მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს.
ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა შესრულდება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნატარესი, ილია მეორე დღესასწაულთან დაკავშირებით, საღმრთო ლიტურგიას ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში აღავლენს.
მსახურების დროს ტაძარში წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი იქნება გამობრძანებული და მორწმუნეებს სიწმინდის მოლოცვა შეეძლებათ.
წმიდა ნინო წარმოშობით კაბადოკიის ქალაქ კოლასედან იყო. მისი მამა, ზაბულონი საფრანგეთის განმანათლებლად ითვლება. მოციქულთა სწორი ქალწული ნინო საქართველოში, დაახლოებით, 323 წელს ჯავახეთის მთებით შემოვიდა. მას თან ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ვაზის ჯვარი ჰქონდა. წმიდა ნინოს ქადაგებით, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა. ამ დროს სამეფო ტახტი მეფე მირიანსა და დედოფალ ნანას ეპყრათ.
კომენტარი