გამოქვეყნებულია მერლინ მონროს ახალი ფოტოები
ამერიკელმა ფოტოგრაფმა ენტონ ფიურიმ, მერლინ მონროს აქამდე უცნობი ფოტოები გამოაქვეყნა. მონროს პირველ ივნისს 85 წელი შეუსრულდებოდა, სწორედ ამ დღის აღსანიშნავად გამოიტანა ფოტოგრაფმა სურათები სამსჯავროზე. მან აღნიშნული ფოტოები 1980 წელს მოიპოვა, მაგრამ აღმოჩენას ამ დრომდე საიდუმლოდ ინახავდა.
როგორც ფური ერთ–ერთ ინტერვიუში ამბობს, მან სურათები შემთხვევით აღმოაჩინა. ნიუ–ჯერსის ერთ–ერთ გარე ბაზრობაზე მას ორი კონვერტის შეძენა შესთავაზეს თითო 2 დოლარად. უთხრეს, რომ კონვერტები სავსე იყო შავ–თეთრი ძველი ფოტოებით. ფური იმ დროისათვის დამწყები ფოტოგრაფი იყო და სიამოვნებით მიიღო შეთავაზება. ერთ კონვერტში მერლინ მონროს, მეორეში კი მსახიობის, ჯეინ მენსფილდის ფოტოები აღმოჩნდა.
ერთ ფოტოზე მონრო საცურაო კოსტუმით პოზირებს ფოტო კამერის წინ. რამდენიმე სურათზე კი საწოლზეა წამოწოლილი და მის გვერდით უცნობი მამაკაცი დგას. ეს უკანასკნელი, ჯეინ მენსფილდის რამდენიმე ფოტოზეცაა ასახული.
როდის, ვისთან და სად არის გადაღებული ეს ფოტოები უცნობია. მონროს ბიოგრაფიის მცოდნეები ამბობენ, რომ ფოტოები 1950 წელთანაა დაკავშირებული და ლოს–ანჯელესშია გადაღებული. მერლინის ცხოვრების ამ პერიოდზე კი ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი. ამ დროისათვის, მონრო დამწყები მსახიობი იყო, 24 წლის გახლდათ და მას არც ფართო პუბლიკა იცნობდა. სპეციალისტების აზრით, სურათები შესაძლოა სწორედ იმ მამაკაცის გადაღებულია, რომელიც რამდენიმე ფოტოზეა ასახული.
ფოტოსურათების სამომავლო ბედი ჯერ–ჯერობით მფლობელს არ გადაუწყვეტავს. ისინი ძალიან დიდი თანხა ღირს, მაგრამ ფიური მათ გაყიდვას არ აპირებს. მიუხედავა იმისა, რომ ფოტოსესიიდან 60 წელიწადია გასული, შესაძლოა კოლექციის კანონიერი მფლობელები გამოჩნდნენ და მათი დაბრუნება ისურვონ.
კომენტარი