სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შემჩვენებლები, შეჩვენებულები და შესაჩვენებლად შერჩეულები (ვიდეო)

სათაურის ნაცვლად, ლამისაა, ენის გასატეხი გამოვიდა, მაგრამ რამდენიმე დღეა, საქართველოს მოსახლეობა მხოლოდ სამ კატეგორიადაა დაყოფილი: შემჩვენებლებად, შეჩვენებულებად და შესაჩვენებლად შერჩეულებად. ჭიქაში ქრისტეს სახელით ატეხილი ქარიშხალი თანდათან მძვინვარდება: გუშინ ამ ქარიშხალში „მარშრუტკებისა“ და ტაქსების მძღოლები მოჰყვნენ, რომლებმაც გადაკეტილ ქუჩაზე გავლა სცადეს: „ძმაო, შენ ქრისტიანი არ ხარ? დავაი, უკან დაწიე, დროზე!“ - ამ ფრაზის შემდეგ მძღოლმა ერთი-ორი ალიყურიც მიიღო, იქ მყოფთაგან კი არავის გასჩენია პროტესტი ასეთი, ძველბიჭური (აბა, ჩასვით „ქრისტიანის“ ნაცვლად „კაი ბიჭი“: საუბრის მანერა - იგივე, ტონი - იგივე, სიტყვები - თითქმის იგივე...) ფრაზეოლოგიისა და ქმედების გამო.

სამაგიეროდ, როცა გალახული მძღოლი უკან გააბრუნეს, იქვე, ხიდზევე დაიჩოქეს და ილოცეს ავი ძალებისგან საქართველოს დასაცავად - ის ჯანმრთელი ჯეელიც ლოცულობდა, ვინც მძღოლს რამდენჯერმე დაარტყა და ისეთი სათნო სახე ჰქონდა, იფიქრებდი, ახლა წამოდგება და ასფალტს დახედავს, ჭიანჭველას ხომ არ დავაბჯინე მუხლიო...

საქართველოს მოსახლეობის დაყოფისას, ჩამონათვალში, მრევლი შეგნებულად არ ვახსენე - ჩვენი სამშობლო, ალბათ, ერთადერთია, სადაც მრევლი და შემჩვენებლები ერთმანეთშია აღრეული. მრევლი მლოცველი, მაზიარებელი ადამიანების ერთობას ნიშნავს და ბევრად უფრო ლოიალური უნდა იყოს, ვიდრე ის, ვინც დღეს უწოდებს მრევლს თავის თავს.

რასაკვირველია, როგორც ყველგან, გამონაკლისი აქაც არსებობს, მაგრამ ეს გამონაკლისი პასიურია და ამინდს ვერ ქმნის. ვერცერთი ვერ ვიტყვით, რომ იმ მარაზმს, რაც დღეს საქართველოს დედაქალაქში ხდება, მრევლის ყველა წევრი ან ყველა სასულიერო პირი უჭერს მხარს. მაგრამ საქმეც ის გახლავთ, რომ ვინც მხარს არ უჭერს, ძირითადად, სახლებში ზის და ეს კი დიდი ვერაფერი შეღავათია ვერც იმ მძღოლისთვის, რომელსაც მეტეხის ხიდზე ურტყეს და ვერც იმ სამი სომეხი ეროვნების ახალგაზრდისთვის, რომლებიც წუხელ ქეთევან წამებულის გამზირზე გალახეს.

როცა საპროტესტო გამოსვლების ერთიანი „მმართველობა“ არ არსებობს, მაშინ დემონსტრანტები საკუთარ თავს ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევენ და ეს ნათლად დადასტურდა დღეს: წირვის შემდეგ თბილისის ეკლესიებიდან მრევლი სამებისკენ დაიძრა და გზადაგზა იყო მოქმედებები მოძღვართა კურთხევით: მოძღვართა კურთხევით ლოცვა შუა გზაზე, დაჩოქილ მდგომარეობაში, შენობებთან შეჩერება და ლოცვები იქედან ავი სულების განდევნისთვის, ჩიტაძის ქუჩაზე - მოძღვართა კურთხევით ჩატარებული მთელი რიტუალი შსს-ს გენინსპექციასთან და ბოლოს შენობისთვის პირჯვარის გარდასახვა, მოძღვართა მიერ კურთხეული სიმბოლური რკალი პარლამენტათან და ლოცვა „პარლამენტის წევრთა გონების განსანათლებლად და მოსაქცევად...“ მოკლედ, უამრავი კურთხევა და ამ კურთხევის შედეგად ქრისტეს სახელით შესრულებული მოქმედება...

ხვალ კი წმინდა სინოდი შეიკრიბება. ჯერ არ ვიცით, ეს სინოდის გეგმიური შეკრებაა თუ საგანგებო და რიგგარეშე. მაგრამ სრულიად საქართველოს მრევლს უხარია, რადგან ჰგონია, რომ ხვალ წმინდა სინოდი საქართველოს პარლამენტსი იმ 70 წევრს შეაჩვენებს, რომლებმაც რელიგიური გაერთიანებების შესახებ კანონს ხმა მისცეს. პარლამენტარებს კი ვერ გაუგიათ, რომელ კატეგორიაში დაიგულონ თავები: შეჩვენებულებში თუ შესაჩვენებლად შერჩეულებში. ვინ იცის, იქნებ მრევლის წევრთაგან ზოგს ისიც ჰგონია, რომ იმ დეპუტატებს, ვინც კანონს ხმა არ მისცა, წმინდანებად შერაცხავენ...

