სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტები დაავადების ადეკვატური მკურნალობის უზრუნველყოფის მოთხოვნით შეიკრიბებიან

#ერთადერთმანეთისთვის - გაფანტული სკლეროზით ცხოვრება რთულია, მაგრამ შესაძლებელი!

22 ნოემბერს, 17:00 საათზე, სასტუმრორადისონ ბლუ ივერიაში“, გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტები, მათი ოჯახის წევრები და ექიმები კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან და დაავადებაზე და მის მკურნალობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრებენ. ღონისძიება კამპანიის „ერთად ერთმანეთისთვის“ ფარგლებში ეწყობა და სოციალურ პროექტში სახელმწიფოსა და საზოგადოების აქტიურ ჩართულობას უკავშირდება.

შეხვედრის მიზანია პაციენტების მხარდაჭერა და სახელმწიფოსთვის შეხსენება, რომ გაფანტულ სკლეროზის მქონე ადამიანები დაფინანსების მოლოდინში არიან. მათი მოთხოვნაა დაავადების დროული დიაგნოსტიკა და ადეკვატური მკურნალობის უზრუნველყოფა.

დასწრება თავისუფალია. შეხვედრაზე მისულ დაინტერესებულ ადამიანებ შესაძლებლობა ექნება გაუზიარონ ერთმანეთს დაავადებასთან ბრძოლის მიმართულებით თავიანთი გამოცდილება და დაუსვან კითხვები წამყვან სპეციალისტებს.

ღონისძიებას დაესწრებიან და სიტყვით გამოვლენ გაფანტული (მრავლობითი) სკლეროზით დაავადებულ პაციენტთა კავშირის წარმომადგენლები და წამყვანი ნევროლოგები. ღონისძიების დასასრულს, ჯანდაცვის სამინისტროს, მერიისა და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სახელზე პაციენტების მხრიდან მომზადდება და გაიგზავნება მიმართვა, სადაც კიდევ ერთხელ ხაზი გაესმევა დაავადების ადექვატური მკურნალობის უზრუნველყოფის მოთხოვნას.

მნიშვნელოვანია, რომ გაფანტული სკლეროზის გამოვლენის მიზნით, გლობალური აქცია მსოფლიოს მასშტაბით, სახელწოდებით, „ერთად ერთმანეთისთვის - Bringing us closer“ წელს, გაზაფხულზე დაიწყო. კამპანიის მიზანს, დაავადების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება, მისი დროული დიაგნოსტიკა და ადეკვატურ მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენდა. დღეს საზოგადოებას არ აქვს საკმარისი ინფორმაცია გაფანტული სკლეროზის და მისი თანმდები სირთულეების შესახებ, უფრო მეტიც, დაავადების სახელწოდება საზოგადოების ერთი ნაწილისთვის დამაბნეველიც კი არის.

შეგახსენებთ, რომ 30 მაისს, გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღეს, კამპანიას საქართველოც შეუერთდა. მომზადდა ვიდეო რგოლიც, რომლის ძირითადი მონაწილეები იყვნენ პაციენტები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები: დავით ლორთქიფანიძე, ანა კოშაძე, ია სუხიტაშვილი, ზურა ბალანჩივაძე (ზურიუსი), გოგა ჩანადირი, გია ჯაჯანიძე, ეკა ტოგონიძე, თეონა დოლენჯაშვილი, ფრიდონ სულაბერიძე და სხვები. ისინი ერთვებოდნენ პროექტში კეთილი ნების ელჩებად და ერთად მოუწოდებდნენ სახელმწიფოს მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდისკენ პაციენტებისთვის სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებისა და უნარშეზღუდობის პროგრესირების შემცირების მიზნით.

ინფორმაცია გაფანტული სკლეროზის შესახებ

გაფანტული სკლეროზი ქრონიკული, პროგრესირებადი ნევროლოგიური დაავადებაა და მსოფლიოში დაახლოვებით 2.3 მილიონი ადამიანია დაავადებული ამ პათოლოგიით. პირველი სიმპტომები უპირატესად 20-დან 40 წლის ასაკის პერიოდში ვლინდება და ამიტომაც გაფანტული სკლეროზი არატრავმული უნარშეზღუდულობის ძირითადი მიზეზია ახალგაზრდებში. არსებობს დაავადების რამდენიმე ფორმა:

· რეციდიულ-რემისიული ფორმა - ყველაზე ხშირია (80-85%). დაავადება პერიოდულად მწვავდება (რეციდივი), ტვინის სხვადასხვა უბანში ჩნდება ანთებითი კერა, შემდეგ კი ანთება ცხრება და დაავადება რემისიის (დაავადებისგან თავისუფალი პერიოდი) ფაზაში გადადის. რემისია რამდენიმე თვიდან რამდენიმე წლამდე შეიძლება გაგრძელდეს.

· მეორადად პროგრესირებადი ფორმა - ნებისმიერი რეციდიულ-რემისიული ფორმა გარკვეული ხნის შემდეგ მეორადად პროგრესირებად ფორმაში გადადის, რაც იმას ნიშნავს, რომ დაავადება მუდმივად პროგრესირებს. პაციენტი მძიმდება და ხდება უნარშეზღუდული.

· პირველადად პროგრესირებადი ფორმა - პაციენტთა 15%-ში გვხვდება, დაავადება თავიდანვე პროგრესირებს, რემისიები არ ახასიათებს და პაციენტი მალევე უნარშეზღუდული ხდება.

მნიშვნელოვანია, რომ დაავადების ყველა ფორმის დროს ძალიან საყურადღებოა დაავადების აქტივობა - ნერვულ სისტემაში ანთებითი პროცესები, რომელსაც თან სდევს თავის ტვინის ნერვული უჯრედების დაღუპვა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს პროცესი შეიძლება მიმდინარეობდეს მაშინაც კი თუ პაციენტს კლინიკური სიმპტომები არ აღენიშნება. გაფანტული სკლეროზის მკურნალობის ძირითადი მიზანია დაავადების აქტივობის შემცირება დაავადების ადრეულ სტადიაზევე, რათა არ მოხდეს უნარშეზღუდულობის პროგრესირება. დღესდღეობით გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ მოწოდებულია დაავადების მამოდიფიცირებელი თერაპია, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირების დაავადების აქტივობას და უნარშეზღუდულობის პროგრესირებას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100