მესტიის აეროპორტი მსოფლიოს 10 ყველაზე უნიკალურ აეროპორტთა სიაშია
ვებ–გვერდმა novate–მ, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების არქიტექტურის, ახალი ტექნოლოგიის მიღწევების, საავტომობილო გზებისა და ინფრასტრუქტურის შესახებ აქვეყნებს ცნობებს, მესტიის აეროპორტი მსოფლიოს იმ ათ აეროპორტებს შორის დაასახელა, რომლებიც ყველაზე უჩვეულოდ და ორიგინალურად გამოიყურებიან.
ვებ–გვერდზე მითითებულია, რომ სია მსოფლიოში ცნობილი არქიტექტორების გამოკითხვის შემდეგ შედგა და მესტიის აეროპორტთან ერთად მასში მოხვდნენ ჰონკონგის, ოკლენდის, ლიონის, სან–ფრანცისკოს აეროპორტები. სია არ შეუდგენიათ იმის მიხედვით, თუ რომელი აეროპორტის აგებაზე დაიხარჯა უფრო მეტი ტანხა – ეს ფაქტორი გადამწყვეტი არ ყოფილა, რადგან, არქიტექტორთა აზრით, უჩვეულო აეროპორტის შესაქმნელად სულაც არაა აუცილებელი კოლოსალური თანხის დახარჯვა.
„ეს აეროპორტი საქართველოს მთიან რეგიონში მოკლე ხანში აშენდა და იგი, ერთი შეხედვით, პატარა და მოკრძალებულია, თუმცა, თუ კარგად დავაკვირდებით, ცხადი ხდება, რომ მას უნიკალური არქიტექტურა აქვს“, – ნათქვამია ანოტაციაში.
იქვე ნათქვამია, რომ აეროპორტი მესტიის სავიზიტო ბარათია, რადგან დაბის სტუმარს პირველი შთაბეჭდილება მასზე სწორედ აეროპორტის მიხედვით ექმნება.
კომენტარი