შეიცავს თუ არა საქართველოში იმპორტირებული საწვავი ტყვიას?
NDI-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ლორა თორნტონმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც ის მეგობრებს მოუწოდებს, აიღონ სისხლის ანალიზი და შეამოწმონ მასში ტყვიის შემცველობა. თორნტონის თქმით, მის შემთხვევაში, სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა გამოვლინდა, რასაც ის საქართველოში იმპორტირებული საწვავის დაბალ ხარისხსა და მასში ტყვიის შემცველობას უკავშირებს.
„მეგობრებო საქართველოში, აიღეთ სისხლის ანალიზი ტყვიის შემცველობაზე. ჩემი გაცილებით მაღალია ამერიკის და ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე, სხვების - სერიოზულად საშიშ დონეზეა. მოხარული ვარ, რომ პრემიერმინისტრი და სხვები პირობას იძლევიან, რომ ამ პრობლემას მიხედავენ და ნორმალური ხარისხის საწვავზე გადასვლას აპირებენ“ - წერს თორნტონი.
თორნტონის მოსაზრებას არ ეთანხმებიან ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში. მისი ხელმძღვანელი, ვანო მთვრალაშვილი „ეკომედიასთან“ საუბრისას ამბობს, რომ საქართველოს ბაზარზე ტყვიის შემცველი საწვავი არ შემოდის და გავრცელებული მოსაზრება, თითქოს ქვეყანა აზერბაიჯანიდან ან სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი და დაბალი ხარისხის საწვავით მარაგდება, სიმართლეს არ შეესაბამება. მისი განმარტებით, ადგილობრივი ბაზარი მხოლოდ ევროპიდან მარაგდება.
„საქართველოში ბენზინის საწვავზე მთავრობის დადგენილების მიხედვით მოქმედი ხარისხობრივი ნორმები შეესაბამება ევრო-5 სტანდარტს, ბენზინის საწვავის იმპორტი ხდება ევროკავშირის ქვეყნებიდან; რუმინეთიდან, ბულგარეთიდან, საბერძნეთიდან. წლებია, არ ხდება ბენზინის იმპორტი თურქმენეთიდან და აზერბაიჯანიდან, ვინაიდან იქ წარმოებული ბენზინი ვერ აკმაყოფილებს ჩვენი მთავრობის დადგენილების მოთხოვნებს საწვავის ხარისხობრივ ნორმებთან დაკავშირებით. ამაზე ჩატარებულია მრავალი კვლევა, - მათ შორის, გარემოს დაცვის სამინისტროსა და სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ, სადაც არასდროს დაფიქსირებულა ტყვიის შემცველი ბენზინის არსებობა ჩვენს ქვეყანაში“ - ამბობს ვანო მთვრალაშვილი.
საქართველოში საწვავის იმპორტიორი ერთ-ერთი მსხვილი კომპანია, „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ დირექტორის, ლევან გიორგაძის თქმით კი, მათ მიერ იმპორტირებული ყველა ტიპის ბენზინი და დიზელი, გარდა ნანო დიზელისა, ქვეყანაში შემოდის ევროპიდან და სრულად აკმაყოფილებს ევროკავშირის მიერ დაწესებულ სტანდარტს.
„ძალიან სამწუხაროა, რომ მოსახლეობა არაა ინფორმირებული და არასწორ დასკვნებს აკეთებს. დავიწყოთ იმით, რომ უკვე წლებია, საქართველოში აზერბაიჯანიდან ბენზინი არ შემოდის. ეს შეგიძლიათ, საბაჟო დეპარტამენტთან ან სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან გადაამოწმოთ.
რაც შეეხება საქართველოში იმპორტირებულ ბენზინს, ძირითადად, ჩვენს ქვეყანაში ბენზინი შემოდის ბულგარეთიდან, რუმინეთიდან, რუსეთიდან და საბერძნეთიდან და აბსოლუტურად ყველა ტონა შემოტანილი ბენზინი შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტს გარემოს დაცვასთან მიმართებაში, - მათ შორის ტყვიასთან მიმართებაში. შესაბამისად, ზუსტად ის ბენზინი შემოდის, რომლითაც სარგებლობენ ევროკავშირის მოქალაქეები.
რაც შეეხება დიზელს, ის საერთოდ არ შეიცავს ტყვიას, - არც ევროპული, არც აზერბაიჯანული და არც აფრიკული დიზელი“ - თქვა ლევან გიორგაძემ.
NDI-ს საქართველოს ოფისის პრესსამსახურში ამბობენ, რომ ლორა თორნტონი Facebook-პოსტთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარს არ აკეთებს, რადგან ეს მისი, როგორც შეწუხებული მშობლის პოზიციაა და ის პირად სივრცეში საკუთარი მოსაზრების გამოქვეყნებისას რაიმე ექსპერტულ კვლევას არ დაყრდნობია.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის 2017 წლის მონაცემებით, დედაქალაქის ჰაერში ტყვიის შემცველობა 2008 წლის შემდგომ აღარ აჭარბებს დასაშვებ ზღვარს, ანუ 0.0003 მგ/მ³-ს.
რამდენიმე დღის წინ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) გამოაქვეყნა 2018 წლის ანგარიში ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის შესახებ. რეიტინგში საქართველო 70-ე ადგილზეა. გასულ წელს, აღნიშნული მაჩვენებლით, საქართველო მე-4 ადგილზე მოხვდა, რაც, გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, არაზუსტი მონაცემების ანალიზის და მოძველებული სტატისტიკის გამოყენებამ განაპირობა.
კომენტარი