ედპ–ს გზავნილი: „მესამე ცენტრი“, სინამდვილეში მეორე პოლუსის პარაშუტი და მეხუთე კოლონაა
ედპ–ს დაარსების 95–ე წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო კონფერენციაზე, რომელიც საკმაოდ ორიგინალურ სტილში – დარბაზის შუა ნაწილში დადგმული ტრიბუნისა და ახალგაზრდების ფონზე ჩატარდა, პარტიის ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ მკვეთრი, საინტერესო და, შეიძლება ითქვას, სკანდალური აქცენტებიც დასვა, ამასთან, არცთუ უსაფუძვლოდ ივარაუდა, რომ ამ გზავნილების შემდეგ ის კრიტიკისა და ოპონენტთა თავდასხმების ობიექტი გახდებოდა.
ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის ლიდერმა მოხსენება ედპ–ს ისტორიითა და იმის ხაზგასმით დაიწყო, რომ პარტიის სათავეებთან ილია ჭავჭავაძე იდგა. ეს დეტალი მის მოხსენებას ლაიტმოტივად გასდევდა. ბაჩუკი ქარდავამ შეახსენა დამსწრეებს, რომ არასდროს, საქართველოს ძნელბედობის არცერთი ჟამის დროს, ედპ არ გამდგარა განზე, არ აურჩევია მაყურებლის ან ნეიტრალური პოზიცია და არ გაქცევია პასუხისმგებლობას.
წარსულიდან წმყოზე გადასულმა ბაჩუკი ქარდავამ ისეთ დეტალებს გაუსვა ხაზი, რომელზეც აქამდე ყურადღება ნაკლებად გამახვილებულა: ხელისუფლების კრიტიკასთან ერთად, ედპ–ს ლიდერს არც იმის აღნიშვნა დავიწყებია, რომ რუსული აგრესიის საფრთხე ქვეყანაში ჯერ კიდევ აქტუალურია:
„...ეროვნულ–დემოკრატები არასდროს დავმდგარვართ ხელგაწვდილი კრემლის კარზე მოწყალების მისაღებად. ჩვენ ვიდექით და ვდგავართ იქ, სადაც საქართველოს ინტერესები ითხოვს და სადაც კეთდება ჭეშმარიტად ქართული საქმე. ფაქტია, რომ ჩვენი მეზობელი სახელმწიფოს მხრიდან აგრესიული განწყობა და საფრთხეები არ შეცვლილა.
რუსეთს არ სურს შეეგუოს საქართველოს, როგორც სუვერენული სახელმწიფოს არსებობას. ხოლო თუ ჩვენ ვაპირებთ რუსეთის კაპრიზების გამო უარი ვთქვათ ჩვენს მიერ არჩეულ საგარეო პოლიტიკურ კურსზე, ეს საქართველოს დამოუკიდებლობაზე უარის თქმას ნიშნავს.
ნურავის ექნება იმის ილუზია, რომ „კრემლის საფრთხე“ განელებულია. ეს საფრთხე იქნება მანამ, სანამ იარსებებს რუსული იმპერიული პოლიტიკა.“, – აღნიშნა ბაჩუკი ქარდავამ.
ედპ–ს ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ კრემლის მიერ ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი გეგმების „მეხუთე კოლონის“ მეშვეობით განხორციელების რეალური საშიშროება ჯერ კიდევ არსებობს და ამ ეტაპზე ედპ–ს მთავარი ამოცანაა „ხმამაღლა დასვას შეკითხვები პარტიების საგარეო ორიენტირების შესახებ და აუცილებლად ამხილოს კრემლისკენ მზერამიპყრობილი პოლიტიკოსები“.
კაცმა რომ თქვას, ედპ–მ ამ პოლიტიკოსების პირდაპირი მხილება უკვე დაიწყო და იმის მიუხედავად, რომ პარტიის დაარსების 95 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პარტიის ამჟამინდელ ლიდერს არცერთი თანამედროვე პოლიტიკოსის გვარი არ დაუსახელებია, ძნელი ამოსაცნობი არ არის, ვის ბაღჩაში ისროლეს ჭოლოკი ეროვნულ–დემოკრატებმა:
„არა მგონია, ზოგიერთი პოლიტიკოსის კრემლისადმი ერთგულება სრულიად საქართველოს ოცნებად იქცეს. ქართული საზოგადოება არასდროს დაუშვებს, რომ ჩვენი შვილების მომავალი უკან შებრუნდეს. წარმოუდგენელია, რომ საქართველო არა ნატოსა და ევროკავშირის განვითარებული ქვეყნების რიგში, არამედ ისევ რუსული იმპერიის საზღვრებში, პუტინის ევრაზიულ კავშირში ვიხილოთ და საკუთარი თავი ამაოდ დავაჯეროთ, რომ „მონობის სანაცვლოდ“ წართმეულ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს დაგვიბრუნებენ.“
ედპ–ს გზავნილი იმასაც ეხებოდა, რომ საქართველოში დღეს ორი პოლუსი არსებობს, რომელშიც ერთ მხარეს დგას ხელისუფლება, თავისი უზარმაზარი სახელისუფლო ბერკეტებით, მეორე მხარეს კი წარმოდგენილია „მილიარდებით აღჭურვილი მისივე ერთგვარი ანარეკლი, სადაც პოლიტიკას ვაჭრობად აღიქვამენ და სადაც პარტიები მხოლოდ გარეგანი კოსმეტიკისთვის სჭირდებათ“.