ზოგიერთმა სასულიერო პირმა სინოდის გადაწყვეტილებამდე ვერ მოითმინა და „ურჩ“ დეპუტატებს, რომლებმაც პატრიარქის თხოვნა არ გაითვალისწინეს, განაჩენი უკვე გამოუტანა. ეს განაჩენი ერთ შემთხვევაში, არც მეტი, არც ნაკლები, „ფეისბუქით“ გამოცხადდა. ესეც ცივილიზაციის შედეგია: მას შემდეგ, რაც ბევრმა ეპისკოპოსმა და სასულიერო პირმა ხელისუფლებისგან „ჯიპები“ ზედმეტი შეკითხვების გარეშე მიითვალა, ინტერნეტის სიკეთეებიც თავიანთი მოძღვრების კურთხევით აითვისა და ახლა „ფეისბუქიდან“ უგზავნის შეჩვენებას მათ, ვინც კანონის მიღებას მხარი დაუჭირა.

სტატიას დართული სკრინიც სწორედ ამაზე მეტყველებს და არც ფოტოშოპითაა დამუშავებული, არც ტექნიკის სხვა მიღწევებით: პირდაპირი, ნატურალური და, მინიმუმ, დამაფიქრებელი რეალობაა, რომელიც ერთ-ერთი სასულიერო პირის, ბართლომე ფირცხალაშვილის პროფილიდან გვიმზერს.

„ფეისბუქური“ შეჩვენება თუ არასერიოზულად მოგეჩვენებათ, შეგიძლიათ, „ნეტგაზეთის“ მიერ გავრცელებულ ამ ინფორმაციას გადაავლოთ თვალი:

„რელიგიურ გაერთიანებებთან დაკავშირებით სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ცვლილებების არ გაუქმების შემთხვევაში ქართული სამღვდელოება ამბიონიდან იმ 70 დეპუტატს დაწყევლის, რომლებმაც ხმა მისცეს აღნიშნული კანონის მიღებას. ეს განცხადება დღეს სამების ლავრის მღვდელმსახურმა, მღვდელმონაზონმა მამა კონსტანტინემ გააკეთა.

მისი თქმით, პარლამენტის დეპუტატების დაწყევლა იქნება პასუხი იმ ქმედებისა, რასაც ხელისუფლება ახორციელებს მართლმადიდებლური სარწმუნოების წინააღმდეგ.

„მიღებული კანონი არის ღალატი. ისინი ამას ეძახიან დემოკრატიას, თუმცა მას ჰქვია დემონკრატია. თუ ისინი არ გააუქმებენ მიღებულ კანონს, ქართული სამღვდელოება დასწყევლის მათ და ამ 70 დეპუტატის შთამომავლები წაიკითხავენ მათი წინაპრების წყევლის ტექსტს და ეს იქნება სამღვდელოების პასუხი ხელისუფლების არაქრისტიანული ქმედების მიმართ“, - განაცხადა მამა კონსტანტინემ და დასძინა, რომ საქართველოში ჯერ არ გაუხარია ისეთ ადამიანს, რომელმაც ზურგი შეაქცია ქართულ ეკლესიას. მან ამის მაგალითად ნოე ჟორდანია მოიყვანა, რომელიც, მისი აზრით, სწორედ ქართული ეკლესიის უარყოფის გამო არ არის დაკრძალული საქართველოში.“

როგორც ამ მაგალითზე ვხედავთ, შემჩვენებლები არამარტო შეჩვენებით ემუქრებიან მათ, ვინც სახელმწიფოსთვის ესოდენ მნიშვნელოვან, საკანონმდებლო პროცესში მონაწილეობს, არამედ საქართველოს ისტორიის ხელახლა დაწერასაც აპირებენ - ალბათ, მალე გაჩნდება ნოე ჟორდანიას ახალი ბიოგრაფია, სადაც აღწერილი იქნება, როგორ ებრძოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელი ეკლესიას...

სულ მალე, ალბათ, დღის წესრიგში, საპატრიარქოს ტელევიზიის გარდა ყველა სხვა ტელევიზიის გათიშვის საკითხიც დადგება - ხომ ისედაც არსებობს „დასახური“ გადაცემების ვრცელი სია. საპატრიარქოს ტელევიზიით კი ქართული ფილმები გავა, რომელთა უმრავლესობა მაინც გაივლის ცენზურას.

ასე მაგალითად, ცნობილი ჟურნალისტი, თენგიზ გოგოტიშვილი იხსენებდა, რომ საპატრიარქოს ტელევიზიით, ერთ დღეს, ქართული მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „ქვევრი“ გადიოდა და ფილმმა ჩაითრია.

თუმცა, მოგვიანებით, აღმოაჩინა, რომ ერთ-ერთი ეპიზოდი, რომელიც ფილმში, შესაძლოა, ყველაზე სახალისოც კი არის, ცენზურას ვერ გადაურჩა. ასე მაგალითად, ფილმიდან ამოჭრილი იყო ცნობილი ფრაზა: „ქვევრის გატეხვა თქვენ არ გინდათ, მე კიდე, ქრისტე არა ვარ, სასწაული მოვახდინო, სამჭკუაშვილი ვარ!...“

ჰოდა, როგორც ჩანს, სამჭკუაშვილებმა საქართველოდან უნდა გაასწრონ, სანამ შეაჩვენებენ...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100