სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რას ამბობს ეუთო ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის კოჰაბიტაციაზე?

დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიუროს (OSCE/ODIHR) საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის შუალედური ანგარიშით, საქართველოში საარჩევნო კამპანია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების ჭრილში განიხილება და ის უფრო მშვიდია.

"იმ ადამიანებისა და ორგანიზაციების მოსაზრებათა თანახმად, რომლებთანაც ურთიერთობა აქვს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიას, ამჟამინდელი საარჩევნო კამპანია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების ჭრილში განიხილება და ის აშკარად უფრო მშვიდია. მთავრობამ განაცხადა, რომ განზრახული აქვს სანიმუშო არჩევნების ჩატარება: ამის შესახებ თქვა პრემიერ-მინისტრმა, როცა განაცხადა, რომ "მთავრობა და მთლიანი ადმინისტრაციული სისტემა – საბიუჯეტო სახსრები, პოლიცია და ყველა სხვა სახელმწიფო ორგანო, მიმართული იქნება თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფისა და არა რომელიმე ერთი კანდიდატის გამარჯვების ხელშეწყობიკენ", - ნათქვამია შუალედრ ანგარიშში.

აღნიშნულის მიუხედავად, ეუთოს სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის "დაძაბული კოჰაბიტაციის ნიშნებია". "საარჩევნო კამპანიის დასაწყისიდანვე აშკარაა მმართველ კოალიციასა ("ქართული ოცნება") და საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიას ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა") და მათ ლიდერებს შორის დაძაბული კოჰაბიტაციის ნიშნები. ამას ემატება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე ხელმძღვანელი პირის, მათ შორის, გენერალური მდივნის, დაკავება და წინასწარი პატიმრობა", - აღნიშნულია ანგარიშში.

რაც შეეხება პარტიებისა და კანდიდატების საარჩევნო კამპანიებს, შუალედური ანგარიშის მიხედვით, ის ძირითადად, "კარდაკარ" აქტივობებზეა ორიენტირებული, განსაკუთრებით, რეგიონებში.

"შედარებით ნაკლებად, მაგრამ ამომრჩეველთან ურთიერთობისთვის ასევე გამოიყენება ინტერაქტიული ვებ-გვერდები და სოციალური ქსელები. მრავლადაა ნინო ბურჯანაძისა და გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო ბილბორდები თბილისში, შედარებით იშვიათია ისინი საქართველოს სხვა რეგიონებში. შედარებით ნაკლებია დავით ბაქრაძის ბილბორდები. ამომრჩევლებთან შეხვედრების რაოდენობა სტაბილურად იზრდება სექტემბრის ბოლოდან მოყოლებული. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები აცხადებენ საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად გახსნის დღიდან მათ შეკრებებზე ზეწოლისა და დაშინების შემთხვევების შესახებ, რის შედეგადაც, სულ მცირე, 16 ადამიანია დაჯარიმებული", - მიიჩნევს ეუთოს სადამკვირვებლო მისია.

მათივე შეფასებით, საარჩევნო სამართლებლივი ჩარჩო ყოვლისმომცველია და დემოკრატიული არჩევნების ჩატარების მყარ იურიდიულ საფუძველს წარმოადგენს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100