სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ სცემა ლევან გაჩეჩილაძემ საკუთარი ძმა - უცნობი?

გარიგებები და მორიგებები ოპოზიციისთვის უცხო ხილი აღარ არის. ეს ის ოპოზიციაა, რომლისთვისაც „რაზბორკები“ მოსულა.

საქმის გარჩევებს ყველაზე კარგად ძმები გაჩეჩილაძეები ართმევენ თავს და ამ საქმეში პირველობას ნამდვილად არავის უთმობენ.
მარტო „რაზბორკებში“ არა, ოპოზიციონერ ძმებს გარიგებებშიც ჭიპი აქვთ მოჭრილი, რაშიც არაერთხელ დაუდანაშაულებიათ. მაგრამ „გრეჩიხებმა“ ლამის პროფესიად გაიხადეს ეს საქმე. ისინი გარიგებებში აშკარად უდავო ფავორიტები არიან. პოლიტიკური ამბიციებიც აწუხებთ, თუმცა, როგორც ამბობენ, ბევრი ფული მათთვის მაინც ნომერ პირველია.
გავრცელებული ინფორმაციით, ლევან გაჩეჩილაძე არაერთხელ არის შემჩნეული ფულის აღებ-მიცემობაში. ჯერ კიდევ ახლო წარსულში „დაღლილი ვირის“ ორი მილიონი შესთავაზა ალასანიას პოლიტიკიდან გაქრობის სანაცვლოდ.
თუმცა, ალასანიამ ერთკვირიანი ფიქრისა და ამერიკაში ჩურკინთან შეხვედრის შემდეგ გაჩეჩილაძეს ორ მილიონზე უარი უთხრა.
უფრო მეტიც, ალასანიამ სამი მილიონი შესთავაზა ლევან გაჩეჩილაძეს კანდიდატურის არდასახელების სანაცვლოდ. არ ვიცით გაჩეჩილაძემ ალასანიას სამი მილიონი „ჩაიჯიბა“ თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ მას ქალაქის თავობაზე კანდიდატურა არ დაუყენებია.
ჟურნალისტები აღნიშნული გარიგებებით დაინტერესდნენ. გაჩეჩილაძისგან კი ასეთი შინაარსის კომენტარი მოისმინეს, „ყველაფერი სისულელეა“. თუმცა სხვა რა უნდა ეთქვა, სამი მილიონი ავიღეო? მას ხომ ძალიან „უყვარს“ თავისი ქვეყანა. თუ მის ნიანგის ცრემლებსაც გავითვალისწინებთ, ამაში ეჭვი აღარ შეგეპარებათ.
ოპოზიციის ნაწილმა, ბევრი იფიქრა თუ ცოტა, იფიქრა არჩევანი „უცნობზე“ ანუ გია გაჩეჩილაძეზე შეეჩერებინა. მაინც თბილისელი კაცია და ქალაქის მერობა არ გაუჭირდებაო.
ძიძიგურის კანდიდატურას აშკარად არჩიეს, თბილისის ქუჩები მაინც იცის და სამტრედიული აქცენტით არ საუბრობსო. `გრეჩიხამაც~ შეიფერა და ამხელა „ბუმბერაზი“ კაცი ის იყო მერობისთვის მზადებას აპირებდა, რომ „დრონი.ჯი“-ს ინფორმაციით, საქმე მისივე ძმამ - ლევანმა ჩაუშალა.
„რედისონში“ გამართული დისკუსიებისა და ბევრი ბჭობის შემდეგ რადიკალები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ თბილისის მერობის კანდიდატად გია გაჩეჩილაძე დაესახელებინათ.
ოპოზიციამ ორთაჭალაში, „გრეჩიხების“ კუთვნილ რესტორან „ნაცნობში“ გადაინაცვლა. „უცნობის“ კანდიდატურაზე ბჭობამ უკვე სუფრაზე გადაინაცვლა. ყველა თანხმდებოდა იმაზე, რომ „უცნობის“ კანდიდატურა კარგი ვარიანტი იყო. წინააღმდეგი კი მხოლოდ მისივე ძმა - ლევანი იყო.

„უცნობს“ მერობა უნდოდა ამაზე კი ძმა არ თანხმდებოდა. საუბრით, რომ არაფერი გამოვიდა, ბატონმა ლევანმა უფრო რადიკალურ გზას მიმართა და შეზარხოშებულმა „უცნობს“ გაარტყა. ფაქტია, რომ ლევან გაჩეჩილაძის ხერხმა გაჭრა, რადგან „უცნობს“ თბილისის მერობაზე კანდიდატურა აღარ დაუსახელებია. ასე მარტივად, ერთი ცემით ჩაუშალა ძმას შორს მიმავალი გეგმები ლევან გაჩეჩილაძემ.
ისე საინტერესოა, რა იდეებსა, და თბილისის მოწყობის როგორ პროგრამას შესთავაზებდა „უცნობი“ ხალხს წინასაარჩევნოდ. ეცდიათ ამ კაცისთვის, იქნებ დედაქალაქისთვის რაიმე ღირებულს აკეთებდა. ბოლო-ბოლო მას ხომ თბილისის კოლორიტად წარმოუდგენია თავი?!
ობიექტურობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ძმების შეხლა-შემოხლას მათი გარემოცვა და უფროსი გრეჩიხის ორგანიზაციის წარმომადგენლები კატეგორიულად უარყოფენ. თუმცა, რას გაიგებ - ზოგჯერ ზუსტად ისაა სიმართლე, რასაც უარყოფენ.
ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი“ (გამოდის ორშაბათობით)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100