ომამდე ერთი თვით ადრე ივანიშვილი თბილისში „რუსული სახლის“ დაარსებას ცდილობდა (ვიდეო)
მაშინ, როცა საქართველოს ცას რუსული ავიაგამანადგურებლები და ბომბდამშენები სერავდნენ და რჩეული ქართველი ვაჟკაცები რუს ოკუპანტებთან უთანასწორო ბრძოლაში იხოცებოდნენ, ბიძინა ივანიშვილი თბილისში „რუსული სახლის“ დაარსებაზე ფიქრობდა. „რუსთავი–2“–ის გადაცემამ „პოსტ სკრიპტუმ“ დედაქალაქის ურბანული დაგეგმარების სამსახურში შესული განაცხადები შეისწავლა და გაარკვია, რომ „რუსული სახლის“ მშენებლობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით მერიას ივანიშვილის „ქართუ ჯგუფის“ ნაწილმა – ასოციაცია „ატუმ“ 2008 წლის 7 ივლისს მიმართა.
„გთხოვთ, გასცეთ ქალაქმშენებლობითი პირობები ჩვენს კუთვნილ ტერიტორიაზე, მრავალფუნქციური შენობის „რუსული სახლის“ ასაშენებლად“, – შავით თეთრზე წერია მერიაში შეტანილ განცხადებაში.
მოგვიანებით დოკუმენტში შესწორება ხელით შეიტანეს და „სახლი“ „სკოლად“ გადაკეთდა. როგორც თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსი, არის ბოჭოიძე ამბობს, განმცხადებლების მოთხოვნა იყო, რომ სახელწოდებაში აუცილებლად ყოფილიყო სიტყვა „რუსული“. „2008 წლის ომისა და რუსეთის მიერ სეპარატისტული რეგიონების აღიარების შემდეგ ჩვენ დავუკავშირდით ამ ასოციაციის წარმომადგენლებს და კატეგორიულად მოვთხოვეთ, რომ დასახელებიდან საერთოდ ამოეღოთ სიტყვა „რუსული“, – ამბობს ის.
ასე და ამრიგად, რაც თავიდან „რუსული სახლი“, მერე კი „რუსული სკოლა“ იყო, საბოლოოდ „პროფესიული გადამზადების სკოლად“ გადაიქცა, თუმცა, სათაურის შეცვლით მისი შინაარსი არ შეცვლილა. იგივე სამსახურს 2008 წლის 29 სექტემბერს ასოციაცია „ატუმ“ მისწერა:
„თქვენი სამსახურის მიერ გაცემულია ქალაქმშენებლობის პირობები ობიექტზე „რუსული სკოლა“. ამჟამად ობიექტმა შეიცვალა დასახელება და მისი სახელწოდებაა „პროფესიული გადამზადების სკოლა“. სავარაუდო შენობის სართულიანობა, გაბარიტები, ფუნქციონალური დანიშნულება დარჩება იგივე“.
რა თქმა უნდა, ცნობილია ის ადგილიც, სადაც წესით, „რუსული სახლი“ უნდა იდგეს – მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორია, სადაც დღემდე მრავლად ნახავთ ნივთებს, რომლებიც იმპერიალისტურ რუსეთს გაგახსენებთ.
მცირე ექსკურსი უახლეს ისტორიაში:
2006 წელი:
საქართველოში რუს ჯაშუშთა ქსელი გამოააშკარავეს. გამოვლენილი და დაკავებული ჯაშუშები საქართველომ რუსეთს გადასცა.
2010 წელი:
რუსული დაზვერვის კიდევ ერთი ჩავარდნა: ოპერაცია „ენვერი“, რომლის შედეგადაც კიდევ რამდენიმე რუსეთის ჯაშუში გამოვლინდა.
სანამ იკითხავთ, რა შუაშია ჯაშუშობა და შპიონაჟი რუსულ სახლთან, მოკლედ ავხსნათ, რას ნიშნავს „რუსული სახლი“; „რუსეთთან მეგობრობის ცენტრი“; „რუსული ცენტრი“ და სხვა მსგავსი „სახლები“ რუსული დაზვერვისთვის:
ამონაწერი რუსეთის პრემიერ–მინისტრის ვლადიმირ პუტინის ბიოგრაფიიდან:
„1985–90 წლებში მუშაობდა გდრ–ში, ქალაქ დრეზდენში სსრ კავშირისა და გდრ–ის მეგობრობის სახლის დირექტორის საფარქვეშ. ამ მივლინების პერიოდში ვადაზე ადრე მიენიჭა ვიცე–პოლკოვნიკის წოდება და დაჯილდოვდა ბრინჯაოს მედლით“.
ამის შემდეგ მხოლოდ იმის ახსნაა დარჩენილი, რა მსგავსებაა მაშინდელი КГБ-სა და ახლანდელი ФСБ–ს მუშაობის მეთოდებს შორის, ამაზე საუბრით კი არ გადაგღლით, უბრალოდ, ერთს ვიტყვით, რომ კულტურის სფეროთი და კულტურისა და ხელოვნების სფეროში დასაქმებული ადამიანებით დაზვერვის დაინტერესებასაც მარტივი ახსნა აქვს: ეს ადამიანები, ზოგადად, ყველგან მიღებული ხალხია...
კომენტარი