ტიკარაძე ღარიბაშვილის წინააღმდეგ - მინისტრი მოქეიფე პრემიერს მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს
ეპიდემიოლოგიური სტატისტიკა ყოველდღიურ ანტირეკორდს ხსნის. ყოველდღე დრამატული და მძიმეა გარდაცვლილთა რიცხვიც. ჯანდაცვა კოლაფსის, ქვეყანა კი ეპიდაფეთქების ზღვარზეა. ჩვენ ახლა ახალი რეგულაციების მოლოდინში ვართ, შეზღუდვების დაწესებაზე კი განკარგულებას ხელი პრემიერმა ღარიბაშვილმა უნდა მოაწეროს, რომელიც თავად არღვევდა წესებს. თუმცა, მთავრობის მეთაურს ქეიფი და დროსტარება უხერხულობას არ უქმნის.
ის მშობლიური სოფელში ხალხმრავალ სუფრას დაესწრო, სადაც არც სოციალური დისტანცია იყო დაცული და არც პირბადის გამოყენების წესი. ჟურნალისტის კითხვას, ეუხერხულება თუ არა პანდემიის დროს ქეიფი - ამბობს, რომ პრობლემას ვერ ხედავს. სწორედ რეგულაციების დამრღვევმა მთავრობის მეთაურმა უნდა იმსჯელოს ხვალ ხალხისთვის ახალი შეზღუდვების დაწესებაზე.
დარღვეულ წესებსა და გამართულ კონცერტებზე სულ უფრო მკაცრდება ჯანდაცვის სამინისტროს ტონი. ეკატერინე ტიკარაძე ჯერ კულტურის სამინისტროს მიერ წინასაარჩევნოდ გამართულ კონცერტებს გაემიჯნა, ახლი კი მთავრობას და პრემიერმინისტრს მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდა.
"მე მინდა, დღეს გავავრცელო კიდევ ერთი თხოვნა ჩვენი მოქალაქეების მიმართ, ასევე მინდა ვთხოვო მთავრობის ყველა წევრს ეს რეკომენდაციები არ არის მხოლოდ რეკომენდაციები რეკომენდაციებისთვის. ეს არის ძალიან რთული ბრძოლა, რომელიც ჩვენ ძალიან გვიჭირს და მე მზად ვარ, ჩვენი ექიმების გვერდით დავიკავო ადგილი, ჩავიცვა ისევ თეთრი ხალათი და მათთან ერთად დავდგე ამ ურთულეს ბრძოლაში", - ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.
კომენტარი