სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უმრავლესობის მტკიცებით, პარლამენტში დეპუტატთა დილის 9 საათამდე მობილიზება პიკეტირებას არ უკავშირდება

დეპუტატები, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე და უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტში სხდომის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე მივიდნენ.

ამ დროისათვის, საქართველოს პარლამენტის ეზოში დეპუტატთა ავტომობილების სიმრავლე შეინიშნება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ უმრავლესობა საკანონმდებლო ორგანოში სრული შემადგენლობით, უჩვეულოდ ადრე, დილის 9 საათამდე მივიდა.

თავად "ქართული ოცნების" წევრები "კურიერთან" საუბარში აღნიშნავენ, რომ უმრავლესობის სრული მობილიზება დღეს დაანონსებულ პიკეტირებას არ უკავშირდება. მათი თქმით, დღეს ჩანიშნული იყო უმრავლესობის დეპუტატების შეხვედრა და საკანონმდებლო ორგანოში დილიდან დეპუტატები სწორედ ამ მიზეზით მივიდნენ. 10 საათზე კი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაა ჩანიშნული და დეპუტატების ნაწილი იქ გააგრძელებს მუშაობას.

"მოვედი სამსახურში ადრე. უმრავლესობის სხდომა გვქონდა. უმრავლესობის შეხვედრაა, ახლა კომიტეტზე მაგვიანდება, დავტოვე უმრავლესობის შეხვედრა და წავედი კომიტეტზე, ხელს მიშლით, რა გჭირთ, მშვიდობა გაქვთ?" - ასე მიმართა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დაჩი ბერაიამ ჟურნალისტებს.

იგივეს ამბობს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილიც. მისი თქმით, დეპუტატები დილის 9 საათიდან უმრავლესობის ფორმატში მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, კონსულტაციებს მართავენ.

"ჩვენ ვასრულებთ იმას, რომ ერთის მხრივ, უზრუნველყოფილია გამოხატვის თავისუფლება და მეორეს მხრივ, ასევე, სახელმწიფოს ვალდებულება სრულდება უზრუნველყოს ყველა ძირითადი და არაძირითადი უწყებების ფუნქციონირება, რასაც ჩვენი ოპონენტები პასუხობენ ქვებით, შეშების მოტანით, დესტრუქციული ძალის გამოყენებით, შეურაცხყოფით, მედიაცენტრების დახურვებით და ა.შ." - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100