სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბიძინა ივანიშვილი: გვყავს არაკორუფციული მთავრობა და გვაქვს ასეთი სუსტი ეკონომიკა

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი ბიზნესის ხელშეწყობისთვის ყველაფერს აკეთებს. როგორც ივანიშვილმა კონფერენციაზე ”საქართველოს ეკონომიკა და ბიზნესგარემო” განაცხადა, საქართველოს ჰყავს გამჭვირვალე და არაკორუფციული მთავრობა, თუმცა ეკონომიკა სუსტია.

”კვირიკაშვილი ყველაფერს აკეთებს, რომ ხელი შეუწყოს ბიზნესს. გვყავს გამჭვირვალე, არაკორუფციული მთავრობა და გვაქვს ასეთი სუსტი ეკონომიკა, როგორიც გვაქვს. გვაქვს ევროპული ტიპის დემოკრატია და თუ მოვახერხებთ ამის შენარჩუნებას, შევძლებთ ეკონომიკა განვავითაროთ. დღეს გვყავს მთავრობა, რომელიც იმართება ხალხისგან, იმართება ბიზნესისგან და ყველა თქვენს გამოძახილს ეხმაურება, რომ ლობირება გაგიწიონ. საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელიც გაჭირვებულია, შეუძლიათ, რომ სხვა მიმართულებით წაიყვანონ და დავკარგოთ ის სტაბილურობა, რომელიც ჩვენ გვაქვს”, - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოში საკუთრება დაუცველი იყო და ხელისუფლება ერეოდა ბიზნესაქმიანობაში.

”იმასაც შეგახსენებთ, რა დონეზე იყო ადამიანის უფლებები - ძალიან დაბლა, ნულთან ახლოს. ერთი ჯგუფი კი კანონზე მაღლა იდგა და ყველაფრის უფლებას აძლევდა საკუთარ თავს. სიტუაცია იყო ძალიან მძიმე, სწორედ ამ მიზნით მოვედი პოლიტიკაში. მოკლედ შეგახსენებთ რა გაკეთდა: ადამიანის უფლებების და დემოკრატიის მხრივ, საქართველო ევროპის შესადარი გახდა. დღეს ვერავინ იტყვის, რომ ვინმე ერევა პირად საკუთრებაში ან სასამართლოს დამოუკიდებლობაში ან მედიის თავისუფლებაში. ჩემი გადმოსახედიდან მაქსიმალურად გაკეთდა ყველაფერი, რომ ადამიანის უფლებები ძალიან ახლოს იყოს ევროპულთან. ამ დროს ეკონომიკა 6-ჯერ ჩამორჩება უფრო მეტჯერ განვითარებული ქვეყნების ეკონომიკას. ასეთი დისბალანსი საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას”, - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ძალიან ბევრი დაუსაქმებელია საქართველოში.

”აქ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. სიღარიბე, რომელსაც წარმოაჩენენ ოპოზიციური ძალები და მათგან მართული მედია, ქმნის ხიბლს, რომ ეს არის ხელისუფლების ბრალი, ეს ხელისუფლება უნდა მოვიშოროთ და სანაცვლოდ აბსოლუტურად გაუაზრებელ დაპირებას სთავაზობენ. აქ ბიზნესს საკუთარი პოზიცია უნდა ჰქონდეს და დაეხმაროს საზოგადოებას. ჩვენ უნდა შევაფასოთ, ხელისუფლებას რისი გაკეთება შეეძლო და არ გააკეთა, მაგრამ ეიფორიული წინადადებებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანა შეიძლება ხიფათთან იყოს დაკავშირებული და ქვეყანას სტაბილურობა დააკარგინოს. თუ კიდევ ერთელ შევაფასებთ სხვაობას დემოკრატიულ ღირებულებებსა და ეკონომიკას შორის, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გადავლახოთ ეს დისბალანსი, შევინარჩუნოთ თავისუფალი კონკურენტული ბაზარი”, - აღნიშნა ივანიშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100