სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფეისბუქ-ლიფების ქართული ცისარტყელა

შავი, წითელი, ვარდისფერი, თეთრი, მწვანე, ლურჯი, ისევ შავი... საღამოს ფეისბუქის კედელზე მეგობრების მიერ მხოლოდ ასეთი ფერების ჩამონათვალი დამხვდა. ვიფიქრე, დილას ყველაფერი რიგზე დავტოვე, რამ გაარომანტიკოსა ასე ერთბაშად ეს ხალხი-მეთქი და საკუთარი სტატუსის გრაფაში კიდევ უფრო მხატვრულად ჩავწერე: „როგორიცაა სიტყვა მოიისფრო“!

მოგვიანებით გავარკვიე, რომ ამ ყველაფერს ძალზე პრაგმატული ახსნა აქვს: როგორც The Telegraph იტყობინება, ათასობით ქალბატონმა გადაწყვიტა სტატუსად საკუთარი ლიფის ფერი დაეწერა და ამით სარძევე ჯირკვლის სიმსივნის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში მიეღო მონაწილეობა.

თუმცა, როგორც ხდება ხოლმე, ამბის გავრცელებას თავისი ვარიაციებიც ახლავს თან და საქართველოშიც ამ ინფორმაციამ სახეცვლილება განიცადა.

ამაში მაშინ დავრწმუნდი, როცა სოციალურ ქსელზე რამდენიმე მეგობარი გოგონასგან ერთდროულად მომივიდა ასეთი შინაარსის დაკოპირებული წერილი, რომელსაც სრული სახით გთავაზობთ:

„ყველა გოგოს საყურადღებოდ!

ვნახოთ, მსგავსი რაღაც საქართველოშიც თუ გამოვა. ერთი წლის წინ თითქმის ყველა გერმანელ გოგონას სტატუსად ერთ–ერთი ფერი ეწერა. ყველას, განსაკუთრებით კი ბიჭებს, აინტერესებდათ, რატომ წერდა ყველა გოგო სტატუსად მაგალითად „შავი“ ან „წითელი“. ეს ყველაფერი მანამდე გაგრძელდა, სანამ ტელევიზიაში არ გაკეთდა რეპორტაჟი. საქმე კი იმაშია, რომ ყველა გოგოს უნდა დაეწერა თავის კედელზე ის ფერი, რა ფერის ლიფიც აცვია. ჩვენც დავპოსტოთ ფერები და ვიხალისოთ... ვნახოთ, რამდენ ხანს გასტანს გაუგებრობაში მამაკაცების ყოფნა. ამ წერილს არ უპასუხოთ. გაუგზავნეთ ის თქვენს მეგობარ ყველა გოგონას, რათა რაც შეიძლება მეტი გოგო ჩაერთოს. წაშალეთ ეს მესიჯი, თუ თქვენს Facebook-ზე ბიჭი შემოდის და აუცილებლად დაპოსტეთ ფერი ...დიდი მადლობა“.

მამაკაცებმა ქალებისგან „ჭორიკნებად“ და „ჩამშვებებად“ მონათლული პირებისგან უმალ გაიგეს სიმართლე და ფეისბუქზე ოპერატიულად გახსნეს გვერდი სახელწოდებით: „არ გვაინტერესებს ლიფის ფერი“, რომელიც ორიოდე საათში ათასზე მეტმა მომხმარებელმა მოიწონა. გაჩნდა ასეთი სახის სტატუსები:

„ლიფის ფერი, ბიჭის სახელის პირველი ასო, ''ex''-ების რაოდენობა , რა იქნება შემდეგი ? რას მოიფიქრებს გოგოების მოკლე ტვინი ?! დაველოდოთ“... „ხვალ ტრუსიკის ფერს დაწერენ !!! ველოდებით !!!“...

მათზე მოსულ ასობით კომენტარში კი არაფერია სიცილების მეტი. იცინის მთელი ფეისბუქი, ტექსტებით თუ სმაილებით. სარძევე ჯირკვალი აქ არსადაა ნახსენები, უბრალოდ, ზოგჯერ ხმარობენ მის მარტივ სინონიმს - ძუძუს. მით უმეტეს, არავის ახსოვს სარძევე ჯირკვლის სიმსივნით დაავადებულები ან მათი მხარდაჭერა.

ასე რომ, ავტომატურად ყველა ქართველ გოგონასთან გადაგზავნილი ზემოთმოცემული წერილის თავდაპირველ ავტორს ფეისბუქის მრავალრიცხოვან მომხმარებლებში, ალბათ, ეშმაკი თუ იპოვის, მაგრამ ერთი რამ ცხადია: გვიყვარს ქართველებს ყველაფრისთვის იუმორის თვალით შეხედვა.

ისევ ცისარტყელას ჰგავს ფეისბუქზე კედელი: შავი, წითელი, ვარდისფერი, თეთრი, მწვანე, ლურჯი, ისევ შავი...

ჩემს მხატვრულ სტატუსზე კი ასეთი შინაარსის კომენტარი გაჩნდა: „მაშასადამე“!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100