ქართველი რაგბისტის ორიგინალური ქორწილი, პატარძალი შორტებით და ცერემონია სტადიონზე (ფოტო)
ორიგინალური ქორწილი, ამ სტატუსს ნამდვილად იმსახურებს რაგბიში საქართველოს ჩემპიონი გუნდის "ლელოს" წევრის სანდრო ქოიავას (იგივე ხაჭაპურას) და მარიამ დათუკაშვილის ქორწილი.
ლელოს გუნდის ფორმა, ფოსფორისფერი ბოტასები და ფატა ეს პატარაძლის საქორწინო ტანისამოსი გახლდათ. არანაკლებ ორიგინალური იყო სიძისა და მისი მეგობრების ჩაცმულობა, "ლელოს" წევრები ქორწილის ცერემონიაზე მოკლე შორტებით, მაღალყელიანი წინდებით, თეთრი პერანგებითა და ე.წ. „ბაბოჩკებით“ გამოცხადდნენ. რაც შეეხება მარიამის მეჯვარეებს, ისინი შავი ფერის მოკლე ქვედაბოლოებსა და ცისფერ მაისურებში იყვნენ გამოწყობილნი, მათ ზედატანებზე ამოიკითხავდით წარწერას „Mr. & Mrs. Khachapura”. მოკლე შორტები ეცვათ ქორწილის სხვა სტუმრებსაც.
მარიამისა და სანდროს ქორწილის ფოტოებს სოციალურ ქსელში შემთხვევით წავაწყდი და გადავწყვიტე მათ შესახებ სტატია მომემზადებინა, მარიამს დავუკავშირდი და ინტერვიუზე სიამოვნებით დამთანხმდა, თუმცა ჩემს კითხვებზე პასუხის გაცემა საპატიო მიზეზით დააგვიანა.
„ახლა სანდრო ვარჯიშზეა , დაახლოებით 10 წუთში უნდა მოვიდეს, მე პირველად ვუმზადებ სადილს და დავამთავრებ და ყველაფერს მოგწერ კარგი?“ - მითხრა მარიამმა და მივხვდი, რომ ახალბედა, მაგრამ მზრუნველ ცოლს ვესაუბრებოდი, ამ ერთი ფრაზით ნათელი გახდა, რომ არატრადიციულ ქორწილს ტრადიციული გაგრძელება მოჰყოლია.
მარიამი 23 წლის გახლავთ და ბანკ რესპუბლიკაში კლიენტთა მომსახურების ოფიცერია, 21 წლის სანდრო კი "ლელოს" შერკინების მოთამაშეა. მათ ერთმანეთი აუზზე გაიცნეს.
მარიამი: სანდროს დედა ჩემთან ერთად მუშაობდა მერიაში, დედასთან ვმეგობრობდი, აღმოჩნდა, რომ მე და სანდრო ერთი და იგივე აუზზე დავდიოდით ოღონდ სხვადასხვა დროს, სანდრომ ჩემს ვიზიტს დაამთხვია მოსვლა და იქ გავიცანით ერთმანეთი. დაეთხვა ისიც, რომ ჩემი დაბადების დღისთვის კაბას ვიკერევდი მის უბანში, რომელიც დედამისმა, თამუნამ მირჩია, ასე ყოველდღე ვხვდებოდით ერთმანეთს ხან აუზზე და ხან მკერავთან, მერე სანდრომ ტრამვა მიიღო და ოპერაცია გაიკეთა, ნარკოზიდან, რომ გამოვიდა მაშინვე მე დამირეკა კარგად ვარო, ამით მივხვდი, რომ მისთვის მნიშვნელოვანი ვიყავი. ასევე ერთად გავიარეთ ოპერაციის შემდგომი სპორტული რეაბილიტაცია, მთელს თბილისში ფეხით დავდიოდით, კუს ტბაზე დავრბოდით, ვსაუბრობდით და ასე შეგვიყვარდა ერთმანეთი.
აუზზე შენს გასაცნობად მოვიდა ანუ დედამისმა უთხრა ასეთი და ასეთი გოგოა და სარძლოდ მომწონსო?
კიიი ზუსტად, თამუნამ თურმე რაც გამიცნო, მას შემდეგ სახლში სანდროს უყვებოდა ჩემზე , რომ სარძლოდ მოვწონდი, ჩემს ფოტოებს აჩვენებდა, მაგრამ დაახლოებით ნახევარი წელი ვერ დაითანხმა მხოლოდ იმიტომ, რომ დედამ უთხრა, მერე უნივერსიტეტში მოუკრავს თვალი და გადაწყვიტა აუზზე მოსვლა.
ხელიც ისევე ორიგინალურად ხომ არ გთხოვა, როგორიც ქორწილი იყო?
ხელი არ უთხოვია, ყველაფერი ერთად გადავწყვიტეთ, ნახევარი წელია სახლს ვეძებთ გირით და როგორც კი ვიპოვეთ ყველაფერი ერთად დავგეგმეთ. თუმცა 2 წლის წინ აუზზე ნიჟარა გამიკეთა თითზე.
ქორწილის იდეა ვის მოუვიდა?
ქორწილი სანაპიროზე, შუქნიშანზე დავგეგმეთ, სანდროს შევთავაზე სტადიონზე ხელის მოწერის იდეა და თავიდან გაეცინა, მერე ავუღწერე მისი ჩაცმულობა და რომ ყველა მისი გუნდის წევრი ასევე იქნებოდა ჩაცმული, როგორ მოვაწერდით ხელს და სხვა დეტალები, რათქმაუნდა დამთანხმდა, თავისი გუნდის, ,,ლელოს პრეზიდენტს ბატუ კევლიშვილს და მწვრთნელს ლევან მაისაშვილს უთხრა იდეა, ისინიც სიამოვნებით დაგვთანხმდნენ ქორწილის ,,ლელოს ბაზაზე " ჩატარებაზე. ასევე გუნდის ყველა წევრი აქტიურად ჩაერთო ცერემონიის დაგეგმვაში და ყველას ასე ერთად გამოგვივიდა უმაგრესი საღამო. სანდროს მეორე ოჯახთან, ლელოს მოთამაშეებთან ერთად ავღნიშნეთ ჩვენი ქორწილი.
კომენტარი