ბადრი ჯაფარიძე - ეს არის არჩევნები ჩვენი ქვეყნის, ჩვენი შვილებისა და მომავლისათვის. “ლელომ” ადგილობრივებს ქობულეთის მაჟორიტარობის კანდიდატი წარუდგინა
დღეს "ლელოს" გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ და პარტიის სხვა ლიდერებმა ქობულეთის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პაატა ცივაძე წარადგინეს. წარდგენის პარალელურად გაიმართა შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან. პარტიის ლიდერებმა და ადგილობრივებმა რეგიონის პრობლემებსა და მისი მოგვარების ეფექტურ გზებზე ისაუბრეს.
ქობულეთში ადგილობრივებს სიტყვით “ლელოს” გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ მიმართა, რომელმაც აღნიშნა, რომ “ლელოს” მთავარი მიზანი გაჩერებული ქვეყნის ამოქმედებაა.
“ჩვენ უნდა დავძრათ ეკონომიკურად გაჩერებული ქვეყანა, ჩვენ უნდა შევაჩეროთ ვარდნა და დავიწყოთ ნამდვილი სახელმწიფოს მშენებლობა. ის დრო რომელიც არაკომპეტენტურმა პოლიტიკოსებმა დაგვაკარგინეს, უნდა ავანაზღაუროთ დაუზოგავი და თავდადებული შრომით. არცერთი წამი დასაკარგი არ გვაქვს, ამიტომ არჩევნებში უკლებლივ ყველამ უნდა მივიღოთ მონაწილეობა. ეს არ არის რიგითი არჩევნები, ეს არის არჩევნები ჩვენი ქვეყნის, ჩვენი შვილებისა და მომავლისათვის,”-განაცახადა ბადრი ჯაფარიძემ.
ადგილობრივებს სიტყვით მიმართა ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პაატა ცივაძემ. როგორც მან დამსწრე საზოგადოებას განუცხადა, “ლელო” არის ერთადერთი რეალური ალტერნატივა, რომელიც ქვეყანაში ორპოლუსიანობას დაასრულებს.
“ჩემთვის პარლამენტში შესვლა არ ნიშნავს კომფორტის ზონას, ეს ნიშნავს გაათმაგებულ მუშაობას და პასუხისმგებლობას თითოეული ჩემი თანამოქალაქის წინაშე. ამ ქალაქს სჭირდება ადამიანი, ვინც ხმამაღლა ჩართავს ქობულეთის საპარლამენტო მიკროფონს, რომელიც წლების განმავლობაში იყო გამორთული. რადგან არავის ჰქონდა გამბედაობა, ჩვენი ქალაქის პრობლემები ხმამაღლა ეთქვა. ჩვენს ქალაქს უამრავი პრობლემა აქვს, რომელიც არც ერთ დღეში შექმნილა
და არც ერთ დღეში მოგვარდება, მაგრამ “ლელოს ახალი მარშალის გეგმით” დავიწყებთ ეტაპობრივ რეკონსტრუქციას და 4 წლის განმავლობაში არამარტო კონკრეტულ რეგიონს, არამედ მთელ ქვეყანას შევცვლით უკეთესობისკენ,”- განაცხადა ცივაძემ.
“დღეს არის მნიშვნელოვანი მომენტი, როდესაც ყველანი საერთო მიზნისთვის გავერთიანდით, ეს არის ჩვენი მომავლის დაბრუნება” - ამის შესახებ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.
“ჩვენი მიზანია, რწმენა დავუბრუნოთ იმ მოსახლეობას, რომლებსაც 30 წლიანმა
პოლიტიკურმა ჭაობმა ყველანაირი იმედი დაუკარგა. ყოველდღიურად ვხვდებით მოსახლეობას და ვხედავთ იმედგაცრუებულ სახეებს, თუმცა მათ სჯერათ ახალი პოლიტიკური ძალის, ახალგაზრდობის და 56 ნომრის. დღეს ჩვენი გუნდი წარმოდგენილია ისეთი ადამიანებით, რომლებიც თავიანთ სახელს წლების განმავლობაში აშენებდნენ და ჩვენ მზად ვართ ხალხთან ერთად გამარჯვებისთვის.” - განაცხადა კუპრაძემ.
კომენტარი