
9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი შესრულდა
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი შესრულდა. ამ დღეს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
აქციებმა თბილისში პიკს 4 აპრილს მიაღწია. ამ დღეს მოეწყო ფართომასშტაბიანი დემონსტრაცია, მთავრობის სახლის წინ კი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერებმა და აქციის სხვა მონაწილეებმა შიმშილობა დაიწყეს.
1989 წლის 7 აპრილს თბილისში შევიდა საგანგებო დანიშნულების მოტომსროლელთა დივიზიის მე-4 პოლკი, აგრეთვე, საგანგებო დანიშნულების მილიციის რაზმები პერმიდან და ვორონეჟიდან.
9 აპრილს, 11 საათზე კომენდანტის საათი თბილისში გამოცხადდა, მაგრამ ცნობა მოსახლეობას ტელევიზიით კომენდანტის საათის ამოქმედების შესახებ მხოლოდ 22 საათსა და 15 წუთზე მიეწოდა. ქალაქის სამხედრო კომენდანტად როდიონოვი დაინიშნა.
აქციის დარბევა დილის 4 საათზე დაიწყო. დარბევისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა ქიმიური საშუალებები, სასანგრე ბარები, ცეცხლსასროლი იარაღი, ჯავშანმანქანები და ტანკები გამოიყენეს.
დარბევის შედეგად ათასობით მოქალაქე მოიწამლა.
1989 წლის 9 აპრილიდან 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღდგენილად გამოაცხადა.
კომენტარი