საქართველოში დაბრუნებული ემიგრანტი იმედგაცრუებული ხალხის სახელით ალაპარაკდა
თემურ ავალიანი აშშ-ში მოღვაწე ქართველი გახლავთ, რომელიც 16 წლიანი ემიგრანტობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. საერთაშორისო ორგანიზაციის „კავკასია ომების გარეშე“ საორგანიზაციო კომიტეტის წევრ ავალიანს სხვადასხვა დროს არაერთი ღია წერილით მიუმართავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყქნის ლიდერებისთვის და საქართველოს პრობლემებით მათი დაინტერესება არაერთხელ უცდია.
ბატონ თემურს კარგად იცნობს droni.ge-ს მკითხველი მის საიტზე არაერთხელ გამოქვეყნებულა ქართველი პოლიტიკოსების მისამართით დაწერილი საჯარო წერილები. ამჯერად droni.ge გთავაზობთ ინტერვიუს ბატონ თემუ ავალიანთან, რომელიც მისივე თხოვნით ჩაიწერა.
ბატონო თემურ! 16 წლის შემდეგ თქვენ პირველად ესწრებით საქართველოში საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას. რა შთაბეჭდილება გრჩებათ ამ პროცესზე?
მოკლედ ამის შეფასება ძნელია. მე მოვუსწარი შარშანდელი არჩევნების ბოლო დღეებს. დაძაბულობა პიკს აღწევდა.... ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით არჩევნების გაყალბებას წინასწარმეტყველებდა და თუ არჩევნებს არ მოიგებდა, ხალხს ქუჩაში გამოიყვანდა და ქვეყანას დესტაბილიზაციით და ქაოსით ემუქრებოდა. დიდი იყო საშიშროება ჩვენს საზღვრებთან წვრთვნების რეჟიმში მყოფი დამსჯელი 58-ე არმიის შემოსვლისა და ქართული სახელმწიფოებრიობის მორიგი განადგურებისა.
,,გვიშველა~ ივანიშვილის მიერ ქართულ ელექტორატში ჩადებულმა მილიარდებმა და ციხის კადრებმა. ივანიშვილის კოალიციამ გაიმარჯვა. პუტინის მოლოდინი გამართლდა. თუმცა მას მეორე ვარიანტი უფრო აწყობდა-დესტაბილიზაციის ფონზე სამხედრო ინტერვენცია და სასურველი მთავრობის დასმა.
წელს ეს პროცესი გაცილებით მშვიდად და ცივილიზებულად მიმდინარეობს, დღეს ხელისუფლება იქეთ უტევს ოპოზიციას. ოპოზიციის საჩივრები და განცხადებები დარღვევების შესახებ, რომლებიც ძირითადად რუსთავი-2-ზე პროტესტდება, რჩება ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა.
როგორ შეაფასებდით ბატონი ივანიშვილის ჩართულობას ამ პროცესში და მის გამონათქვამებს, მათ შორის 60%-ის შესახებ?
როგორც ვხედავთ ბატონი ივანიშვილი აქტიურად მონაწილეობს ამ პროცესში და ცდილობს თავისი რჩეული ქართველი ხალხის რჩეულად აქციოს. ბატონი ივანიშვილი უკვე არ მალავს, რომ ის გადადგომის შემდეგაც შეეცდება კულისებიდან მართოს ქვეყანა და რჩევები მისცეს თავის მოყვანილ ხელისუფლებას. ამისათვის ბატონი მარგველაშვილიც მზადაა, იმედია ბატონი ბიძინა თავის შემცვლელად პრემიერმინისტრის პოსტზეც მორიგ ,,პლასტელინს~ მოიყვანს და ხელისუფლების მართვაში მას პრობლემები არ ექნება-მოუნდება შეაქებს და მოუნდება ,,მიჭირხნის~ მაგრამ საკითხავია დემოკრატიული მმართველობის რა ფორმების დამკვიდრებას ცდილობს ბატონი ბიძინა ჩვენს საოცნებო ქვეყანაში? მსოფლიოში ასეთი მაგალითები არის დენ-სიაო-პინი და მუამარ კადაფი, მაგრამ მათ დემოკრატიულ მართვაზე პრეტენზიები არ ჰქონიათ. მიიღებს კი ქართველი ხალხი და ცივილიზებული მსოფლიო ,,დემოკრატიული მმართველობის~ ასეთ ფორმას?
როგორი აზრის ხართ პრეზიდენტობის კანდიდატებზე? თუ საიდუმლო არა არის ვინ არის თქვენი ფავორიტი?
ცოტა უხერხულია არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე შევაფასოთ პრეზიდენტობის კანდიდატები, რომელთა რიცხვი ასეთი არჩევნების პრაქტიკაში ალბათ ასტრონომიულია. მით უმეტეს ისეთი ფორმით როგორიც ბატონმა ივანიშვილმა იკადრა.
მაგრამ, როგორც რიგით ამომრჩეველს, არ შემიძლია არ ვთქვა, რომ მე ძალიან მაღიზიანებს ქალბატონი ნინო ბურჯანაძის წინასაარჩევნო კამპანია და მისი ზღვარგადასული დაპირებები, რომელიც რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას, ჩვენი ტერიტორიული-მთლიანობის აღდგენას, დევნილების დაბრუნებას, აფშორულ ზონებში გაზიდული მილიარდების დაბრუნებას და თითქმის ყველა იმ საკითხების მოგვარებას გვპირდება რომელიც დღეს საქართველოს აწუხებს. ამასთან ის არავითარ გარანტიებს არ იძლევა და არ ამბობს, რომ თუ მე ამ დაპირებებს არ შევასრულებ ფეხით დამკიდეთ თავისუფლების მოედანზეო, რადგან ის კარგად ხედავს, რომ ბიძინა ივანიშვილს თავის ,,მყისიერად~ შესასრულებელი დაპირებების 80%-იც არ შეუსრულებია და მაინც ინარჩუნებს ხალხში 70%-იან რეიტინგს. მიმაჩნია, რომ არჩევნების პერიოდში მიცემულ დაპირებებზე უნდა არსებობდეს გარკვეული პასუხისმგებლობა და მათ ხალხის შეცდომაში შეყვანა არ უნდა ეპატიოთ.
