შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალმა შავიზღვისპირეთი მოიცვა
ფესტივალმა 7 ქვეყნის ფოლკლორი გააერთიანა, რომელიც გრანდიოზული გალა კონცერტით „Black Sea Arena“ - ზე დასრულდა
შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა. მნიშვნელოვანია, რომ წელს ფესტივალს გურიასთან ერთად აჭარაც მასპინძლობდა. ღონისძიებებმა სტარტი 31 აგვისტოს ბათუმის საზაფხულო თეატრში აიღო და ურეკში გაგრძელდა, სადაც საუკეთესო ნომრები ქართულ ფოლკლორულ ჯგუფებთან ერთად ფესტივალში მონაწილე შემსრულებლებმა უკრაინიდან, სომხეთიდან, პოლონეთიდან, იტალიიდან და თურქეთიდან წარმოადგინეს.
ფესტივალი, რომლის ავტორი და ორგანიზატორი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრია, Black Sea Arena-ს, ,,Check in Georgia"-ს, კულტურის სამინისტროსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით წელს მეორედ იმართება და ტრადიციული სახე მიიღო. ფესტივალმა 7 ქვეყნის ფოლკლორი გააერთიანა, რომელიც გრანდიოზული გალა კონცერტით „Black Sea Arena“ - ზე დასრულდა.
„გალა კონცერტზე მრავალფეროვანი და საუკეთესო სანახაობა გველის“ - ასე გვპირდებოდნენ ფესტივალის ორგნიზატორები და არც თუ უსაფუძვლოდ. „Black Sea Arena“ -ს გრანდიოზულ სცენაზე ცეცხლოვანი შოუს ესპანელებმა დადგეს - ფლამენკოს შემსრულებელთა ჯგუფი “La Moneta & Flamenco” სპეციალური სტუმრის სტატუსით სწორედ, ფესტივალის დასკვნით კონცერტზე წარსდგა მაყურებლის წინაშე. მათ შეუერთდნენ საუკეთესო ფოლკლორული გუნდები პოლონეთიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, იტალიიდან, საქართველოდან და თავიანთი ქვეყნის უნიკალური ხალხური ტრადიციები, სიმღერითა და ცეკვით შემოგვთავაზეს. საქართველოს წელს ანსამბლები „რუსთავი“ და „ბასიანი“ წარმოადგენდნენ.
ფესტივალს დიპლომატიურმა კორპუსმა ოფიციალური მხარდაჭერა გამოუცხადა და მის წარმატებულად ჩატარებაში დიდი წვლილი შეიტანეს იტალიის, თურქეთი, პოლონეთისა და უკრაინის საელჩოებმა. სწორედ, მათივე ძალისხმევითა და მხარდაჭერით გაიზარდა მონაწილე ფოლკლორული ანსამბლების რაოდენობაც.
„შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი შარშან დავაფუძნეთ. ასეთი გადაწყვეტილება ფოლკლორის სიყვარულმა განაპირობა. საქართველო ფოლკლორული კულტურის ქვეყანაა. სურვილი გაგვიჩნდა ქართული სცენა სხვადასხვა ქვეყნის ფოლკლორისთვისაც დაგვეთმო და აქ, ჩვენთან მოგვეწვია ისინი. პირველი ფესტივალი შარშან გაიმართა და საკმაოდ, დიდი ინტერესი გამოიწვია. 24 ანსამბლი, 400-მდე მონაწილე - ეს უკვე დიდი შედეგია. დასაწყისისთვის ძალიან კარგი იყო. ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ფესტივალი ყოველ წელს უფრო დახვეწილი და უფრო ძლიერი გახდეს. ფესტივალი მშვენივრად დაიწყო და მშვენივრად გაგრძელდება საუკუნეები. წელს იყო მეტი მონაწილე ქვეყანა, მეტი ფოლკლორი, მეტი მრავალფეროვნება! მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ქვეყანას, ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩამოვიდა ჩვენთან სტუმრად და ქართველებთან ერთად ეს ზეიმი მოაწყვეს,“ - აღნიშნა გიორგი დონაძემ.
„ეს არის ქვეყნისთვის ძალიან მნიშნელოვანი ფესტივალი, სადაც მთელი გურია ერთვება. ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით მონაწილეობას იღებენ ფოლკლორული ანსამბლები. რაც ყველაზე მნიშნელოვანია, წელს მეორედ იმართება ფესტივალი, რომელიც უკვე 7 ქვეყნის ფოლკლორს აერთიანებს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენი რეგიონისთვის,“- ფესტივალის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა, გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ.
“ფოლკლორი ძალიან ფაქიზი მუსიკალური ჟანრია და სიფრთხილეა საჭირო. მისი ტრადიცია და ღირებულებები არ უნდა დაირღვეს. თუმცა ყოველი ახალი ღონისძიების დროს მას ახალი სული უნდა შთაბერო, რათა ახალი თაობებისთვის საინტერესო და მიმზიდველი გახადო. ეს არის საგანძური რომელიც თაობიდან თაობას უნდა გადაეცეს, ეს არის ქვეყნის ისტორია და ეს არის ჩვენი ქვეყნის ტრდაიცია. მიუხედავად ჩვენი დარბაზის მასშტაბურობისა, ფოლკლორი ეს არის ჟანრი, რომელზეც უარს არცერთ წელს არ ვიტყვით. ამიტომაც უკვე მეორე წელია ბლექ სი არენა არის მასპინძელი და ერთ-ერთი ორგანიზატორი შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის. მეამაყება რომ ამ ღონისძებაში ჩართული ვარ და მთელი წლის განმავლობაში ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრთან ერთად ვმუშაობთ, როგორ გავხადოთ ფესტივალი კიდევ უფრო საინტერესო და მიმზიდველი. წელს მაყურებელი გააოცა კონცერტის კულმინაციამ, ეს იყო საღამოს ყველაზე საინტერესო ნაწილი. ჩვენ ამ დღეს პირველად ვიხილეთ ესპანელი ცეცხლოვანი ქალბატონებისა და ქართველი მამაკაცების დუელი ჩვენს სცენაზე,“ - ფესტივალისგან მიღებელ შთაბეჭდილებებზე საუბრობდა „ბლექ სი არენა ჯორჯიას” დირექტორი ანა კავლელიშვილი.
კომენტარი