სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ თქვა ტიბეტის პოლიტიკურ ლიდერობაზე უარი დალაი ლამამ

დალაი-ლამამ საკუთარი დაბადების დღე შეერთებულ შტატებში აღნიშნა. გასულ კვირას ის 76 წლის გახდა. ტიბეტური ბუდიზმის მიმდევრებისთვის დალაი-ლამამ ათდღიანი ლოცვის და მედიტაციის რიტუალი გამართა.

ეს დალაი-ლამას პირველი ვიზიტია ამერიკის დედაქალაქში მას შემდეგ, რაც მან 2011 წლის მარტში ტიბეტის პოლიტიკურ ლიდერობაზე უარი განაცხადა. მისმა ვიზიტმა ჩინეთის ხელისუფლება ძლიერ გაანაწყენა. იგივე მოხდა გასულ წელს, როცა დალაი-ლამა პრეზიდენტ ობამას თეთრ სახლში შეხვდა.

მთელი მსოფლიოს ბუდისტებმა აღნიშნეს დალაი-ლამას დაბადების დღე. პოლიციამ ნეპალის დედაქალაქ -კატმანდუში- სამი ტიბეტელი დააპატიმრა, რომლებიც სხვებთან ერთად დალაი-ლამას დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. ნეპალის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მათ შეუძლიათ სახლებში იზეიმონ, მაგრამ ქუჩებში, სახალხოდ ჩინეთის საწინააღმდეგო აქციას არ დაუშვებენ.

„ამერიკის ხმასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში დალაი-ლამამ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც მან ტიბეტის პოლიტიკურ ლიდერობაზე უარი თქვა, ის უფრო თავისუფლად გრძნობს თავს. თუმცა, ტიბეტური ბუდიზმის სულიერი ლიდერი აღნიშნავს, რომ ის უარს არ იტყვის ჩინეთთან მოლაპარაკებაში მონაწილეობის მიღებაზე, თუკი მისი დახმარების საჭიროება გაჩნდება.

თითქოს პასუხისმგებლობის ტვირთი ჩამომხსნეს. თუკი არჩეულ მთავრობას ჩემი თანადგომა დასჭირდა, მე ყოველთვის მზად ვარ მათ დახმარება აღმოვუჩინო - განაცხადა მან.

ამჯერად დალაი-ლამა შეერთებული შტატების პრეზიდენტს არ შეხვედრია. იგი ამბობს, რომ შეხვდება ბატონ ობამას, თუკი მას ამის სურვილი ექნება. მაგრამ ამჯერად მისი ვიზიტი ძირითადად ბუდისტური სწავლების გავრცელების მიზნით შედგა. „ვიცი, რომ პრეზიდენტი კარგად არის და ჩემთვის ეს საკმარისია“, თქვა დალაი-ლამამ.

მან „ამერიკის ხმას“ ის მიზეზიც გაუმხილა, რის გამოც პოლიტიკური ასპარეზი დატოვა.

„სამყარო კაცობრიობის განკარგულებაშია. ყველა ქვეყანა საკუთარ ხალხს ეკუთვნის და არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, მეფეს ან სულიერ მოძღვარს“ - განაცხადა მან და დასძინა, რომ ოთხსაუკუნოვანმა ტიბეტურმა ტრადიციამ, რომლის მიხედვითაც ქვეყნის პოლიტიკური და სულიერი ლიდერი ერთი და იგივე ადამიანია, უკვე ამოწურა საკუთარი თავი.

დალაი-ლამამ აღნიშნა, რომ ჩინეთში პოლიტიკური რეფორმის აუცილებლობის ხმა თანდათან ძლიერდება. ჩინურ მოსახლეობაში სულიერებაც იზრდება. ასე რომ მომავალი უკეთესობისკენ გარდაქმნებს მოასწავებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100