იგორ გიორგაძე: "სახალხო კრების აქციების დაწყებას მოუთმენლად ველოდები"
დაახლოებით ერთი საათის წინ „ინტერფაქსმა“იგორ გიორგაძის ექსკლუზიური ინტერვიუ გამოაქვეყნა. ინტერვიუში იგორ გიორგაძე საბოლოოდ იხსნის ნიღაბს, რუსეთს "კეთილ მეზობელს" უწოდებს და მოუთმენლობას ამჟღავნებს "სახალხო კრების" მიერ დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით. „დრონი.ჯი“ ამ ინტერვიუს ფრაგმენტებს გთავაზობთ:
- რამდენად პერსპექტიულად მიგაჩნიათ საქართველოში დაგეგმილი საპროტესტო გამოსვლები?
- მოდით, ნუ გავასწრებთ წინ ქართულ ორთქლმავალს. ჯერ საპროტესტო გამოსვლები დაიწყოს და პერსპექტივებზეც შემდეგ ვისაუბროთ...
- სააკაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციას არანაირი შანსი არა აქვს, რადგან მის მიერ ჩატარებული რეფორმები, მაგალითად, პოლიციის რეფორმა და გზების მშენებლობა ხალხში პოპულარული და მხარდაჭერილია. თქვენ ამ მოსაზრებას ეთანხმებით?
- რად მინდა მე პოლიცია, რომელიც ქრთამს არ იღებს, თუკი ჩემი სამშობლო ნაწილებადაა დაშლილი? რაში მჭირდება გზატკეცილები, რომლებითაც ვერც ცხინვალში ჩავალ და ვერც სოხუმში? საერთოდ, როგორ უტრიალდება ენა ხელისუფლებას, ისაუბროს წარმატებულობაზე, როცა მან დაიწყო 2008 წლის აგვისტოს სისხლისმღვრელი ომი სამხრეთ ოსეთში და რომლის პროვინციულმა, ნაცისტურმა პოლიტიკამ დაღუპვის პირამდე მიიყვანა საქართველოს სახელმწიფოებრიობა? 30–იან წლებში გერმანიაშიც შენდებოდა მშვენიერი გზები, იქაური პოლიციაც არ იღებდა ქრთამს და ყველა აღტაცებული იყო ამით, მაგრამ ცოტა ხანში ამ ყველაფრის ჩამდენი ხელისუფლება როგორიც გახდა, ყველას კარგად გვახსოვს.
რაც შეეხება ჩემს პოლიტიკურ მოღვაწეობას, ამჟამად რუსეთში ჩემს გარშემო შემოკრებილი არიან ქართველები, რომლებმაც თავიანთი სამშობლო არამარტო პოლიტიკური, ეკონომიკური მოტივების გამო დატოვეს და იძულებულნი არიან, მოსკოვში იცხოვრონ და იმუშაონ. სწორედ ამ ხალხზე დაყრდნობით და საქართველოს მოსახლეობის დახმარებით ვაპირებ ვიმოქმედო იმისთვის, რომ საქართველო იყოს ერთიანი, სუვერენული, დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც დამოუკიდებელი იქნება როგორც მოსკოვისგან, ასევე ვაშინგტონისგან და, ამავე დროს, რა თქმა უნდა, მისი კეთილი მეზობლის, რუსეთის პარტნიორი იქნება (ხაზგასმა ჩვენია.–"დრონი.ჯი")
რასაკვირველია, მეც და საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობაც, მოუთმენლად ველით ამჟამინდელი რეჟიმის აღსასრულს და ველოდებით „სახალხო კრების“ აქციებს, რომელთაგან პირველი შაბათს, 21 მაისსაა დანიშნული. მაგრამ ისტორიული რეალობისთვის არა აქვს მნიშვნელობა, როდის დადგება ამ რეჟიმის აღსასრული: მაისში, შემოდგომაზე თუ ზამთარში. მთავარი ისაა, რომ ეს აუცილებლად მოხდება. ჩემი, ჩემი თანამოაზრეებისა და ნებისმიერი მოაზროვნე ქართველის სიმპათია, რა თქმა უნდა, იმათკენ იხრება, ვინც ამა თუ იმ ფორმით ხელისუფლებას ეტყვის: „საკმარისია!“
არანაირი პროგნოზების გაკეთება არ მსურს აქციებთან დაკავშირებით, რათა განხეთქილება არ შევიტანო ისედაც გახლეჩილ ოპოზიციურ სპექტრში, მაგრამ ასპროცენტიანი დამაჯერებლობით შემიძლია განვჭვრიტო, რა მოხდება საქართველოში (მათ შორის, ჩემი სამშობლოსა და ხალხისთვის მოვლენების სავალალო განვითარებით). იმედი მაქვს, ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ეყოფათ ძალა და პოლიტიკური ალღო ყველაფრის წარმატებულად დასასრულებლად.
შემიძლია დარწმუნებით ვთქვა: ვინც დაეხმარება საქართველოს მოსახლეობას, გათავისუფლდეს სამხედრო დიქტატურისგან და ბანდიტებისგან პოლიტიკაში, ვინც დაეხმარება ჩვენს ქვეყანას, მოიპოვოს დამოუკიდებლობა, დემოკრატია და თავისუფალი არჩევნების უფლება, ყველას გარანტირებული აქვს ადგილი საქართველოს ისტორიის პანთეონში.
– რა როლი შეიძლება ითამაშოს ამ პროცესებში საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა?
– პოლიტიკოსს ამ სახელითა და გვარით, არ ვიცნობ.
– თქვენს თავს თუ ხედავთ ქართველი ხალხის ლიდერებს შორის არა მარტო საზღვარგარეთ, არამედ საქართველოშიც?
– ლიდერს ხალხი ირჩევს. ლიდერის დანიშვნა, მით უმეტეს, თვითდანიშვნა, წარმოუდგენელია. იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში ჩემი ცოდნა, გამოცდილება და შესაძლებლობები გამოადგება ჩემს ხალხსა და ქვეყანას.
კომენტარი