სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნინო ბურჯანაძე: „ჩხუბი მორევაზეა“

ნინო ბურჯანაძემ უკრაინელ ჟურნალისტებს ანგარიში ჩააბარა და დღეს ქართული მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.

ნინო ბურჯანაძე მაისის მოვლენებზე პასუხისმგებლობას, ტრადიციულად ხელისუფლებას აკისრებს და საკუთარი თავის მსხვერპლის როლში წარმოდგენას განაგრძობს. უკრაინიდან ორი დღის წინ დაბრუნდა, თუმცა კიევში რამდენიმე „საიდუმლო“ შეხვედრა ჰქონდა. პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის კიევში ბადრი ბიწაძესაც შეხვდა. თავად ბურჯანაძე უარყოფს მეუღლესთან შეხვედრას და ასეთ განცხადებას აკეთებს. „ჩემ მეუღლეს არც ცხინვალში შევხვედრივარ, არც რუსეთში და არც უკრაინაში. როდესაც საჭიროდ ჩავთვლი, მაშინ შევხვდები“.

კითხვაზე თავის არიდება, ან უარესს შემთხვევაში მოტყუება, ბურჯანაძეს კარგად გამოსდის. ის 26 მაისის შემდეგ აცხადებდა, რომ მან არ იცოდა მისი მეუღლის ადგილსამყოფელი, დღეს კი ირკვევა, რომ ბადრი ბიწაძე, მეუღლის მამიდასთან, ბოლნისში იმყოფებოდა.

„ გუბაზ სანიკიძემ ჩემი მეუღლე, სოფელ სარკინეთთან ნახა ტყეში. მას ბადრის თბილისში წამოყვანა სურდა, თუმცა ჩემმა მეუღლემ ბოლნისში, მამიდაჩემთან დარჩენა ამჯობინა. ორი დღის შემდეგ იქიდანაც წავიდა“. თუ სად... ბურჯანაძე არ აკონკრეტებს. „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს“ ლიდერს აინტერესებს, რატომ არის ლიბიელი ხალხი გმირი ან ეგვიპტელი, რომლებიც კალაშნიკოვებით იბრძვიან და რატომ არის დამნაშავე ქართველი, რომელიც დროშის პლასტმასის ტარით ცდილობს თავის დაცვას მიტინგზე? ბურჯანაძე პროგნოზსაც აკეთებს.

„აუცილებლად მოხდება ის, რაც ლიბიაში მოხდა, მაგრამ 20 წლის შემდეგ და ამას დიდი სისხლი მოყვება. ამიტომ ჯობია ადრე გააკეთო ეს უმტკივნეულოდ და უსისხლოდ, ვიდრე დაგვიანებით და მსხვერპლით“.

მაისის აქციების მთავარი გმირი ამბობს, რომ ყველანაირი პოლიტიკური ბრძოლის ფორმით გააგრძელებს ბრძოლას და უკან არ დაიხევს. მანადე კი ნინო ბურჯანაძე პასუხისმგებლობის გრძნობამ შეაწუხა. „მე ვგრძნობ პასუხისმგებლობას იმ ადამიანების წინაშე, ვინც 26 მაისს შემდეგ არიან დაპატიმრებულები.

ისინი დაპატიმრებულები არიან, ცრუ ბრალდებებით. მე ვხვდები ყოვედღიურად იურისტებს და ვიცი, რომ ამ ადამიანების უდანაშაულობას დავამტკიცებთ“–აცხადებს ბურჯანაძე.

„ჩხუბი მორევაზეა, ვნახოთ, როგორ მოგვერევიან“– აცხადებდა 22 მაისს გამართულ მიტინგზე ნინო ბურჯანაძე. დღეს კი პოლიტიკოსი მისსავე გაჟღერებულ ფრაზას სხვა ინტერპრეტაციას აძლევს. „ჩხუბი მორევაზეა, მაგრამ ნაცემი და დამაპტიმრებული ადამიანი შეიძლება უფრო გამარჯვებული იყოს, ვიდრე ის ვინც ძალით ცდილობს წინააღმდეგობის გაწევას“. სავარაუდოდ, პოლიტიკური პარტიის ლიდერს „გამარჯვებულთა“ რიგებში მიმალვაში მყოფი საკუთარი მეუღლე არ ჩაუყენებია. ნინო ბურჯანაძე მიტინგების მიმდინარეობისას ხშირად აცხადებდა, რომ მას და „სახალხო კრებას“ ყველანაირი გეგმა ჰქონდათ შემუშავებული და ნებისმიერი მოქმედება გათვლილი. თუმცა კრებასაც და გამოცდილ პოლიტიკოსსაც ერთი მომენტი გამორჩათ. ის, რომ ნებისმიერი სახელმწიფო აღკვეთს ფაქტს, რომელიც ქვეყნის სახელმწიფოებრიობას უქმნის საფრთხეს.

ბურჯანაძე დღეს მმართველ გუნდზე გაბრაზებულია და იმუქრება, რომ მის პირად მიბილურში შენახულ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს დღის სინათლეზე გამოიტანს.

მანამდე კი აპირებს უკან არ დაიხიოს და პოლიტიკური ბრძოლის ნებისმიერი ფორმა გამოიყენოს. სავარაუდოდ ნინო ბურჯანაძე, ახალი რევოლუციის სხვა გეგმას მოხაზავს, ვინაიდან დიდი ხნის წინ დაანონსებული აქცია არ შედგა და „ჩხუბშიც“ დამარცხდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100