ტელეკომპანია "მაესტროს" თანამშრომლები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
როგორც ჟურნალისტების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, "საზოგადოებამ ერთხელ უკვე დაკარგა "იმედი" და "მაესტრო" არ უნდა დაკარგოს".
"ჩვენ მზად ვართ, ვიბრძოლოთ როგორც ჩვენი საქმით, ასევე საპროტესტო აქციების ფორმით. ჩვენ ჟურნალისტური სოლიდარობის იმედი გვაქვს, რადგან სწორედ ამ სოლიდარობამ რეპორტიორების საქმესთან დაკავშირებით პირველი სერიოზული შედეგი გამოიღო. "მაესტროს" ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი ჟურნალისტებს დღემდე არ გვაძლევს სრულფასოვნად მუშაობის საშუალებას, რაც, პირველ რიგში, ჩვენი პროფესიული მოვალეობის ხელისშეშლას წარმოადგენს. ჩვენ ვაცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობასაც, რომელიც საზოგადოების წინაშე გვაკისრია.
საზოგადოება ჩვენგან ინფორმაციას ელის და ამ მოვლენების გამო ის ყველაზე მეტად ზარალდება. ბოლო დროს ხელისუფლების სხვადასხვა შტოების მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება ამ მოვლენებს კიდევ უფრო ართულებს. შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 7 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს მიერ "რუსთავის მედიის მართვის" დამფუძნებლის ეროსი კიწმარიშვილის მიმართ გაკეთებული გაფრთხილება, რომ მან დაუყონებლივ დატოვოს "მაესტროს" ტერიტორია, დღემდე არ არის სისრულეში მოყვანილი.
"მაესტროს" მესაკუთრეების მოთხოვნაზე, რომ სასამართლოში განხილვების დასრულებამდე "რუსთავის მედიის მართვის კომპანიას" "მაესტროს" სახელით ყოველგვარი ქმედება აეკრძალოს, საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. საზოგადოებას კარგად ახსოვს და აქვს მაგალითები, თუ რა პრობლემები შექმნია დამოუკიდებელ მედიას.
ჩვენთვის მთავარია, აღდგეს "მაესტროს" სრულფასოვანი მაუწყებლობა და საზოგადოებრივი ინტერესი დაკმაყოფილდეს, თუმცა მიმდინარე ტენდენცია გვაფიქრებინებს, რომ შესაძლოა, "მაესტროს" მაუწყებლობას გარკვეული პრობლემები შეექმნას. ასე რომ არ მოხდეს, სათანადო ორგანოებმა კანონით ნაკისრი ვალდებულებები უნდა უზრუნველყონ", - ნათქვამია განცხადებაში.
კომენტარი