ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ გასული კვირა რეგიონების პრობლემებს მიუძღვნა
ედპ მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთების რეგისტრაციისათვის დაწესებული სახელმწიფო გადასახადებისაგან გათავისუფლება ოზურგეთში მოითხოვა. განცხადება „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ედპ-ს გურიის ბიუროს ხელმძღვანელმა მერაბ ჩხაიძემ გააკეთა. მისი განცხადებით, გურიაში დღეისათვის ასობით ოჯახი ფუნქციონირებს, რომლებიც საკარმიდამო ნაკვეთების გამფორმებას ფინანსური პრობლემების გამო ვერ ახერხებენ. „ეროვნულ-დემოკრატები მიიჩნევენ, რომ დაურეგისტრირებელი საკარმიდამო ნაკვეთები სერიოზულ პრობლემებს ქმნის გლეხული და ფერმერული მეურნეობების განვითარების გზაზე, რადგან იმ გლეხებთან, რომლებსაც არ გააჩნიათ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები, საბანკო ინსტიტუტები არ თანამშრომლობენ“- განაცხადა მერაბ ჩხაიძემ.
ედპ-ს იმერეთის რეგიონული ბიუროს ლიდერმა შოთა ინანეიშვილმა კი იმერეთში, ჯანდაცვის სფეროში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით ქუთაისში პრესკონფერენცია გამართა. ინანეიშვილმა ჯანდაცვაში არსებული ორი მთავარი პრობლემა გამოყო, კერძოდ მოსახლეობისთვის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და სამედიცინო პერსონალის, უმთავრესად კი ექიმების უუფლებო მდგომარეობა. მისივე განმარტებით „სოციალური უსამართლობა და უმუშევრობა რეგიონის უმთავრესი პრობლემებია, ხოლო ჯანდაცვა ამ უსამართლობის მკაფიო გამოხატულება. ჯანდაცვა არ არის მომსახურების სფერო და არც პროდუქტი, ის არის სიკეთე, რომელიც ერთნაირად ეკუთვნის ყველას, არ აქვს მნიშვნელობა, მდიდარი ხარ თუ ღარიბი; დასაქმებული თუ უმუშევარი“.
„ეროვნულ-დემოკრატები მომხრე ვართ საყოველთაო სამედიცინო დაზღვევის, რომელიც მოსახლეობას მისცემს საშუალებას ჯიბიდან გადახდის გარეშე მიიღოს სამედიცინო დახმარება“, - განაცხადა მან.
მისი თქმით, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა უმთარესი პრობლემაა როგორც მთელი საქართველოს მოსახლეობისთვის, ასევე იმერეთის რეგიონში მცხოვრებთათვისაც: „იმერეთში მწვავედ დგას სამედიცინო დაწესებულებების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა. ჩვენთვის გაუგებარია, რატომ უნდა ჩადიოდეს ზესტაფონის, ბაღდადის მცხოვრები სამტრედიაში კვალიფიციური სამედიცინო დახმარების მისაღებად“ -აღნიშნა ედპ-ს იმერეთის ბიუროს ლიდერმა.
რაც შეეხება სამედიცინო პერსონალისა და ექიმების მდგომარეობას, შოთა ინანეიშვილის განმარტებით ეროვნულ-დემოკრატიული პარტია ექიმების უფლებების დასვასთან დაკავშირებით, საკონონმდებლო ინიციატივას მომავალ პარლამენტში შეიტანენ.
ედპ-ს აჭარის ორგანიზაციაში კი ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად აჭარაში ხელოვნურად ფასების ზრდაზე ისაუბრეს. ამასთან დაკავშირებით ედპ-ს ბათუმის ოფისში პრესკონფერენცია გამართა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის აჭარის რეგიონული ბიუროს ლიდერმა სალომე დადიანმა. მისი განმარტებით, „საკურორტო სეზონი სარგებლის მომტანი უნდა იყოს როგორც დამსვენებლისთვის, ასევე ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის და ამის განმსაზღვრელი, მომსახურების ხარისხთან ერთად, ფასებია“.
სალომე დადიანის თქმით, „როგორც წესი, აჭარაში ფასების ზრდა ზუსტად საკურორტო სეზონს ემთხვევა, რაც პრობლემებს უქმნის არა მარტო რიგით დამსვენებლებს, არამედ ადგილობრივ მოსახლეობასაც. სამწუხაროდ ეს ტრადიცია არც ამ წელს დარღვეულა და აქაურები ვხედავთ, თუ როგორ დაიწყო ყველა საჭირო პროდუქტზე ზრდა ფასებმა, რაც თავის მხრივ აძვირებს კვების ობიექტების და სხვა სახის მომსახურეობას“.
