ტროპიკულ შტორმამდე "ჩამოლაბორანტებულმა" "აირინმა" აშშ გაიარა და კანადისკენ მიიწევს
ქარიშხალმა “აირინმა”, რომელიც ბოლოს უკვე ტროპიკულ შტორმად იქცა (ქარის სიჩქარე 140-დან 105 კმ-მდე დაეცა), აშშ-ს უკვე გადაუარა და გზა კანადისკენ გააგრძელა. საგანგებო ზომებზე ახლა კანადის ხელისუფლება ფიქრობს, აშშ კი უკვე გამოდის შოკიდან და ჭრილობებს იშუშებს.
ქარიშხალმა ოკეანეში სამმეტრიანი ტალღები წარმოქმნა. წყალდიდობა ერთდროულად 7 შტატს დაატყდა თავს. ვირჯინიასა და ჩრდილოეთ კაროლინაში ქარიშხალთან ერთად ტორნადოც წარმოიქმნა. წინასწარი მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი თხუთმეტამდე გაიზარდა. მათი უმრავლესობა ავტოსაგზაო შემთხვევბის დროს და მოგლეჯილი ხეების დაცემისგან დაიღუპა. მათ შორის 11 წლის ბავშვია. იგი მანქანაში იჯდა, რომელსაც ფესვებიანად მოგლეჯილი ხე დაენარცხა. ჩრდილოეთ კაროლინაში დაიღუპა სერფერი, რომელიც იქ სპეციალურად ჩავიდა, რათა უჩვეულო სიმაღლის ტალღებზე სერფინგით დამტკბარიყო. პალმ-ბიჩში, ზღვაში შეჭრილ დამბაზე მყოფი რვა ადამიანი ოკენეში წარმოქმნილმა გიგანტურმა ტალღამ წყალში ჩარეცხა და ისინი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩნენ. ვირჯინიაში მაშველებმა ზღვიდან წყვილი ამოიყვანეს, რომელმაც, მრავალგზის გაფრთხილების მიუხედავად, შტორმის დროს ოკეანეში ცურვა გადაწყვიტა.
ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში ქარიშხალს უკვე აღარაფერი მოგაგონებთ. აშშ-ის დედაქალაქში დილიდან მოწმენდილი ცა და დარია, მოქალაქეები ჩვეულებრივად მოედნენ ქუჩებს, ოღონდ, ყველა მაღაზია და დაწესებულება ჯერ არ გაღებულა - შიში მაინც არის დარჩენილი. კომუნალური სამსახურის წარმომადგენლები ქუჩებს ქარიშხლის ნარჩენებისგან ათავისუფლებენ. თუმცა, დაზარალებულები ჯერაც მრავლად არიან. ძიროთადად, მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ელექტროენერგიის გარეშე დარჩა: ასეთთა რიცხვი არც ისე ცოტაა: თავდაპირველად ელ. ენერგიის მიწოდება 150 ათასამდე აბონენტს შეუწყდა, მოგვიანებით კი მათი რიცხვი სპეციალურმა ბრიგადებმა დაახლოებით ათი ათასით შეამცირეს.
მერილენდში ავტომატურად გამორთული ბირთვული რეაქტორი, რომლის ნაგებობაში მოულოდნელად ალუმინის ნატეხი მოხვდა, უკვე ჩაირთო. მოძრაობა აღდგენილია გზატკეცილებსა და შოსეებზე, მაგრამ უამრავი საგზაო მაგისტრალი ჯერაც დატბორილი და გაუვალია.
ბევრმა მედიასაშუალებამ ქარიშხლის მოლოდინში გატრუნული ნიუ-იორკი მოიხსენია, როგორც “ქალაქი-მოჩვენება”. მართლაც, მეგაპოლისი, რომელსაც არასდროს ძინავს, ამ დღეებში ჩვეულოდ დაცარიელდა: მოსახლეობის უმრავლესობამ ხელისუფლების წარმომადგენელთა მოწოდებები გაითვალისწინა და ქარიშხალი კარგად დაგმანულ ფანჯრებს მიღმა გადაიტანა. “აირინმა” ქალაქს უმნიშვნელო დაზიანება მიაყენა: დაზიანდა მეტროს სამი ხაზი, დაიტბორა ქუჩები.ხვალიდან უკვე საზოგადოებრივი ტრანსპორტიც იმუშავებს და აეროპორტებიც გაიხსნება.
იმის მიუხედავად, რომ ქარიშხლის მთავარმა შემოტევამ განვლო, ნიუ-იორკში მაინც ფრთხილობენ. სპეციალისტები აცხადებენ, რომ მოვლენების უარესად განვითარება - მდინარე ჰუძონის გადმოსვლა კალაპოტიდან და ქალაქის ნაწილის დატბორვა ჯერაც არაა გამორიცხული. მანჰეტენის ქვედა ნაწილში მდებარე ბეტერი-სკვერი დატბორილია. იქ მცხოვრებლებს იძულებითი წესით ევაკუაცია შეეხო.
“აირინმა” ახალი ინგლისისკენ გადაინაცვლა. ამ დროისთვის მან კონექტიკუტის შტატი გაიარა და გეზი კანადისკენ უჭირავს - 41 კმ/სთ-ის სიჩქარით. აშშ-ში მისი გადაადგილების მარშრუტი კი ასეთი იყო: ჩრდ. კაროლინა, ვირჯინია, მერილენდი, კოლუმბიის ოლქი, დელავერის შტატი და პენსილვანია.
კომენტარი