საქართველოს სტრატეგია სტრასბურგის სასამართლოში დავების მორიგებით დასრულებასთან დაკავშირებით დადებითად შეფასდა
იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძემ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დელეგაცია მიიღო, რომელსაც სასამართლოს ვიცეპრეზიდენტი ჟოზეფ კასადევალი ხელმძღვანელობს. შეხვედრაში მონაწილეობდნენ სექციის გამწესრიგებლის მოადგილე ფატოს არაცი და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფოს წარმომადგენელი ლევან მესხორაძე.
შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და საქართველოს მთავრობას შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას; დადებითად შეფასდა საქართველოს მთავრობის სტრატეგია სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე დავების მორიგებით დასრულებასთან დაკავშირებით, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებებისა და განჩინებების აღსრულებაში მიღწეული შედეგები.
შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის იმპლემენტაციასთან დაკავშირებული საკითხები. ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გავრცელებასა და ეროვნული სასამართლოების მიერ ევროპული კონვენციისა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების გამოყენების მნიშვნელობაზე.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დელეგაციის ვიზიტის მიზანი შავი ზღვის რეგიონული კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობაა. ადამიანის უფლებების დაცვისა და საკონსტიტუციო სარჩელების ეფექტურობის ამაღლების საკითხებისადმი მიძღვნილი კონფერენცია ბათუმში 27 ივნისს გაიხსნება.
დელეგაცია საქართველოში დღეს ჩამოვიდა და პირველი შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში გამართა. ვიზიტებია დაგეგმილი, აგრეთვე, საქართველოს უზენაეს და საკონსტიტუციო სასამართლოებში.
კომენტარი