"დედა ენის" სკოლებში დაბრუნება არის სიბრიყვე და იაფფასიანი პოპულიზმი - ბაია პატარაია
"დედა ენის" სკოლებში დაბრუნებასთან დაკავშირებით საზოგადოება ერთ ხმად შეიკრა. ამ საკითზე მსჯელობა უკვე დაიწყეს პარლამენტში და საფინანსო-საბიუჯეტო და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტებმა მხარი დაუჭირა "დედა ენის" კანონის დონეზე ხელშეუხებლობას.
უფლებადამცველი ბაია პატარაია კომიტეტის გადაწყვეტილებას სოციალური ქსელით ეხმაურება:
"გოგებაშვილს ეს რომ ესმოდეს, გულიც გაუსკდება - რამ გამოგათაყვანათ მთელი ერიო. დედა ენა იმ დროს საუკეთესო იმიტომ იყო, რომ ძალიან თანამედროვე და ახლებური იყო. დღეს ის დედაენა აღარც თანამედროვეა და აღარც ახლებური. ჩვენ კიდევ ვაკანონებთ, რომ წერა-კითხვა 21 საუკინის ბავშვებმა 100 წლის წინანდელი წიგნით უნდა ისწავლონ. ეს არც გოგებაშვილის პატივისცემაა და არც სამშობლოს სიყვარული. ეს არის სიბრიყვე და იაფფასიანი პოპულიზმი.
აქვე ვიტყვი, რომ ბავშვების სახელმძღვანელოების უმეტესობა არის კატასტროფულად ცუდი. ამ წიგნებს წერს ხალხი, რომლებსაც არ უყვართ ბავშვები და არ მუშაობენ მათ განსანათლებლად. ისინი უბრალოდ ფულის საშოვნელად ადგენენ წიგნებს და არიან უნიჭოები. ამაზეც გული დასწყდებოდა იაკობს, რადგან მან ბავშვების სიყვარულით დაწერა მაშინ "დედა ენა". დღეს, ინტერნეტის ეპოქაში, სადაც ხელმისაწვდომია ლამის მთელი მსოფლიოს ცოდნა, ქართველები ისეთ სახელმძღვანელოებს წერენ, ბავშვს რომ სწავლა შესძულდება. მე ვკითხულობ ხოლმე ჩემი შვილის ისტორიის და ბუნების წიგნებს და ვუთანაგრძნობ, რომ ამ ბოდვის დამახსოვრებას სთხოვენ ბავშვს.იმის ნაცვლად ხელისუფლება უკეთესი სახელმძღვანელოების დაწერას უწყობდეს ხელს, 100 წლის წინანდელ წიგნს სავალდებულოს ხდიან. საერთოდ, როგორ ვარსებობთ, არ ვიცი, შეცდომები, შეცდომები, შეცდომები, ფსევდო-პატრიოტიზმი და საკუთარი ხალხის არსიყვარულია გარშემო, პლუს საშინელი უგუნურობა და უტვინობა.
იაკობ გოგებაშვილის სულო, გვიშველე..." - წერს ბაია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
კომენტარი