The New York Times-ის სტატია ქართული კინოს შესახებ
ქართული კინო ეგზოტიკურია, ის შეიძლება იყოს როგორც გოროზი და მძვინვარე, ისე მშვენიერი.
ავტორი ჯეი ჰობერმანი
შავ და კასპიის ზღვებს შორის, რომისა და სპარსეთის, ოსმალეთისა და რუსეთის იმპერიებს შორის მოქცეული საქართველო პატარა ქვეყანაა შთამბეჭდავი ბუნებითა და საამაყო წარსულით. „მე ხმელთაშუა ზღვის კულტურის უკანასკნელი წარმომადგენელი ვარ, რომლის ფესვები ანტიკურობაში მიდის" – ცოტა გადაჭარბებულად თქვა ერთხელ საქართველოდან წასულმა რეჟისორმა ოთარ იოსელიანმა.
ბატონი იოსელიანის მტკიცებით, ქართული ენა და ლიტერატურა ეტრუსკულიდან მომდინარეობს. ამ ერს დიდებული, ასწლოვანი კინემატოგრაფიული ისტორია აქვს.ჩვენი კურატორები 20 წლის განმავლობაში ქმნიდნენ ორნაწილიან პროექტს - „ქართული კინოს აღმოჩენა". მათ ეროვნულ სიამაყესა და ბიუროკრატიულ ინერციას შორის ისე მოუწიათ გავლა, როგორც სცილასა და ქარიბდას შორის. ღონისძიება თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, სამი დღის შემდეგ კი ბერკლის ხელოვნების მუზეუმსა და კალიფორნიის წყნარი ოკეანის კინოარქივში ტარდება.
ქართული კინო ეგზოტიკურია და ,ისევე როგორც რუსი მწერლების ლერმონტოვისა და ტოლსტოის მიერ აღწერილი მთები, შეიძლება იყოს როგორც გოროზი, ისე მძვინვარე და მშვენიერი. იგი საყოველთაოდ ცნობილი არ არის. ქართულ ფილმებზე ძნელი სათქმელია, რომ ისინი ბოლომდე ქართულია; უცხოეთში დისტრიბუციისას ამ ფილმების რუსულად დუბლირებას აკეთებდნენ, საბჭოთა მაღალჩინოსნები კი ამჯობინებდნენ ეჩვენებიათ ისინი საზღვარგარეთ სხვა ეროვნული სტუდიების მიერ გადაღებული ფილმების პაკეტებში. ქართული ფილმების უმეტესობა რუსულ არქივ „გოსფილმფონდში" ინახება.
თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის კურატორი იეტა იენსენიპირველად საქართველოში 1991 წელს ჩავიდა, როდესაც ქვეყანას დამოუკიდებლობა ახლად მიღებული ჰქონდა, იმ იმედით, რომ ფართომასშტაბიანი რეტროსპექტივის მოწყობას შეძლებდა. ჩვენება გვიანი 90-იანებისთვის იგეგმებოდა, „თუმცა, მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ ბევრი ფილმი „გოსფილმფონდიდან" უნდა ჩამოეტანათ, ქართულმა მხარემ უარი თქვა," - ამბობს იეტა იენსენი. ის „ძალიან ახლოს იყო თავის მიზანთან ექვსი წლის წინ, თუმცა 2008 წლის ომმა ხელი შეუშალა.
იეტა იენსენმა გადადებული ჩვენების გამართვა „პასიფიკ ფილმის" თანამშრომლის, სიუზენ ოქსტობისდახმარებით შეძლო, რომელიც იხსენებს: „ის ასლების საშოვნელად ევროპის ყველა არქივში მივიდა". აღსანიშნავია, რომ „გოსფილმფონდის" ერთ-ერთი ფილმია კოტე მიქაბერიძის მუნჯი კლასიკური ფილმი „ჩემი ბებია" (1929). საბჭოთა ოფიციოზზე სტილიზებული სატირა 22 ნოემბერს ღონისძიების მეორე ნაწილს გახსნის. ფილმი მთავრდება ყვირილით: „სიკვდილი ბიუროკრატიას!"
ერთდროულად ეროვნულ და ინტერნაციონალურ ქართული კინოში რამდენიმე კინემატოგრაფიული კლანი მოღვაწეობდა, ამდენად, ჩვენების პირველი ნაწილის სათაურია „ოჯახური ისტორია". პირველი ჩვენება ეძღვნება ნიკოლოზ შენგელაიას, რეჟისორს, რომელმაც ქართული კინო მსოფლიო კინემატოგრაფიულ რუკაზე დაიტანა 1928 წელს მუნჯი ფილმით „ელისო". ფილმში მოთხრობილია რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზული „ველური დასავლეთის" კოლონიზაციის შესახებ. ეს ჩვენება ასევე ეძღვნება ნიკოლოზ შენგელაიას შვილებს - გიორგისა და ელდარს.
ქართული კინოსკოლის ერთ-ერთ მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ გიორგი შენგელაიას „ფიროსმანი" (1969, პრიმიტივისტი მხატვრის, ნიკოლოზ ფიროსმანაშვილის ცხოვრების ამსახველი ფილმი, რომლის ფაქიზი პალიტრა და ერთ წერტილს მიპყრობილი პერსპექტივა ამ მხატვრის სურათებს მოგვაგონებს). „პერესტროიკის" მომასწავებელ ელდარ შენგელაიას ფილმში „ცისფერი მთები" (1984) არის სატირა საბჭოთა ბიუროკრატიაზე, მოქმედება ვითარდება თბილისის საგამომცემლო სახლში.
