ესპანეთში არასრულწლოვანი გოგონების შიშველი ფოტოები გავრცელდა, რომლებიც ხელოვნური ინტელექტით შექმნეს - მშობლები საზოგადოებას აფრთხილებენ
სამხრეთ ესპანეთში, პატარა, მშვიდ ქალაქ ალმენდრალეხოს მაცხოვრებლები შეშფო, როდესაც გაიგეს, რომ სოციალურ ქსელებში ადგილობრივი ახალგაზრდა გოგონების, მათ შორის არასრულწლოვნების ფოტოები გამოჩნდა, სადაც ისინი შიშვლები იყვნენ აღბეჭდილნი. ფოტოები ხელოვნური ინტელექტის მიერ იყო შექმნილი. ფოტოების შესაქმნელად გამოიყენეს ჩვეულებრივი ფოტოები, რომლებიც ამ გოგონების სოციალური ქსელებიდან აიღეს და ხელოვნურ ინტელექტს მათი "შიშველი ვარიანტები" შეაქმნევინეს. ალმენდრალეხოში და მის შემოგარენში მსგავსი მანიპულაციის მსხვერპლი 11-დან 17 წლამდე ასაკის თითქმის 30 გოგონა გახდა. "ერთ დღეს ჩემი ქალიშვილი სკოლიდან სახლში დაბრუნდა და მითხრა: "დედა, სადღაც ჩემი მკერდის სურათები გავრცელდა", - განუცხადა BBC-ს მარია ბლანკო რაიომ, 14 წლის გოგონას დედამ. გოგონამ დედას უთხრა, რომ მსგავსი ფოტოები არასოდეს გადაუღია და სოციალურ ქსელში მისი კლასელების შიშველი ფოტოებიც გამოჩნდა. პოლიციამ გამოძიებისას გაარკვია, რომ სურათების გავრცელებაში, WhatsApp-ისა და Telegram-ის საშუალებით, ერთი და იმავე ქალაქიდან სულ მცირე, 11 ბიჭი მონაწილეობდა. გარდა ამისა, გამომძიებლებმა მიიღეს ინფორმაცია ერთ-ერთი დაზარალებულისგან, რომლის თქმით, დამნაშავეები მისთვის ფულის გამოძალვას ცდილობდნენ, რათა ფოტოები არ გაევრცელებინათ. მარია ბლანკო რაიო ამბობს, რომ მისი ქალიშვილი კარგად არის, მაგრამ ზოგიერთი მსხვერპლი ამ ამბის შემდეგ სახლიდან აღარ გადის. ალმენდრალეხო პატარა თვალწარმტაცი ქალაქია, რომლის მოსახლეობაც სულ რაღაც 30 ათას ადამიანს შეადგენს. ეს ამბავი ფართოდ გახდა ცნობილი დაზარალებული გოგონებიდან ერთ-ერთი დედის, მირიამ ალ ადიბის ძალისხმევით. ის გინეკოლოგია და პოპულარობით სარგებლობს სოციალურ ქსელებში. ქალმა საკუთარი გვერდი გამოიყენა, რათა ესპანეთის საზოგადოების ყურადღება მიექცია. პოლიცია თვლის, რომ ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით სურათების ნაწილი ჯერ კიდევ ზაფხულში შეიქმნა. მაგრამ ეს ამბავი ფართოდ გახდა ცნობილი მხოლოდ ბოლო დღეებში, როდესაც ექიმმა ადიბმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მომხდარზე საუბრობდა. "ჩვენ არ ვიცოდით რამდენი გოგონას სურათი იყო გენერირებული, იყო თუ არა ატვირთული მათი ფოტოები პორნოგრაფიულ საიტებზე. ჩვენ გვეშინოდა ამ ყველაფრის... თუ თქვენ გახდით დანაშაულის მსხვერპლი. თუ თქვენ გაგძარცვეს, მაშინ განცხადებას აკეთებთ პოლიციაში და არაფერს მალავთ, რადგან დაზარალდით. მაგრამ სექსუალური დანაშაულის მსხვერპლებს ხშირად აქვთ სირცხვილის გრძნობა და იმალებიან, თვლიან, რომ ეს რატომღაც მათი ბრალია. ამიტომ მსურდა მათ გაეგოთ, რომ ეს მათი ბრალი არ არის“, - განმარტა მირიამ ალ ადიბმა.
კომენტარი