემოვნების ადამიანისთვის. შესაბამისად, დამსვენებლებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, დაგეგმონ ბათუმში დასვენებისა და გართობის დღეები.

„ჰით ბათუმის“ ფარგლებში, 2 თვის განმავლობაში დაგეგმილია 200-ზე მეტი ღონისძიება, ამ პერიოდის განმავლობაში ბათუმს 20-მდექვეყნიდან 259 უცხოელი არტისტი სტუმრობს. ღონისძებაში ჩართულია 50 ორგანიზაცია და 2000-მდე მონაწილე.

„ჰით ბათუმი 2015“ წარმოადგენს ბათუმის საზაფხულო სეზონის სპეციალურ პროექტს, რომელიც თავის თავში მოიცავს 2 თვიანი პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულების ფესტივალებისა და გასართობი ღონისძიებების ჩატარებას უწყვეტ რეჟიმში. 6 ივლისიდან 15 სექტემბრამდე, ყოველ კვირას, ბათუმში ჩატარდება განსხვავებული ტიპის ივენთები, რომლის კომუნიკაციაც მოხდება ერთიანი ქოლგის ქვეშ, სახელწოდებით „ჰით ბათუმი“.

პროექტის განმახორციელებელია ბათუმის მერია და საკრებულო, ასევე მის განხორციელებაში ჩართულები არიან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და მისი სსიპი „კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდი“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი. პროექტიჰით ბათუმისახელმწიფო პროექტს წარმოადგენს, რომლის მიზანია ერთის მხრივ აჭარის ტურისტული პოტენციალის, ხოლო მეორეს მხრივ მთლიანად ქვეყნის პრომოუშენი გარე და შიდა აუდიტორიაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100