სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აფხაზური ტელევიზია: რუსეთსა და აფხაზეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლა აღდგა (ვიდეო)

აფხაზური ტელევიზიით დიდი ამბით დაანონსდა, რომ „დამოუკიდებელ“ აფხაზეთსა და რუსეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლა აღდგა. საინფორმაციო გამოშვებაში ხაზგასმით აღინიშნა, რომ ამ დღის დადგომას აფხაზეთში დიდი ხნის განმავლობაში მოუთმენლად ელოდნენ.

თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ აფხაზეთში მცხოვრებ, საშუალო და დაბალი ფენების წარმომადგენლებს არ გაუმართლათ: მათთვის ბილეთის ფასი, მაგალითად, მოსკოვში გასამგზავრებლად – აშკარად ძვირია. იგი დაახლოებით 5 ათასი რუსული რუბლი ღირს, რაც 300 ლარს უტოლდება.

უკვე შემუშავებულია მატარებლების მიმოსვლის განრიგი და ცნობილია მარშრუტებიც. მოსკოვსა და სოხუმს შორის ჩასვლა 31 ივლისიდან შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი. ამ ინფორმაციას, რუსული საინფორმაციო წყაროები ავრცელებენ.

მათი თქმით, სოხუმიდან ადლერის მიმართულებით, №628/627 ჩქარი მატარებელი ივლის. სოხუმიდან მომავალი ვაგონების შემადგენლობას ადლერში ,,ადლერი-მოსკოვის” N 75/76 მატარებელს მიაბამენ, რის შემდეგაც სოხუმელები მოსკოვში ჩავლენ.

როგორც ცნობილი გახდა, სოხუმის სადგურის სალაროში ორი კლასის, პლაცკარტისა და კუპის ბილეთები გაიყიდება. მოსკოვში ჩასვლის მსურველებს კუპით მგზავრობა 5 ათასი მანეთი (დაახლოებით 300 ლარი) დაუჯდებათ, პლაცკარტი კი - ორჯერ იაფი.

მატარებელი, სოხუმიდან 14:07 საათზე გავა და მოსკოვში ერთი დღის შემდეგ, დილის 10:59 საათზე იქნება. სოხუმიდან მოსკოვამდე ჩასვლას, მგზავრები 44 საათსა და 52 წუთს მოანდომებენ.

აფხაზეთსა და რუსეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლა, დროებით 2011 წლის თებერვალში შეწყდა, მიზეზად კი ლიანდაგების რეკონსტრუქცია დასახელდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100