რუსული პრესა: სოხუმის აეროპორტი აფხაზებმა თვითონ აღადგინონ, ან მოიცადონ
სოხუმის აეროპორტი ყველაზე ახლოს მდებარეობს სოჭთან, მაგრამ ეს მხოლოდ ერთადერთი პლიუსია მისი გამოყენებისათვის სათადარიგო აეროპორტად, ზამთრის 2014 წლის ოლიმპიადისათვის. არადა ეს საკითხი აქტიურად განიხილება როგორც აფხაზი, ისე რუსი ჩინოვნიკების მიერ. ამის შესახებ წერს „Новости России”, რომელიც ხაზს უსვამს, რომ „ამ საკითხში უფრო მეტი მინუსებია“.
კერძოდ, ავტორი, ანდრეი ეპიშევი აღნიშნავს, რომ „რუს ინვესტორებს მოუხდებათ ჩაეტიონ აშენების ვადებში, არამარტო აეროვაგზალთან, არამედ სოხუმისა და სოჭის დამაკავშირებელ ჩქაროსნულ ტრასასთან მიმართებაშიც. ამის გარდა, სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით შეიძლება პრობლემები წარმოექმნათ უცხოელ მოქალაქეებს, რომლებიც ოლიმპიადაზე სოხუმის გავლით ჩამოვლენ რუსეთში’’.
„აფხაზეთი ცნო მხოლოდ რამდენიმე ჯუჯა სახელმწიფომ და 2014 წლისათვის რაიმე ცვლილებები ამ მიმართულებით არაა მოსალოდნელი“, - წერს ეპიშევი. –„შესაბამისად, იმ ქვეყნებმა, განსაკუთრებით ევროპულმა, რომლებიც არ ცნობენ აფხაზეთს, შეიძლება შექმნან პრობლემები თავიანთი მოქალაქეების აფხაზეთის საზღვარზე გადაადგილებაზე და საერთოდ, ბევრმა შეიძლება უარი თქვას აფხაზეთის გავლით სატრანზიტო მგზავრობაზე. ასეთი ფრენები შეიძლება აკრძალოს ICAO - მ, იმდენად რამდენადაც, აფხაზეთის საჰაერო სივრცე დახურულია საერთაშორისო ფრენებისათვის ”.
აღინიშნება, რომ სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის პროექტში მონაწილეობა შესთავაზეს რუსეთის ყველა უმსხვილეს კომპანიებს, კერძოდ - ” Ренове” -ს - მაგრამ მან უარი განაცხადა პროექტში მონაწილეობაზე, იმდენად, რამდენადაც ასეთი ინვესტიციები ძალიან სარისკოდ მიიჩნია. ახლა სოხუმის აეროპორტის მართვაზე ძირითადი პრეტენდენტია რუსული ჰოლდინგი ”Новапорт” - ი. - შესაძლოა, ის გახდეს აეროპორტის კომპლექსის თანამესაკუთრე.
’’უნდა აღინიშნოს, რომ აფხაზური კანონმდებლობის მიხედვით, კერძო კომპანია არ შეიძლება იყოს ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის და აეროპორტის ფარგლებში მიწის მესაკუთრე (ასეთივე წესები მოქმედებენ რუსეთშიც), იურიდიული პირი ( მათ შორის უცხოური კაპიტალის მონაწილეობით) შეიძლება ფლობდეს მხოლოდ ტერმინალს”, - შეგვახსენებს ავტორი და ხაზს უსვამს: ” Новапорт ” - იდან წყაროს ცნობით, სრულფასოვანი რეკონსტრუქციისათვის საჭირო იქნება მილიარდობით მანეთი”. ეს - ხარჯები დაკავშირებულია გამნათებლ და სასიგნალო აღჭურვილობასთან და ტერმინალების რეკონსტრუქციასთან. ექსპერტების შეფასებით, კომპანიას პროექტი 3,5 მილიარდ მანეთზე გაცილებით მეტი დაუჯდება”.
ეპიშევის მონაცემებით, „სამუშაოების შესასრულებელი თანხების ნაწილი იგეგმება მოზიდული იქნეს რუსეთის სახელმწიფო ბანკების კრედიტების მეშვეობით. შესაძლებელია, ამ პროექტში ინვესტიციები ВЭБ - მაც ჩადოს”. ამავე დროს ის ყურადღებას მიაქცევს იმას, რომ ”ანაპის, გელენჯიკისა და კრასნოდარის აეროპორტები, მართალია სოჭიდან უფრო დიდ მანძილზე იმყოფება, მაგრამ ისინი რუსეთის ტერიტორიაზე არიან განთავსებული და თანაც ყველანაირი ინფრასტრუქტურა გააჩნიათ. რისთვის უნდა დაიხარჯოს ამდენი სახსრები აფხაზეთში, რომელსაც ისედაც ვინახავთ და გაურკვეველია, როგორ გადაგვიხდიან მომავალში?”.
ავტორი აღნიშნავს, რომ „საქართველო მსოფლიოში აღიარებულია როგორც ყველაზე დინამიურად განვითარებადი ქვეყანა”, და ეს მაშინ, როცა ბუნებრივი რესურსებით მდიდარი რუსეთი განსაკუთრებული წარმატებებით ვერ დაიტრაბახებს, მაგრამ ”კვებავს უპოვრებს, ხოლო შემდეგ ვალებს ჩამოაწერს”; მაშინ როცა რუსეთის სიღრმეში რჩებიან „სიღარიბეში, გაზისა და სითბოს გარეშე, ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობების გარეშე”.
ანდრეი ეპიშევი ხაზს უსვამს, რომ იმ სახსრებით, რომლებიც უნდა დაიხარჯოს სოხუმის აეროპორტის აღდგენაზე, ”რუსეთის ტერიტორიაზე შეიძლება სამი აეროპორტის ტერიტორიის მოდერნიზირება”, ხოლო აფხაზებმა შეიძლება მოიცადონ. „დაე, მათ თვითონ ნელ ნელა აღადგინონ, რუსეთის დახმარებების რაციონალურად განაწილების მეშვეობით“, - ასკვნის სტატიის ავტორი. – „ხოლო თუ ეს უნდათ რუსეთის გადამხდელების ხარჯზე, მაშინ გადასცენ საკუთრებაში ჩვენს კომპანიებს”.
კომენტარი