სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სამარცხვინო სიღარიბე და პრესტიჟული სიმდიდრე, ანუ როდის გვიწევს საკუთარი გადაფურთხებულის ალოკვა

მახსოვს, ერთხელ, საერთო ნაცნობებმა სადღაც გასვლა დავაპირეთ, გასართობ ადგილას.

ფასდაკლების საიტზე ვიყიდოთ ვაუჩერი და იაფად გამოვალთ – წამოაყენა იდეა ერთმა…

რა სისულელეა, ჩათვალეთ მე არ მოვდივარ – ამაყად განაცხადა მეორემ და გადმოგვხედა, არ ვიცი რატომ ელოდა მხარდაჭერას ჩვენგან;

და ფასდაკლების საიტების საწინააღმდეგო რა გაქვს? – ჩავეძიე მშვიდად;

რა სიგოიმეა, ნორმალური ვინ დადის მაგ ვაუჩერებით?!

სიღარიბე

ალბათ თქვენც გაგჩენიათ მსგავსი შეკითხვები:რატომ არის სიგოიმე, როცა იხდი ორჯერ ნაკლებს ზუსტად იმავეში, რაშიც შესაბამისად ორჯერ მეტი უნდა გადაგეხადა?

რატომ არის ცუდი „პონტი“, როცა ზოგადად ეკონომიაზე ფიქრობ და რასაც ზოგავ, იმ თანხას, რამე უფრო სასარგებლო საქმისთვის ხარჯავ;

რატომ არის დღემდე, გადახდილი ძვირი თანხა, პრესტიჟის განმსაზღვრელი ფაქტორი?

რომელ თქვენგანს არ გინახავს შანელის ან დოლჩე და გაბანას ტანსაცმელში გამოწყობილი უგემოვნო ადამიანი და მის გვერდით, ბაზრობაზე თუ second hand-ში შემოსილი ძალიან დახვეწილი?

იგივე მე, გურამ შეროზია, როცა ვაჩერებ ტაქსს, მივდივარ „პლეხანოვიდან“ ჭავჭავაძეზე, მიფასებს 5 ლარს და ვევაჭრები, 3-4 ლარამდე ტარიფის შემცირებაზე, ვინ გამოვდივარ:

„მათხოვარი“, რომელსაც 1 ლარიც ყოფნა-არყოფნას უწყვეტს?

ძუნწი, რომელიც თეთრებზე გეკიდება და გამოთქმა აქვე, „სწორედ ასეთ ღორებს აქვთ ფული“?

თუ ადამიანი, რომელსაც არ უნდა უაზროდ გაისროლოს თანხა და როცა ერკვევა ფასებში, ვიღაცამ თავხედურად „დააგოიმოს“?

დავუბრუნდეთ ფასდაკლების საიტების თემას, ანუ ეს ცუდია, რაკი 50 და 60% ფასდაკლებით მხოლოდ ღარიბები დადიან და ჩვენ ეს არ გვეკადრება, ანუ ვინმეზე მაღლა ვდგავართ?

თუ ორმაგად ცუდი გემო აქვს პროდუქტებს, რომლებზეც ფასებს გვიკლებენ? ან ტაქსი, რომელსაც სამ ლარიან მარშრუტში, 6 ლარს გადავუხდით, უფრო „ხარისხიანად“ გვატარებს?

ვიცნობთ ბევრ ნაკლებ შემოსავლიან ადამიანს, რომლებიც თავისი ინტელექტით, განათლებით, შრომისმოყვარეობით და მიზანსწრაფულობით, პოტენციური მილიონერები თუ არა, შეძლებული ადამიანები არიან და „მდიდრებსაც“, რომლებიც დღეს არა და ხვალ „შეჭამენ“ ბოლომდე მამა-პაპის დატოვებულ ქონებას და ზეგ წუწუნით გამოგვიჭედავენ ყურებს წარსულზე წუწუნით და მაინც, ჩვეული სიამაყით, „შემოდგომის აზნაურებისეულად“… ან უკვე ასეთები არიან, გაცვეთილი და გაქუცული „პეროთი“

ადამიანების სეგმენტაცია შემოსავლების და შესაძლებლობების მიხედვით არამხოლოდ ცუდია, არამედ საფრთხეს უქმნის დაბალი დონის „სნობების“ მომავალს. ფრაზა: „მე ავტობუსში არასდროს ავალ, ეგღა მაკლია- შეურაცხყოფას აყენებს ყველას, ვინც ავტობუსში მგზავრობს, რომლებსაც ხვალ, ახალ მანქანებით მიმავალებს, თავად გადავხედავთ ავტობუსიდან და საკუთარი სიტყვების შეგვრცხვება, არავინ ვართ დაზღვეული, არაფრისგან.

არ არის აუცილებელი, უკანასკელი თეთრები შევაწებოთ და სამ ლარიანი ტაქსი გამოვიძახოთ, მხოლოდ იმიტომ, რომ „თავი არ დავიმციროთ“ მეტროთი ან ავტობუსით მგზავრობით. მე პირადად, ევროპის არაერთი ქვეყნის მოსახლეობის მსგავსად დიდი სიამოვნებით ვივლიდი სამსახურში ველოსიპედით, მეტროთიც – სახლთან ან სამსახურთან ახლოს რომ მქონდეს და თავიდან ავირიდებდი საცობებს, ა.შ. ვიღაცას ტაქსი ურჩევნია, სხვებს საკუთარი მანქანა, უბრალოდ – ეს ყველაფერი არც არაფერს განსაზღვრავს.

ვიცხოვროთ ისე, როგორც გვინდა და გადავიხადოთ – რამდენიც მიზანშეწონილად მიგვაჩნია, უბრალოდ პატივი ვცეთ სხვების არჩევანს და ნურასდროს გადავაფურთხებთ იქ, სადაც არ არის სამართლიანი, რამეთუ შეიძლება ოდესმე მისი ალოკვა მოგვიწიოს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100