ჩოხატაურის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მეორე სართულიდან მოსწავლე გადავარდა
ჩოხატაურის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მეორე სართულიდან დაუდგენელ ვითარებაში მოსწავლე გადავარდა. გოგონა უმძიმესი დაზიანებებით ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული.
მომხდარის ზუსტი მიზეზები, ჯერჯერობით, უცნობია. შემთხვევა სკოლაში მესამე გაკვეთილის მიმდინარეობის დროს დაფიქსირდა.
„კურიერის“ ინფორმაციით, გოგონა სპორტის გაკვეთილზე იმყოფებოდა, რა დროსაც მას დაურეკეს, თუმცა, მასწავლებლებმა არ იციან, ვინ დაურეკა და რა უთხრეს მას.
ტელეფონზე განხორციელებული ზარის შემდეგ, მოზარდმა სპორტის გაკვეთილი დატოვა, ცარიელ საკლასო ოთახში განმარტოვდა, რის შემდეგაც ის სკოლის ადმინისტრაციამ გადმოვარდნილი იპოვა.
სკოლის მასწავლებლები და ექიმები კი მომხდარისა და გოგონას მდგომარეობის შესახებ განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ.
მასწავლებლები არ ადასტურებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მეთორმეტეკლასელი შესაძლოა გადმოხტა კლასიდან. მათი თქმით, სავარაუდოდ, მას ფეხი დაუცდა და ამის შემდეგ გადმოვარდა.
„ეს ბავშვი ამოვიდა დაბლიდან, სპორტი ჰქონდათ ის, წამოვიდა, ტელეფონი ხელში ეჭირა და შემოვიდა აქ, ალბათ, ცარიელ ოთახს ეძებდა, არ ვიცი, რისთვის. კარგი ხედია, სურათები რომ გადაეღო და ამ დროს, შემომჯდარი რომ იყო, გადაიქნია, ხან ინერციით ან რაღაც, ხანდახან გული მისდიოდა ამ ბავშვს,“ - განაცხადა ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილმა, ქეთევან კუბლაშვილმა.
პედაგოგების თქმით, დაშავებულმა მათ თავად უამბო, რომ ფოტოს გადარების მცდელობის დროს გადავარდა.
„ჩვენ რომ მივედით უცებ, მაშინვე თქვა, რომ სელფს ვიღებდიო, გადავიწიე ძალიანო და მერე თვალს დამიბნელდაო,“ - ამბობს, პედაგოგი ქეთევან კუბლაშვილი.
ექიმის თქმით, გოგონა სამედიცინო დაწესებულებაში მძიმე ტვინის შერყევით შეიყვანეს. ექიმის განცხადებით, მოზარდი კონტაქტური არ იყო და მას ცნობიერება დაკარგული ჰქონდა.
„საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში. იყო სიმაღლიდან ვარდნა, როგორც გვითხრეს, პოლი ტრავმა... გამოვლინდა მარცხენა ბარძაყის ძვლის ყელის მოტეხილობა, ასევე ბოქვენის ძვლის მოტეხილობა. პაციენტი საჭიროებდა შემდგომი დიაგნოზის დაზუსტების მიზნით აუცილებლად კატეკვლევის ჩატარებას ამიტომ, შემდგომი კვლევების და მკურნალობის გაგრძელების მიზნით გადაყვანილი იქნა ქალაქ ქუთაისში, რეგიონალურ კლინიკურ საავადმყოფოში,“ - აცხადებს ექიმი-რეანიმატოლოგი, ნანა ჯიბუტი.
კომენტარი