სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ყიზილაჯლოს 50-ე საარჩევნო უბანზე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა

ყიზილაჯლოს 50-ე საარჩევნო უბანზე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. უბანზე იმყოფებიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები - სოზარ სუბარი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მარნეულში თამაზ ნავერიანი, ხოლო „ნაციონალური მოძრაობიდან“ - გიგა ბოკერია, ოთარ კახიძე, გიორგი კახიძე და სხვა წარმომადგენლები.

გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ „50-ე საარჩევნო უბანი უნდა გაუქმდეს, რადგან საარჩევნო პროცესი დარღვევების ფონზე მიმდინარეობს“. კერძოდ, მისი თქმით, ადგილი აქვს ამომრჩევლის მოსყიდვას, ასევე, მისი ინფორმაციით, რამდენიმე პირი უბანზე მარკირების გარეშე შეუშვეს.

„გარკვეული ადამიანები პირდაპირ მოითხოვდნენ ამომრჩევლებისგან დაეფიქსირებინათ, თუ ვის მისცეს ხმა“, - განაცხადა ბოკერიამ.

მისი თქმით, აღნიშნული დარღვევები უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დააფიქსირა, რის გამოც ის უბნიდან გააძევეს.

თავის მხრივ, სოზარ სუბარმა და თამაზ ნავერიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყვეს. სუბარმა „ნაციონალური მოძრაობა“ რამდენიმე უბანზე საარჩევნო პროცესის ჩაშლის მცდელობაში დაადანაშაულა. მისი ინფორმაციით, ამის მიზეზია ის, რომ ეს პარტია მეორე ტურს აგებს.

სუბარის ამ განცხადებაზე საპასუხოდ გიგა ბოკერიამ კვლავ აღნიშნა, რომ სახეზეა საარჩევნო დარღვევები, რაზეც შესაბამისი რეაგირება უნდა მოხდეს, მათ შორის უნდა გაუქმდეს ეს საარჩევნო უბანი ან უნდა მოხდეს აღდგენა უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100