„სიტუაციას რომ სიცხადე მოვფინოთ, მივმართავთ სახელმწიფო ანტიმონოპოლიურ სამსახურს, კერძოდ „კონკურენციის სააგენტოს“, შეისწავლოს აღნიშნული საკითხი და თუ საქმე გვაქვს მონოპოლიურ ფასებთან, მიიღოს შესაბამისი ზომები.
“ედპ”-ს სამეგრელოს ბიუროს ლიდერმა, კახა ჯიქიამ გასულ კვირას ხელისუფლებას სამეგრელოს რეგიონში ე.წ. თეთრი პეპელას წინააღმდეგ ზომების მიღება მოსთხოვა.
ამის შესახებ, კახა ჯიქიამ ზუგდიდში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ეროვნულ-დემოკრტიულმა პარტიამ სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრების შემდეგ, ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად ე.წ. თეთრი პეპელა გამოკვეთა. მან აღნიშნა, რომ მავნებელი სამასზე მეტი სახეობის მცენარეს აზიანებს.
„არაერთხელ თქმულა ამ პრობლემის შესახებ, თუმცა რეალურად კი არაფერი არ კეთდება იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ მოსავლის განადგურების საფრთხე“- განაცხადა ჯიქიამ.
ედპ-ს სამეგრელოს ბიუროს ლიდერს მიაჩნია, რომ აუცილებელია შხამქიმიკატების მიწოდება თითოეულ სოფლისთვის. ასევე, კახა ჯიქიამ აღნიშნა, რომ ინდივიდუალური შესასხურებელი აპარატები დიდი რაოდენობით უნდა გავრცელდეს და რაც მთავარია, ყველასთვის ხელმისაწვდომ ფასად წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსავალი განადგურების საფრთხის წინაშე დადგება. „ამის მაგალითად გასული წელიც საკმარისია, როცა მავნებელმა არნახულ მასშტაბებს მიაღწია და სრულად მოიცვა რეგიონის მთელ ტეროტორიაზე არსებული მწვანე საფარი“.
ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ქვემო ქართლის ორგანიზაციამ რეგიონში არსებულ პრობლემებზე სპეციალური ბრიფინგი გამართა.
ედპ-ს ქვემო ქართლის ორგანიზაციის თავმჯდომარე, გოჩა ცეკვაშვილმა და პარტიის დეპუტატმა რუსთავის საკრებულოში, უტა ლიპარტიამ ქვემო ქართლის რეგიონში და რუსთავში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.
როგორც გოჩა ცეკვაშვილმა განაცხადა, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია რეგიონებში ატარებს შეხვედრებს, მათ შორის ქვემო ქართლში, რომლის დროსაც რეგიონში უამრავი პრობლემა გამოიკვეთა, მათ შორისაა უმუშევრობა, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და საწვავის ხელმიუწვდომობა გლეხებისთვის და ჯანდაცვის პრობლემები.
"ჩვენ აქტიურად ვხვდებოდით მოსახლეობას, შემოვიარეთ ქვემო ქართლის ყველა მუნიციპალიტეტი და სოფელი. მოსახლეობის მთავარი პრობლემა უმუშევრობაა. ამის გარდა, სოფლად სასოფლო-სამეურნეო სახის პრობლემებია, გაძვირდა საწვავი, ტექნიკის დაქირავება ძვირია და გლეხს ამის სახსრები არ გააჩნია. სახელმწიფო თუ არ დაეხმარა ჩვენს გლეხებს, არ არის იმედი იმისა, რომ სოფლის მეურნეობა განვითარდება. თუ სოფელი ფეხზე არ დადგება ჩათვალეთ, რომ ქალაქსაც პრობლემები შეექმნება", - განაცხადა ედპ-ს ქვემო ქართლის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოჩა ცეკვაშვილმა.
საკრებულოს წევრის უტა ლიპარტიას განცხადებით „რეგიონში მნიშვნელოვანი პრობლემაა წყალმომარაგება, რომელიც კვლავაც არ გადაჭრილა, მიუხედავად მრავალგზის მცდელობისა. ამას ემატება მაღალი ტარიფები იგივე წყლის გადასახადზე და ჩვენ, საკრებულოს უახლეს სხდომაზე აუცილებლად დავაყენებთ აღნიშნულ საკითხებს.“
კომენტარი