ამასთან ერთად მიმაჩნია, რომ ,,რკინის ნინოს~ ისეთვიე წვლილი აქვს შეტანილი 26 მაისის ტრაგედიის მომზადებაში, როგორც მის შემსრულებლებს, ამიტომ ,,კანონის უზენაესობა~ და ,,სამართლიანობის აღდგენა~, რომელსაც ის ყოველდღე ქადაგებს, მასაც უნდა შეეხოს.
რადგან პროცენტები ახსენეთ, თქვენ არ გიპასუხიათ იმ 60%-ის შესახებ, რომელიც ბატონმა ბიძინამ მარგველაშვილის არჩევას დაუკავშირა
ბატონი ივანიშვილის ეს განცხადება ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს და ტყუილად ცდილობს მისი გარემოცვა, მისი კეთილისმსურველები და თვით მარგველაშვილი რაღაც აბდა-უბდათი გაამართლონ ეს გამონათქვამი. როგორც ცნობილია ბატონი ივანიშვილი პოლიტიკოსობაზე პრეტენზიას არ აცხადებს, თუმცა თავს ხშირად იქებს და ამბობს, რომ მას ყველაფერი ,,ეფექტურად გამოუვიდა~. ექსპერტებთან და მასობრივ ინფორმაციის საშუალებებთან ჩატარებულმა უკანასკნელმა შეხვედრებმა ცხადყო, რომ ვერც დემოკრატიის კანონების ცოდნით, ვერც განსწავლულობით და ვერც პოლიტიკური ინტელექტით ის ქვეყნის ლიდერის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. არა, მე არ მინდა ვიყვირო - ,,მეფე შიშველია~ - რადგან მას აქვს ალბათ რაღაც ხარიზმა – რომელმაც მას რუსეთიდან მილიარდები გამოატანინა, მისი ნაწილი საქართველოს ელექტორატში ჩაადებინა და ქვეყნის ლიდერი გახადა. თუ წარმოვიდგენთ ბატონ ბიძინას ამ მილიარდების გარეშე მივიღებთ იმ მარტივ პიროვნებას, როგორსაც მას ონლაინ რეჟიმში ვხედავთ. ამიტომ ბატონი ივანიშვილი ადვილად გაიხლართა დიდი პოლიტიკის რთულ და ბინძურ ლაბირინთებში და კარგია რომ ის მიდის.
ანალიტიკოსების ვალია დაუშვან, რომ ბატონ ბიძინას ეს 60% ან წამოცდა ან განგებ დაანონსა.
თუ არ წამოცდა, მაშინ ეს დიდი თავდაჯერებულობა-თავგადასულობის მიზეზია და დემოკრატიული არჩევნებისადმი და ხალხისადმი სრული უპატივცემულობაა, ან უფრო მეტიც საარჩევნო კომისიებზე და ელექტორატზე ზეწოლის უხეში მცდელობაა.
და თუ განგებ დაანონსა საქმე გვაქვს უფრო რთულ მაქინაციებთან.
რას გულისხმობთ ამ ,,მაქინაციებში~?
ყოველგვარი ხელშეწყობა ქ.ნი ბურჯანაძის კანდიტატურისადმი, მისი მეორე ადგილზე გასვლა მეორე ტურის პერსპექტივით. შემდეგ ,,ვაჟკაცური სიტყვის~ შესრულება და ,,რკინის ლედის~ პრეზიდენტად დასკუპება. ამით პუტინიც დაკმაყოფილდება და ის რაც ბიძინამ ვერ შეასრულა ქ.ნი ნინო ბოლომდე მიიყვანს - ,,მარად რუსეთთან, მარად რუს ხალხთან~.
..... და როცა საქართველოში ეკონომიკა და დემოკრატია ამოდუღდება და ის ჩვენ მეზობელ აფხაზებს და ოსებს წალეკავს, ტერიტორიული მთლიანობა თავისთავად აღდგება. ასეთია ივანიშვილი-ფანჯიკიძე-ბურჯანაძის ზღაპრის შინაარსი.
თქვენ რას გვთავაზობთ-სხვა გზა, სხვა ხსნა გაგვაჩნია?
ჩემი წინადადება რამდენჯერმე გავაჟღერე ჩემს სტატიებში და ამასწინანდელ ჩემს ღია წერილში საქართველოს პარლამენტის თავჯდომარისადმი. ეს არის საქმის აღძვრა ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის სახელმწიფოს წინაამღდეგ – 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგებზე, ქართველთა ეთნიკურ წმენდაზე და ჩვენი ტერიტორიების მიტაცება - ოკუპაციის თაობაზე. ეს არის ჩვენი უკანასკნელი იმედი, რომ მშვიდობიანად დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები, დავაბრუნოთ ლტოლვილები და გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა.
მაგრამ, როცა ბატონი ივანიშვილი პუტინის შიშით დვანში და დიცში ვერ ჩასულა, ამასთან 20 წლით აპირებს საქართველოს მთავრობის კონტროლს და ,,მაყურებლის~ როლის შესრულებას (,,კანონიერი ქურდი~ კრემლში ზის) ჩემს ამ მოკრძალებულ ოცნებას შესრულება არ უწერია.
კომენტარი