სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ექსპერტები პრემიერს ბიზნესის გახშირებულ საგადასახო შემოწმებებზე მიმართავენ

ბოლო პერიოდში, ბიზნესმენების გარკვეული ნაწილის მხრიდან გახშირდა განცხადებები ქვეყანაში საგადასახადო შემოწმებების სიხშირის და საგადასახადო შემოწმების ვადების ზრდის თაობაზე. ამ საკითხს პრესაში გასულ კვირას საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენელიც გამოეხმაურა და საგადასახადო შემოწმებებთან დაკავშირებით დღეს არსებული მიდგომების და პრაქტიკის სისტემური ცვლილებების გატარების აუცილებლობის საკითხი დააყენა. რა თქმა უნდა, ეს საკითხი თანაბრად ეხება ბიზნესის ყველა წარმომადგენელს, მაგრამ აღნიშნული პრობლემა ბოლო პერიოდში, განსაკუთრებულად მტკივნეული ნავთობ-პროდუქტების იმპორტიორი და რეალიზატორი კომპანიებისთვისაა.

ბუნებრივია, ის მანკიერი პრაქტიკა, რაც წარსულში თან ახლდა საგადასახადო შემოწმებებს საწარმოების დალუქვების, საქმიანობის შეჩერების სახით, დღეს პრაქტიკულად მინიმუმამდეა დაყვანილი და ეს, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. თუმცა, თემა დაკავშირებული შემოწმებების სიხშირესა და შემოწმების ვადებთან დაკავშირებით, კვლავ აქტუალური და პრობლემურია ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისთვის.

ამასთან, ნავთობ-პროდუქტების იმპორტიორი და რეალიზატორი კომპანიებისთვისსაკითხს კიდევ უფრო ამწვავებს დაუსრულებელი დავა და კამათი საქართველოში ნავთობპროდუქტების ფასის ადექვატურობასთან დაკავშირებით. ანუ, რამდენად შეესაბამება საქართველოში ბენზინსა და დიზელის საწვავზე არსებული ფასები, საერთაშორისო ბაზრებზე არსებულ მდგომარეობას და საფასო ტენდენციებს.

დღეს, ქვეყანაში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების და სახელმწიფო კონტროლის ინსტრუმენტების შემდგომი სრულყოფის აუცილებლობის საკითხის გათვალისწინებით, ბიზნესთან ჯანსაღი, შედეგზე ორიენტირებული კომუნიკაციის და მიმზიდველი ბიზნეს გარემოს ჩამოსაყალიბების უზრუნველსაყოფად, მოგმართავთ წინადადებით:

დაისვას საკითხი და მთავრობის ეკონომიკური საბჭოს ფორმატში შესწავლილ იქნეს მაკონტროლებელ ორგანოებში საგადასახადო შემოწმებებისადმი დღეს არსებული მიდგომების სისტემური ცვლილების მიზანშეწონილობის საკითხი. უპირველეს ყოვლისა, ეს გულისხმობს საგადასახადო შემოწმებების პრაქტიკის ლიბერალიზაციის პროცესის შემდგომ გაგრძელებას, საგადასახადო შემოწმებების სიხშირის ოპტიმიზაციის და საგადასახადო შემოწმებების ვადების შემცირების მიზნით.

მნიშვნელოვანია, საქართველოს კონკურენციის სააგენტომ მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში უზრუნველყოს ნავთობპროდუქტების ბაზრის კვლევის დასრულება და საზოგადოებისთვისშესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების წარდგენა. აღნიშნული კვლევის შედეგების საჯარობის და მაქსიმალურად გამჭვირვალე პირობებში განხილვის უზრუნველყოფა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ნავთობპროდუქტების ბაზრის და ნავთობპროდუქტების ფასების ირგვლივ საზოგადოებაში არსებულ კითხვებზე კომპეტენტური და ამომწურავი პასუხების გაცემას.

დღეს ბიზნესი მზად არის ხელისუფლებასთან აქტიური კომუნიკაციისთვის და თემატური თანამშრომლობისთვის, მათ შორის აღნიშნულ საკითხებზე კონსულტაციების გამართვის და შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივების მომზადების პროცესში აქტიური მონაწილეობისათვის. იგულისხმება, როგორც მთავრობის ეკონომიკური საბჭო, ისე საგადასახადო ორგანოები, კონკურენციის სააგენტო, ბიზნეს ომბუდსმენის აპარატი და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტები. ამ შესაძლებლობის მაქსიმალურად სწორი, ეფექტური და რაც მთავარია, დროული გამოყენება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს ქვეყანაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100