ჯიფონის ბავშვთა კინოფესტივალის დამფუძნებელი თბილისში
19 იანვარს, ეროვნული კინოცენტრის მოწვევით, თბილისს სამუშაო ვიზიტით იტალიიდან ჯიფონის საბავშვო ფილმების ფესტივალის დამფუძნებელი და დირექტორი - კლაუდიო გუბიტოსი ეწვევა.
ჯიფონის საბავშვო ფილმების ფესტივალის დამფუძნებლის ვიზიტი თბილისში სამომავლოდ ფესტივალის საქართველოში გამართვამ განაპირობა. სწორედ, ამ მიზნით კლაუდიო გუბიტოსის ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს ქვეყნის ოფიციალურ პირებთან და სტუდენტებთანაც გაიმართავს.
20 იანვარი, 11:00 სთ- კლაუდიო გუბიტოსი კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს გურამ ოდიშარიას შეხვედრა.
20 იანვარი, 12:00 სთ, რუსთაველის თეატრის სამეჯლისო დარბაზი, ჯიფონის საბავშვო ფილმების ფესტივალის დირექტორის შეხვედრა ქართველ სტუდენტებსა და მოსწავლეებთან. ამავე შეხვედრაზე მოეწყობა ფესტივალის პრეზენტაცია - „რა არის ჯიფონი“.
21 იანვარი, 14 სთ - ვიზიტი „პიონერ ფილმში“,
21 იანვარი, 17: 30 სთ - შეხვედრა სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრთან ლევან ყიფიანთან.
ფესტივალის დირექტორი ასევე შეხვდება განათლების სამინისტროს წარმომადგენლებსაც.
კლაუდიო გუბიტოსი საქართველოში 3 დღის განმავლობაში დარჩება.
კინოგანათლებას მოზარდებში განსაკუთრებული როლი აქვს, ამიტომ ეროვნული კინოცენტრი ამ მიმართულებით არაერთი ახალი ინიციატივით გამოდის. მათ შორისაა: კინო სკოლებში და საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალის - ჯიფონის საქართველოში ჩატარებაც.
ეროვნული კინოცენტრი ჯიფონის ფესტივალთან 2013 წლიდან თანამშრომლობს. კინოცენტრის მხარდაჭერითა და დაფინანსებით, შარშან ჯიფონის საერთაშორისო კინოფესტივალს პირველად ეწვია 3 ქართველი მოსწავლე - ჟიურის წევრების რანგში.
ჯიფონის საერთაშორისო საბავშვო კინოფესტივალი 40 წელიწადზე მეტია არსებობს და დიდი წარმატებით სარგებლობს მთელს მსოფლიოში. ფესტივალი იტალიის პატარა ქალაქ ჯიფონი ვალე პიანაში ტარდება, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ფესტივალი სხვა ქვეყნებშიც იმართება. მისი უნიკალურობა იმაშია, რომ ფესტივალის ჟიურის წევრები მხოლოდ ბავშვები და მოზარდები არიან. ყოველწლიურად 3000-ზე მეტი ბავშვი უყურებს ფილმებს, მსჯელობს, განიხილავს და ავლენს საუკეთესოებს.
აღნიშული პროცესი კი ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებაზე დადებით გავლენას ახდენს, რადგან ისინი გარდა იმისა რომ კინოხელოვნებას და განსხვავებულ კულტურას ეზიარებიან, ეჩვევიან პრობლემებზე საუბარს, ასევე ურთიერთობას სხვადასხვა ეროვნების თანატოლებთან.
კომენტარი