სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ღვარცოფმა რესტორანი "რიკოთი" წალეკა, არიან დაღუპულები

გვიან ღამით მოვარდნილმა ღვარცოფმა რიკოთის უღელტეხილზე რამდენიმე სოფელი დატბორა, რესტორანი "რიკოთი" კი წალეკა. მოულოდნელად მოვარდნილი ღვარცოფის გამო რესტორანში მყოფმა თანამშრომლებმა შენობიდან გამოსვლა ვერ მოასწრეს. დაღუპულია ოთხი ადამიანი, ორი მათგანი უკვე ამოიცნეს: თამაზ გაგნიძე და ნათელა სარაიშვილი. ყველა დაღუპული რესტორნის თანამშრომელია. კიდევ ორი ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

ძლიერ წვიმას გვიან ღამით რიკოთის უღელტეხილზე სეტყვაც თან დაერთო. მთებიდან წამოსული ნიაღვარი სულ ცოტა ხანში გამანადგურებელ ღვარცოფად იქცა, რამაც მეწყერი გამოიწვია. მეწყერმა და ნიაღვარმა ჩაკეტა გზა, ხოლო ერთი ავტობუსი, სადაც, ძირითადად, ბავშვები იმყოფებოდნენ, ხევში ჩაიტანა, თუმცა, საბედნიეროდ, ავტობუსი ხევის კიდეზე გაიხირა და ბავშვების გადარჩენა მოხერხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ავტობუსში მყოფი ბავშვებიდან და მგზავრებიდან არავინ დაშავებულა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია ყველა სამაშველო სამსახური და საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მუნიციპალური სტრუქტურები. გვიან ღამით რიკოთის უღელტეხილზე იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრი და რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრი. სოფელ ხევში დატბორილია თითქმის ხველა სახლი, მოსახლეობა საცხოვრებელ ადგილებს დილიდან ტოვებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100