„მაგთი“ და „ჯეოსელი“ - ქურდები ჩვენს ჯიბეებში
კვლევები, რომელიც „აფბა“-მ ჩაატარა, ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიების თავგასულობას ეხებოდა. არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციისა“ და დავით ებრალიძის მიერ ერთი თვის წინ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მობილური ოპერატორების („მაგთი“, „ჯეოსელი“, „ბილაინი“) წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვაზე კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ უარი განაცხადა. მიზეზად კომისიამ ბაზარზე არსებული სიტუაციის არცოდნა და მობილურ ოპერატორებს შორის ურთიერთჩართვის ტარიფის მოსალოდნელი შემცირება დაასახელა.
მარეგულირებლის განცხადებით, კომისია ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზრის კვლევას აწარმოებს, რომელიც ჯერჯერობით დასრულებული არ არის. შესაბამისად, მარეგულირებელი ინფორმირებული არაა ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესახებ.
მერაბ ჯანიაშვილი, „აფბა“-ს პრეზიდენტი: მიუღებელი და ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული არგუმენტია, რაც მარეგულირებელმა დაასახელა. ამ ორგანოს პირდაპირი მოვალეობაა მუდმივად იყოს საქმის კურსში და ზედმიწევნით კარგად უნდა იცოდეს ბაზარზე არსებული ვითარება. ასეთი გადაწყვეტილებებისთვის მარეგულირებლის თანამშრომლებს მაღალ ხელფასებს უხდიან. კომისიამ უნდა აწარმოოს ქვეყანაში ამ სფეროში მიმდინარე მოვლენების მუდმივი კონტროლი.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზრის კვლევა ბოლოს 2008 წელს ჩაატარა, რომლის თანახმადაც მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე გამოვლინდა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე შემდეგი კომპანიები: შპს „მაგთიკომი“, და შპს „ჯეოსელი“.
მიუხედავად იმისა, რომ კომისიამ 2008 წელსვე აღიარა „მაგთი“ და „ჯეოსელი“ ბაზრის მონოპოლისტებად, მათ მიმართ რეალური შედეგის მომტანი ღონისძიებები არ გაუტარებია. ფაქტია, რომ მარეგულირებელმა ორი წლის წინ ჩატარებული კვლევით ნათლად დაინახა ბაზარზე არსებული ვითარება, მაგრამ მის გამოსასწორებლად არაფერი გაუკეთებია.
ნათელია, რომ თუ არ იქნება საზოგადოების ზეწოლა, არც ამჯერად უნდა ველოდეთ არაობიექტური კომისიისაგან რაიმე შედეგის მომტანი ნაბიჯის გადადგმას, ბაზრის რეგულირებასა და სამართლიან ტარიფებზე გადასვლის მოთხოვნას.
საინტერესოა, რომ მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ყოველთვიური შემოსავლების ოდენობა საშუალოდ ერთ აბონენტზე გადაანგარიშებით 2007 წელს - 22.59 ლარს, ხოლო 2008 წელს 25.13 ლარს შეადგენდა. მიუხდავად იმისა, რომ კომისიამ ნათლად დაინახა 2007 წელთან შედარებით 2008 წელს მოსახლეობის ხარჯების გაზრდა მობილურით მომსახურებაზე (მაშინ, როცა აღნიშნული მაჩვენებელი თითქმის ყველა ქვეყანაში ყოველწლიურად კლების ტენდენციით ხასიათდება), მარგეულირებელს ამ სიტუაციის გამოსასწორებლად ქმედითი ნაბიჯები მაინც არ გადაუდგამს. დავით ებრალიძე, კომუნიკაციების ომბუდსმენი: მეორე არგუმენტი, რის გამოც კომისიამ სარჩელი არ მიიღო, ესაა მობილურ ოპერატორებს შორის ურთიერთჩართვის ტარიფის მოსალოდნელი შემცირება, რომელმაც, თავის მხრივ, ბაზარზე საცალო ფასის შემცირება უნდა გამოიწვიოს. საქართველოში ამ მაჩვენებლის შემცირება უკვე ორჯერ მოხდა: 2003 წელს - 22,8-დან 18,8-მდე და 2007 წელს - 18,8 თეთრიდან 14,8 თეთრამდე, რასაც საცალო ბაზარზე მობილურით საუბრის გაიაფებაზე, ფაქტობრივად, ზეგავლენა არ მოუხდენია და ამიტომ სრულიად გაუგებარია კომისიის მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ წლევანდელი ურთიერთჩართვის ტარიფის 2-3-თეთრიანი შემცირება ბაზარზე საბაზისო ტარიფის რაიმე სახით კორექტირებას გამოიწვევს.
„აფბა“ მიიჩნევს, რომ თუ მარეგულირებელი დღესდღეობით ბაზარზე არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად ადეკვატურ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, მაშინ კიდევ ერთხელ შეიტანენ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში სარჩელს მობილური ოპერატორების წინააღმდეგ.
თუ მარეგულირებელი ისევ არ განიხილავს ასოციაციის სარჩელს, მაშინ „აფბა“ ბ-ნ დავით ებრალიძის დახმარებით უკვე სასამართლოს გზით შეეცდება მიზნის მიღწევას, რაც ფიჭური კავშირგაბმულობის საბაზისო ტარიფის შემცირებაში უნდა გამოიხატოს. ასეთი ქმედება მონოპოლისტ კომპანიებს აიძულებს, რეალური ტარიფითა და გონივრული მოგების მარჟით დაკმაყოფილდნენ.
კომენტარი