სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„შპიონკა, დავაი, რა!..“ – ანა ჩაპმანს სტუდენტები ამ ჟარგონის პლაკატებით დახვდნენ

რუსი ექს–მზვერავი ანა ჩაპმანი გასული კვირის ბოლოს სანკტ–პეტერბურგში ჩავიდა და იქაური სტუდენტების წინაშე ლექციით: „როგორ გავხდეთ ლიდერი თანამედროვე მსოფლიოში“ წარსდგა.

ამასთან, როგორც „გაზეტა.რუ“–ს უნივერსიტეტის პრესსამსახურიდან აცნობეს, ლექციის ჩატარება თვითონ ჩაპმანის იდეა იყო: „ის თვითონ დაგვიკავშირდა და განგვიცხადა, რომ ლექციის ჩატარება უნდოდა. ეს სურვილი არნაირი მოტივაციით არ აუხსნია და არც ჩვენ ჩავძიებივართ“, – თქვეს პრესსამსახურში.

Twitter–ის მიკრობლოგის მომხმარებლებმა დაწერეს, რომ უნივერსიტეტის შესასვლელთან ანა ჩაპმანს სტუდენტები შემდეგი შინაარსის პლაკატებით დახვდნენ:

„ჩაპმან, ჯაშუშო, მოუსვი აქედან!“; „კრემლი და პორნოსტუდია – სხვა მხარესაა!“; „ჩაპმან, დაახვიე უნივერსიტეტიდან!“; „შენგან სასწავლი არაფერი გვჭირს!“. ყოფილმა ჯაშუშმა ამ პლაკატების პასუხად განაცხადა: „თუ თქვენ ჩემგან სასწავლი არაფერი გჭირთ, შეგიძლიათ ისე გააგრძელოთ, როგორც დაიწყეთ. მაგრამ მე მინდოდა, მადლობა გადამეხადა, რომ ჩემთვის დრო დახარჯეთ“.

„როსიისკაია გაზეტას“ ინფორმაციით, სტუდენტების წინაშე გამოსვლის დროს ჩაპმანმა რუსებს მაგალითად დაუსახელა ვატიკანი და აშშ, სადაც, მისი აზრით, მთავარი მამოძრავებელი ძალა არა ეკონომიკა, არამედ იდეოლოგიაა.

„აშშ–ის იდეოლოგია – დემოკრატიაა. და თუ ჩვენც ამ იდეოლოგიას დავუწყებთ დევნას, მსოფლიო ლიდერები ვერ გავხდებით“, – თქვა ანა ჩაპმანმა. ჩაპმანის გამოსვლა სტუდენტების წინაშე სულ ხუთი წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. როგორც ჩანს, ექს–მზვერავმა სიტყვა მნიშვნელოვნად შეკვეცა.

ერთადერთი შეკითხვა, რომელიც ჩაპმანის მისამართით გაისმა, ასეთი იყო: ექს–მზვერავს, რომელიც საზოგადოებრივი მოძრაობის – „ახალგაზრდა გვარდიის“ საბჭოს წევრია, ჰკითხეს, იცის თუ არა იმ რომანის ავტორის ვინაობა, რომლის ნაწარმოების პატივსაცემადაც უწოდეს ასე საზოგადოებრივ მოძრაობას. ანა ჩაპმანმა ამ შეკითხვაზე პასუხი ვერ გასცა, რამაც სტუდენტთა საყოველთაო ხორხოცი გამოიწვია. სწორედ ამ ღრიანცელის ფონზე მოუწია ჩაპმანს აუდიტორიის დატოვება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100