მეორე ღირსშესანიშნავი დინასტიის სათავეში ფოლკლორისტი ნუცა ღოღობერიძე იდგა. მან შექმნა განსაკუთრებული ექსპერიმენტული ფილმი ჩრდილოეთ საქართველოს მთიან ლანდშაფტზე, შემდეგ კი ხელისუფლების წინააღმდეგ წავიდა (თავის ქმართან ერთად, რომელიც საქართველოს კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი იყო) და 12 წელი საბჭოთა შრომით ბანაკებში გაატარა. „ბუბას" (1930) მის ერთადერთ, მოგვიანებით აღმოჩენილ ფილმს, მისი შვილიშვილის, სალომე ალექსის, ფილმთან, „ფელიჩიტასთან" (2009) ერთად აჩვენებენ. ეს უკანასკნელი არის შავი კომედია ქალზე, რომელმაც სამსახური უცხოეთში იპოვა. სალომე ალექსის დედა (ნუცას ქალიშვილი) ლანა ღოღობერიძე ერთ–ერთი მთავარი საბჭოთა რეჟისორი ქალი იყო. მისი ერთგვარად ავტობიოგრაფიული ფილმი „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე" (1979) ასახავს დედამისის გათავისუფლებას და სოციალურად აქტიური ქალის ცხოვრებას თბილისში. ეს ნამუშევარი საბჭოთა ფემინისტური კინემატოგრაფის საკვანძო ფილმია, თუმცა „რამდენიმე ინტერვიუ" უჩვეულო ქართული ფილმია საბჭოთა კინოინდუსტრიისათვის.
პროგრამაში წარმოდგენილია სხვა რეჟისორებიც, რომლებიც საბჭოთა კინოს წამყვანი ფიგურები იყვნენ და საქართველოს ფარგლებს გარეთაც მოღვაწეობდნენ. ლანა ღოღობერიძესა და ოთარ იოსელიანთან ერთად, მათ შორისაა მიხეილ კალატოზიშვილი (საბჭოთა ახალი ტალღის ინიციატორი ფილმით „მიფრინავენ წეროები" 1957), პოლიტიკური პატიმარი სერგეი ფარაჯანოვი (მისი ყველაზე ცნობილი ფილმია უკრაინაში გადაღებული „დავიწყებულ წინაპართა აჩრდილები") და ნაყოფიერი მიხეილ ჭიაურელი (რომელმაც ექვსჯერ მიიღო სტალინის პრემია და ერთხელ საბჭოთა კავშირის უმაღლესი ღირსების ჯილდო). თითოეული მათგანი წარმოდგენილია საქართველოში გადაღებული ფილმებით.
შესაძლოა წარმოდგენილ რეჟისორთაგან სამშობლოსთან ყველაზე მყარადაა დაკავშირებული თენგიზ აბულაძე, რომელმაც საერთაშორისო ყურადღება და კანის კინოფესტივალის პრიზი პირველი ფილმით, რეზო ჩხეიძესთან ერთად გადაღებული „მაგდანას ლურჯათი" (1955), მიიპყრო. აბულაძე აგრეთვე წარმოდგენილია ფილმებით, რომლებიც ადგილობრივი ფოლკლორის ტრადიციებზეა დაფუძნებული: „ვედრება" (1967) შუა საუკუნეებში მომხდარი ამბავია მებრძოლზე, რომელიც უარს ამბობს შეასრულოს თემის კანონი, რომელიც მას სისხლის აღებას ავალდებულებს. „ნატვრის ხეში" (1977) მოქმედება მეცხრამეტე საუკუნეში ხდება. ფილმი ახლოსაა მაგიურ რეალიზმთან და გლეხების წეს-ჩვეულებებსა და ბრუტალობაზე ტრაგიკომიკულად მოგვითხრობს. აბულაძის ყველაზე ცნობილი ფილმი „მონანიება" (1984) არღვევს ტაბუს და ფარულად საქართველოს ყველაზე სახელგანთქმულ შვილზე მოგვითხრობს. პოლიტიკური ბურლესკი, რომელიც „უბუ როისა" და „იხვის სუპს" მოგვაგონებს, სტალინის მსგავსი დესპოტის აღზევებასა და დაცემაზე მოგვითხრობს. ფილმი სახელმწიფოს პირველი მდივნის, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის დახმარებით საქართველოს ტელევიზიისთვის გადაიღეს, თუმცა 1987 წლის კანის კინოფესტივალზე დრამატულ ჩვენებამდე ფილმი თაროზე იყო შემოდებული.
პროგრამის მეორე ნაწილში საქართველოს ორი ყველაზე ცნობილი და ინდივიდუალისტი კინემატოგრაფისტის ფილმები იქნება წარმოდგენილი. ფარაჯანოვი წარმოდგენილი იქნება ფილმით „ამბავი სურამის ციხისა" (1985), რომელიც არის ერთდროულად ფილმიც და რიტუალიც, და მულტიეთნიკური „აშიკ კერიბით" (1988), რომელიც არის მუსულმანი ტრუბადურის შესახებ ლერმონტოვის მოთხრობის ადაპტაცია. ოთარ იოსელიანის ფილმებისთვის „გიორგობისთვე" (1967) და „იყო შაშვი მგალობელი (1971) დამახასიათებელია მუსიკალური სტრუქტურა და შეფარული სოციალური კრიტიციზმი. ორივე ფილმი ფორმალიზმისა და ზედმეტი ნატურალიზმის გამო გააკრიტიკეს.
1979 წელს ოთარ იოსელიანი საცხოვრებლად პარიზში გადავიდა. რეჟისორს უცხოეთში მოღვაწეობას ის უმსუბუქებდა, რომ „საფრანგეთს ხედავდა, როგორც საქართველოს მომავალს".
კომენტარი