სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სოხუმში ქუჩაში გუბეები დგას, ბავშვები კი საფლავების გვერდით თამაშობენ (ვიდეო)

ოკუპირებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქში რომ არასახარბიელო საცხოვრებელი პირობებია, აქამდე ამ ამბავს გაგულისებული რუსი ტურისტებისგან, ინტერნეტში თუ შეიტყობდა კაცი. ამ ბოლო დროს საშინელი საყოფაცხოვრებო პირობებისა და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის შესახებ ადგილობრივი ოპოზიციური მედიასაშუალებებიც ალაპარაკდნენ.

„დრონი.ჯი“–ს ხელთ ჩაუვარდა და ექსკლუზიურად გთავაზობთ ტელეკომპანია „აბაზას“ მიერ მომზადებულ სიუჟეტს იმის შესახებ, თუ როგორ მდგომარეობაში ცხოვრობენ სოხუმში, კერძოდ, ე.წ. მაიაკის ტერიტორიაზე, კოლმეურნეობის ქუჩაზე მცხოვრები ადამიანები.

სიუჟეტში ნაჩვენები ადგილი ამ უბანში, სასაფლაოსა და სამხედრო ნაწილს შორის მდებარეობს. როგორც კადრებში ჩანს, ქუჩა, სადაც ათეულობით ოჯახი ცხოვრობს, გაავდრების შემდეგ გაუვალი ხდება. როგორც სიუჟეტის ავტორი ამბობს „ამ გზის დაპყრობა მხოლოდ რამდენიმეხიდიან მანქანებს შეუძლიათ“, – სხვა შემთხვევაში ადგილობრივები ან საერთოდ არ გადიან ქუჩაში, ან სახელდახელოდ გადებულ „ხიდებზე“ მიიკვლევენ გზას.

სიუჟეტიდანვე იკვეთება შიდასაქალაქო გზების შეკეთების სოხუმის ადგილობრივი მმართველობისეული მეთოდიც: „შეაგროვეთ 300 ათასი რუბლი და შეგიკეთებთ გზას“, – ასე უპასუხეს ადგილობრივების პრეტენზიებს სოხუმის საქალაქო საბჭოში. „ვისგან უნდა შეგროვდეს, ამ უბანში სულ მოხუცები ან უმუშევარი ახალგაზრდები ცხოვრობენ“, – ჩივიან ჟურნალისტთან ადგილობრივები.

კოლმეურნეობის ქუჩაზე და ზოგადად, ე.წ. მაიაკში მცხოვრებთათვის გზა ერთადერთი პრობლემა არ არის: ბავშვებისთვის გასართობი აქ კარუსელები და მოედანია, ხოლო ფართობი, სადაც ბავშვების გასართობი ადგილია განსაზღვრული... ზედ სასაფლაოს წინ მდებარეობს.

„ბავშვები ხშირად გვეკითხებიან, როცა თამაშობენ – „იქ ბებია რატომ ტირის?“, – და ხელს რომელიმე საფლავთან ჩამომჯდარი მოხუცისკენ იშვერენ. რა უნდა ვუპასუხო?“, – კითხულობს პატარა ბავშვის დედა.

სტუდია „აბაზას“ მიერ მომზადებული სიუჟეტის ხილვა სტატიას თანდართულ ვიდეოში, ექსკლუზიურად „დრონი.ჯი“–ს მკითხველს შეუძლია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100