სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გამოფენა ხულოს მუნიციპალიტეტში

ხულოს სამხატვრო გალერეაში გაიხსნა მხატვარ ბადრი ართმელაძის ნამუშევრების გამოფენა, რომელიც პროექტის ,,პალიტრა“ ფარგლებში შეიქმნა. გამოფენის გახსნას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია სირაბიძე დაესწრო.

,,წარმოდგენილი ნამუშევრები ავთენტურად ასახავს მთის ყოფა-ცხოვრებას, რომელიც ჩვენი რეგიონის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია. პროექტით ,,პალიტრა“ ერთი მხრივ ხელი შევუწყვეთ მხატვრის შემოქმედების გამრავალფეროვნებას და ამავდროულად აჭარის მაღალმთიანეთის, მთის ყოფა-ცხოვრების და ბეშუმის, როგორც საკურორტო ზონის პოპულარიზაციას“ - აღნიშნა ნათია სირაბიძემ.

მხატვარი 2016 წლის ივლის-აგვისტოს თვეში შემოქმედებით ტურნეში იმყოფებოდა კურორტ ბეშუმსა და მის შემოგარენში და ტილოზე გადაიტანა აჭარის მაღალმთიანეთისათვის დამახასიათებელი საოცარი ბუნება, თავისთავადი ლანდშაფტები და ფერთა გამა, ასევე მთის ცხოვრება იალაღების სპეციფიკური არქიტექტურითა და ყოველდღიურობის ელემენტებით. ბადრი ართმელაძის ნამუშევრებში ასახულია მაღალმთიანეთში არსებული ისტორიული ძეგლები.

სამხატვრო გალერეაში წარმოდგენილია შემოქმედის 50-მდე ფერწერული ტილო, ასევე ესკიზები და ჩანახატები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100