აქვე ედპ–ს ლიდერმა ცივი წყალი გადაასხა მათ, ვისაც თავი ე.წ. მესამე ცენტრის წარმომადგენლად მიაჩნია. მისი მტკიცებით, არათუ მესამე ცენტრი არ არსებობს, არამედ ეს პოლიტიკოსები, რეალურად, „მეორე პოლუსის პარაშუტები“ არიან და მეხუთე კოლონის მისიას ასრულებენ:
„ისინი შეეცდებიან „შუა გაკრიფონ“ და მესამე პოლიტიკური ცენტრიც თავად დაიკავონ. არ შეიძლება ვერწმუნოთ იმ ადამიანის სიმართლეს, ვინც ერთი მხრივ, თავის პოლიტიკურ ეპისტოლეებში ავტორიტარიზმის წინააღმდეგ ილაშქრებს და მეორე მხრივ, თავად იწვევს ავტორიტარიზმის პროვოცირებას, როცა განსხვავებული აზრის გაკრეფვით იმუქრება.
ეს არის ცრუ პოლიტიკური ალტერნატივა, ძალაუფლების მოპოვების გაცხოველებული სურვილი და ოცნებების ოლიგარქია, რომელიც არა რეალური ცვლილებებისკენ, არამედ პოლიტიკურ და ფინანსურ სივრცეში საკუთარი მსუყე ადგილის დაკავებისკენ მიისწრაფვის. და თუ ჩვენ ვერ შევძლებთ საზოგადეოებას მესამე არჩევანის უფლება დავუტოვოთ, კიდევ, უკვე მერამდენედ, წააგებს ხალხი და გაწბილებული დარჩება ამომრჩეველი.“
სწორედ ასე, ნაბიჯ–ნაბიჯ მივიდა ედპ–ს ლიდერი დღევანდელი დღის მთავარ გზავნილამდე: მან გიორგი ჭანტურიას ცნობილი „მესამე გზა“ გაიხსენა და საზოგადოებას, ამომრჩევლებს შესთავაზა პარტია – ედპ, როგორც ამ გზაზე დამდგარი პოლიტიკური ძალა. ბაჩუკი ქარდავას თქმით, „მესამე გზა ადამიანთა ფუჭი ერთობა კი არა, ის პოლიტიკური მიმდინარეობაა, რომელსაც წარმოადგენენ დასავლეთზე ორიენტირებული, ზომიერი, ცენტრისტული შეხედულების პოლიტიკური პარტიები“.
ედპ–ს გზავნილის მიხედვით, სწორედ „მესამე გზა“ არის ის შუა, რომლის გაკრეფა დღემდე ვერავინ მოახრეხა და რომლის ამოსავალი წერტილი ღია პოლიტიკაა – პოლიტიკა, რომელიც „გამოგვიყვანს მონოპოლიზირებული პოლიტიკური აზროვნების ტყვეობიდან, გაგვათავისუფლებს ცრუ მოლოდინებისგან და უნაყოფო, ცრუ ოცნებებისგან, რომელთაც ასრულება არ უწერიათ...“
„ეს გზა არ იცნობს ცრუ ოცნებებს, ეს გზა ილია ჭავჭავაძემ გაკვალა და ჩვენ, ეროვნულ–დემოკრატებს, მხოლოდ ილიასეული ოცნების საქართველოსი გვჯერა. ამ გზას დაადგა 95 წლის წინ სპირიდონ კედია, ამ გზაზე იარა გიორგი ჭანტურიამ და ეს პასუხისმგებლობა ავიღეთ ჩვენც“, – ასე დაასრულა გამოსვლა ედპ–ს თავმჯდომარემ ბაჩუკი ქარდავამ.
კომენტარი